კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას

21 მაისი, 2014
 
მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმებს თავისი ხარვეზები აქვს  

ალეკო ცქიტიშვილი

მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 

ნულოვანი ტოლერანტობა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა, კერძო საკუთრების წართმევის უხეში მაგალითები, საპროცესო გარიგებების მანკიერი პრაქტიკა, იუსტიციის სამინისტროს, შსს-სა და პროკურატურის მზარდი გავლენა სასამართლო ხელისუფლებაზე - ეს და სხვა მსგავსი ტენდენციები წლების განმავლობაში აკნინებდა ქართულ მართლმსაჯულებას. 

რაც მთავარია, ამ პერიოდს ჰყავს ათასობით დაზარალებული, რომელთა დიდი ნაწილი დღესაც პატიმარია და ელოდება „სამართლიანობის აღდგენას“, როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლების სათავეში მოსული პოლიტიკური ძალა - კოალიცია „ქართული ოცნება“ გვპირდებოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.   

პატიმრების გარდა, მართლმსაჯულების ხარვეზებით დაზარალებულ მოქალაქეთა შორის არიან ყოფილი პოლიტპატიმრები, ბიზნესმენები, წამების მსხვერპლი მოქალაქეები და სხვები, რომლებიც, მართალია, საპატიმროებიდან გათავისუფლდნენ ან აღარ ექვემდებარებიან სხვადასხვა სახის დევნას, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან ჯერ კიდევ არ მომხდარა მათი სამართლებრივი თუ ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. ამ ადამიანების პრობლემებს განსაკუთრებით ის უფლებადამცველი ორგანიზაციები ხედავენ, რომლებიც უფასო სამართლებრივი დახმარების პროექტებს ახორციელებენ და შეიძლება ითქვას, პირდაპირ გრძნობენ მათ მაჯისცემას.

თუმცა, მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრა და სამართლიანობის აღდგენა არც ისე იოლი საკითხი ყოფილა, როგორც ეს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თვითონ კოალიცია „ქართულ ოცნებას“ წარმოედგინა. არჩევნების შემდგომ იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის ჩამოყალიბებას ისახავდა მიზნად. სამწლიანი ვადით შექმნილ სახელმწიფო კომისიას ექნებოდა უფლებამოსილება, შეესწავლა იმ მოქალაქეთა განაცხადები, რომლებიც თვლიან, რომ უსამართლოდ გაასამართლეს მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულებს კი ექნებოდათ უფლება, თავიანთი საქმეების გადახედვა მოეთხოვათ იმ შემთხვევაში, თუ მათ თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.

2013 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მოულოდნელად განაცხადა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესაქმნელად მისი უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტი მთავრობის გადაწყვეტილებით შეჩერდა იმ „ერთადერთი მიზეზის“ გამო, რომ ქვეყანა არ არის მზად, გასცეს მოსალოდნელი კომპენსაციები. მინისტრის განცხადებას დიდი მღელვარება მოჰყვა საპატიმროებში. როგორც 2013 წლის 2 დეკემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, ციხეებში 52 პატიმარი შიმშილობდა „უკანონო განაჩენების გადახედვის მოთხოვნით“. დეკემბრის ბოლოს უკვე 1032 პატიმარი შიმშილობდა, მათგან 18-მა პირი ამოიკერა. პროტესტის ეს ტალღა იანვარსა და თებერვალშიც გაგრძელდა. გაზაფხულზე ხელისუფლებამ შეძლო ამ საპროტესტო აქციების შეჩერება, პირველ რიგში - ისევ დაპირებით, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობა გაგრძელდებოდა. 

დღეის მდგომარეობით, დაპირება ისევ დაპირებად რჩება. მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის მექანიზმების შემუშავებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კვლავ მოითხოვს, მაგრამ პროცესი ამის იქით არ მიდის. ამიტომ ამ თემის ადვოკატირების მიზნით, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ინიციატივით, 24 აპრილს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში გაიმართა კონფერენცია - „მართლმსაჯულების ხარვეზები გარდამავალ პერიოდში და მისი აღმოფხვრის მექანიზმები“.  კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა და დონორებმა. იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სანდრო ბარამიძე თავდაპირველად დაიaნტერესდა კონფერენციის თემით, მაგრამ დღის წესრიგის გაცნობის შემდეგ განაცხადა, რომ არც ის და არც იუსტიციის სამინისტროს სხვა წარმომადგენელი ამ კონფერენციაში მონაწილეობას არ მიიღებდა. 

დღის წესრიგი მოიცავდა ხუთ მოხსენებას: 1) მართლმსაჯულების ხარვეზების შედეგები და მათი გავლენა მსჯავრდებულთა მდგომარეობაზე (მომხსენებელი: თამარ ავალიანი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი; 2) მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი  კომისია და ალტერნატიული სამართლებრივი  მექანიზმები (კახა კოჟორიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე); 3) საკუთრების უფლებები და ბიზნესის თავისუფლების  პრობლემა საქართველოში (ირაკლი კერესელიძე, ბიზნესისა და ეკონომიკის  ცენტრის სამართლებრივი  პროგრამის ხელმძღვანელი); 4) მართლმსაჯულების ხარვეზების შედეგების აღმოფხვრის პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობა (ნათია კაციტაძე, სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი); 5) მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებული სირთულეები და სახელმწიფოს როლი ამ პროცესში (სანდრო ბარამიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე). 

იუსტიციის მინისტრის მოადგილის უარის გამო, კონფერენციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან ვერ მოისმინეს პოზიცია, კონკრეტულად რა გეგმები აქვს სახელმწიფოს და კვლავ არის თუ არა ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული ქვეყანაში მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსის, თამარ ავალიანის თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პატიმრების დიდი ნაწილი ჩივის, რომ მათ მიმართ გამოტანილი განაჩენი უკონონოა და საჭიროებს გადახედვას. ამავე დროს, ამ პატიმართა უმრავლესობა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია: „სახელმწიფოს აკისრია წამების აკრძალვის პოზიტიური ვალდებულება, რაც ნიშნავს, რომ ყოველი ასეთი ფაქტი უნდა გამოიძიოს. სამწუხარო ტენდენცია გვაქვს პროკურატურაში: წამების ფაქტების გამოძიება ან არ იწყება ან დაწყებული გამოძიება არაგონივრული ვადით ჭიანურდება, პატიმართა დიდ ნაწილს დაზარალებულის სტატუსი არა აქვს მინიჭებული. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, დღემდე პრობლემად რჩება წამების მსხვერპლი პატიმრების იმ დაავადებათა მკურნალობა, რომელთა დიდი ნაწილიც სასჯელის მოხდის დროს, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისას მიიღეს. დღემდე სახელმწიფოს არ შეუქმნია მექანიზმი მათი დარღვეული უფლებების აღდგენისა, არ არსებობს ორგანო, რომელიც მათ წამების მსხვერპლის სტატუსს მიანიჭებს, ფაქტობრივად, არ ხდება მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ასევე მათთვის სათანადოდ არ არის ხელმისაწვდომი სამართლებრივი დახმარება“.  

სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნათია კაციტაძის ინფორმაციით, ომბუდსმენის აპარატში შესული განცხადებების უმეტესი ნაწილის შინაარსი მართლმსაჯულების ხარვეზებს ეხება. უფლებადარღვეული მოქალაქეები, განსაკუთრებით - პატიმრები, ითხოვენ, სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი უფლებების აღდგენა. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველის ინიციატივაა, ასეთი მექანიზმი შეიქმნას საკონსტიტუციო სასამართლოში და ამ სასამართლოს მიენიჭოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენების სამართლიანობაზე მსჯელობის უფლებამოსილება. ამავე დროს, კარგი იქნება, თუკი ეს უფლებამისილება არ იქნება დროებითი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კახა კოჟორიძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მსგავსი უფლებამისილების მინიჭებას, შესაძლოა, გარკვეული ხარვეზები ჰქონდეს, ისევე, როგორც მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრის სხვა ინიციატივებიც ვერ იქნება აბსოლუტურად იდეალური: „უკვე ვიცით, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი კომისიის შექმნის იდეასაც აღმოაჩნდა თავისი ხარვეზები. ასევე, არსებობს იდეა, რომ უზენაეს სასამართლოში შეიქმნას კიდევ ერთი პალატა, რომელიც გადახედავს წინა წლებში გამოტანილ განაჩენებს. ეს იდეაც ვერ იქნება უხარვეზო, რადგან შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რამდენად შეძლებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ამავე სასამართლოს განაჩენების ობიექტურად გადახედვას? ხოლო, თუკი პარლამენტი ამ პალატაში მოსამართლეთა ახალ შემადგენლობას დანიშნავს, რამდენად იქნებიან ეს მოსამართლეები თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან? ამ ეტაპზე უფლებადამცველებს გვრჩება ერთადერთი საშუალება - პროკურატურაში მსგავსი საქმეების წარმოების განახლება და ასევე იმ საქმეთა გამოძიებების მკაცრი მონიტორინგი, რაზეც უკვე დაიწყო გამოძიება“. 

მართლმსაჯულების ხარვეზების კვალი ეტყობა ისეთ საქმეებს, სადაც უხეშად არის დარღვეული საკუთრების უფლება და ბიზნესის თავისუფლება. შეიძლება ითქვას, ასეთ შემთხვევებს წინა ხელისუფლების პირობებში მასობრივი ხასიათი ჰქონდა. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის სამართლებრივი  პროგრამის ხელმძღვანელის, ირაკლი კერესელიძის თქმით, წინა ხელისუფლებამ ქვეყანაში შექმნა ისეთი საკანონმდებლო გარემო, რომლის გამოყენებითაც ხდებოდა ძალადობა ბიზნესზე და საკუთრების უფლების შელახვა. ბიზნესის წართმევის გავრცელებული ფორმა იყო საპროცესო შეთანხმებები. ხოლო ასეთი გზით როცა ვერ ხერხდებოდა უკანონო მიზნების მიღწევა, იწყებოდა პირდაპირი მუქარა ოჯახისა და ახლობლების მიმართ. ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ინიციატივით, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, შეიქმნება საზოგადოებრივი კომისია, რომელიც შეისწავლის ბიზნესზე ზეწოლის ფაქტებსა და ტენდენციებს. კვლევის დასრულების შემდგომ კი ექსპერტები მოამზადებენ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გაართვას სახელმწიფომ თავი გამოკვეთილ პრობლემებს. ამ იდეას მხარს უჭერს კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“. 

გარდა იმ ცნობილი მიზეზისა, რომ სახელმწიფო ვერ შეძლებს კომპენსაციების გადახდას დაზარალებულებისთვის, არსებობს კიდევ ერთი ცნობილი მიზეზი, რაზეც პროფესიულ წრეებშიც მიმდინარეობდა დისკუსია, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა საფრთხეს შეუქმნიდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას და სასამართლოს გადაწყვეტილებების გადახედვა დროებით შექმნილი კომისიის მხრიდან არ იქნებოდა გამართლებული. უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით რისკები მართლაც გასათვალისწინებელი იყო, მაგრამ საკანონმდებლო ინიციატივის გარშემო დისკუსიების გაგრძელებისა და აქტიური საჯარო განხილვების პირობებში სახლემწიფო, ალბათ, მაინც იპოვიდა გარკვეულ გამოსავალს, თუკი იარსებებდა პოლიტიკური ნება. 

განვითარებული მოვლენები უფლებადამცველებს მიანიშნებს, რომ მსგავსი პოლიტიკური ნება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. ამავე დროს, მათი თქმით, სამართლიანობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთ ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგენს წამყვან თანამდებობებზე იმ პროკურორების მუშაობა, რომლებსაც ათასობით მოქალაქის მიმართ უკანონო განაჩენის გამოტანაში მონაწილეობა აქვთ მიღებული. მთლიანობაში კი მოქალქეთა ეფექტური დაცვის უფლების გარეშე დატოვება ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. 

ახალი ამბები