კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში

7 ივლისი, 2014
 
ნინო ტლაშაძე

ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს პეიზაჟის სილამაზემ სუნთქვა შემიკრა. არ ვიცი, დამთხვევაა თუ მიზანმიმართულად ხდებიან ულამაზესი რეგიონები და ქვეყნები შეიარაღებული კონფლიქტების ასპარეზი - აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, მთიანი ყარაბახი, დნესტრისპირეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა... ყველგან ულამაზესი ბუნებაა, ფაქტობრივად - მიწიური სამოთხე.

1990-იანი წლები აღმოსავლეთ ევროპისათვის ძალიან მძიმე და სისხლიანი აღმოჩნდა. იმპერიები დაიმსხვრა, მაგრამ მათ ნანგრევებზე ახალი სახელმწიფოები უამრავი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლის ფასად წარმოიქმნა. ადამიანური და მატერიალური ზარალის მასშტაბები განსხვავდებოდა, მაგრამ ის ტრაგედია, რაც ბალკანეთის ქვეყნებმა იუგოსლავიის დაშლის შემდეგ გადაიტანეს, ყოველგვარ ზღვარს სცდება. 

1990-იან წლებში სოციალისტური იუგოსლავიის დაშლის შედეგად 7 სახელმწიფო წარმოიქმნა: სერბია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ხორვატია, კოსოვო, მონტენეგრო, მაკედონია და სლოვენია. ბალკანეთში მომხდარი სისხლიანი კონფლიქტების შედეგად დაახლოებით 100 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვები, ქალები და მოხუცები. მსხვერპლი უზარმაზარია. ამ ქვეყნებს ომის ნაკვალევი კიდევ ძალიან მკაფიოდ ატყვია.  

ბალკანეთში,  ბოსნია-ჰერცოგოვინასა და სერბიაში, პროექტ „კოალიცია ნდობის აღდგენისათვის“ ფარგლებში გავემგზავრეთ. ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი ამ პროექტს სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებს. ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია. ერთკვირიანი ვიზიტის მიზანი იყო, გვენახა, როგორ მოახერხეს სისხლიანი და სასტიკი კონფლიქტის შემდეგ ბოსნია-ჰერცოგოვინაში მუსლიმებმა , სერბებმა და ხორვატებმა ერთ ქვეყანაში თანაცხოვრება (?). (ბოსნიელი მუსულმანები საკუთარ თავს მუსლიმებს (Muslims)უწოდებენ მართლმადიდებელი სერბებისაგან განსასხვავებლად; ფაქტიურად აქ ეთნოსი და რელიგია გაიგივებულია ავტ.) 

ბოსნია-ჰერცოგოვინაში საპრეზიდენტო სკამს ერთდროულად სამი ადამიანი იკავებს 6 თვის ვადით - ბოსნიელი, სერბი და ხორვატი. მოჩვენებითი თანაცხოვრების პრობლემები პირველივე დღეს ცხადი ხდება. ეთნიკური ნიშნით განსხვავებული ქალაქები და სოფლები. სარაევოში და რამდენიმე დიდ ქალაქში სამთავრობო, ადმინისტრაციულ თუ კერძო უწყებებში სამივე თემის წარმომადგენლები მაინც ახერხებენ მშვიდობიან თანამშრომლობას და თანაცხოვრებას. ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ბავშვები ცალ-ცალკე სწავლობენ, მაგრამ არსებობს გამონაკლისები - ერთი პროექტის შესახებ გვიამბეს, რომლის ფარგლებშიც, მოხერხდა მუსლიმი და სერბი ბავშვების და მათი მშობლების ინტეგრირება. უმეტეს შემთხვევაში, სერბები და ბოსნიელი მუსულმანები ამჯობინებენ, ცალ-ცალკე იცხოვრონ და იმუშაონ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რწმუნდები, რომ ეს ოცწლიანი მშვიდობიანი თანაცხოვრება ძალიან მოჩვენებითია - გარეშე მოთამაშე ძალების მიერ ნაკარნახევ-ნაბრძანები.

აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჯერ კიდევ მოუშუშებელი ჭრილობების მერე, ძნელად წარმოვიდგენდი სხვა ქვეყნის კონფლიქტი ასე თუ შემძრავდა. სარაევო, ბოსნია-ჰერცოგოვინის ულამაზესი დედაქალაქი 1 425 დღის (თითქმის 4 წელი) განმავლობაში - 1992 წლის 5 აპრილიდან 1996 წლის 29 თებერვლამდე რესპუბლიკა სერბსკას ჯარის ალყაში იყო. ამ ისტორიამ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი და ჩემი მშობლიური ქალაქის - გორის თითქმის ათდღიანი ალყა გამახსენა. ეს ათი დღე ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე მოგონებაა, და როდესაც ხვდები, რომ მე-20 საუკუნის ბოლოს ადამიანებს უამრავი ასეთი ათი დღის გადატანა მოუწიათ აქვე ახლოს, შუაგულ ევროპაში, ვენიდან და რომიდან დაახლოებით 500 კილომეტრში, რა თქმა უნდა გიჩნდება დაუცველობისა და უსუსურობის განცდა და ყველაზე უარესი - ევროპული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა, რასაც თითქმის ყოველ მეორე ადამიანში აღმოაჩენ ბოსნია-ჰერცოგოვინაში. თითქმის ოთხი წელი დასჭირდათ ევროკავშირის ქვეყნებს, რუსეთს, აშშ-ს, რომ ერთმანეთს შორის შეთანხმებისთვის მიეღწიათ და ბოსნია-ჰერცოგოვინაში მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირება შეეჩერებინათ. ალყის დროს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - მშვიდობიანი მოსახლეობა: ბავშვები, ქალები და მოხუცებიც. ამას კი მსოფლიოს წამყვანი ლიდერები მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომი შორიდან უყურებდნენ და გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ. ადამიანები შემზარავ ისტორიებს გიყვებიან; მუზეუმში სტენდებზე სერბი კომბატანტების მსხვერპლი ქალებისა და კაცების მიერ ჰააგის ტრიბუნალზე მოყოლილი ისტორიები წერია - გაუპატიურების, წამების, ცემის და საყვარელი ადამიანების, შვილების თვალწინ მოკვლის ისტორიები თმას ყალყზე გიყენებს. 

ომის შემდეგ ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო ტრიბუნალმა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების გამო ორ სერბ მაღალჩინოსანს -სტანისლავ გალიჩს და დრაგომირ მილოშევიჩს, 29-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა; სარაევოს ალყის დროს ჩადენილი დანაშაულების გამო გრძელვადიანი პატიმრობა მიესაჯათ მომჩილო პერიშიცს  და რესპუბლიკა სერბსკას ყოფილ პრეზიდენტს რადოვან კარაჯიჩს. (პერიშიცი 2013 წლის თებერვალში 27-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა; მას სერბეთში დიდი პატივით დახვდნენ. ავტ)

სასწავლო ტურის ყველა მონაწილესათვის განსაკუთრებით მძიმე ჩვენი ვიზიტის მესამე დღე აღმოჩნდა - სრებრენიცა... სისხლით გაჟღენთილი სასაკლაო . უზარმაზარ ტრიალ მინდორზე გადაჭიმული სასაფლაო და მასზე დაკრძალული 8 372 ბოსნიელი მუსლიმი, რომლებიც რესპუბლიკა სერბსკას არმიამ 1995 წლის 11 -19 ივლისს გაჟლიტა. რადკო მლადიჩი - ამ სისხლიანი დღეების ავტორი და შემოქმედი დღესაც ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილებას ელოდება; მას ბრალი ედება ომის დანაშაულში, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებში და გენოციდში. მას და რადოვან კარაჯიჩს სარაევოს და სრებრენიცას ალყის დროს ჩადენილი სისხლიანი დანაშაულების გამო დასავლურმა მედიამ „ბოსნიის ყასბებიც“ კი უწოდა.

1995 წლის ივლისში დატრიალებულ ტრაგედიაზე სრებრენიცას მემორიალური სასაფლაოს ტერიტორიაზე ამ ტრაგედიის უშუალო მსხვერპლმა მოგვითხრო. ჰასანს სამი ძმა და მამა მოუკლეს რესპუბლიკა სერბსკას კომბატანტებმა. ის მაშინ 19 წლის იყო. სასაკლაოს მხოლოდ ის და დედა გადაურჩნენ. სულის შემძვრელია იმის მოსმენა, რომ გაეროს ცისფერჩაფხუტიანების ჰოლანდიურმა განაყოფმა საკუთარ ბაზაშიც კი არ შეიფარა 25-30 000 ბოსნიელი მუსლიმი, ვინც სრებრენიციდან მლადიჩის სისხლისმელ არმიას გამოექცა. იმის გამო, რომ გაეროს სამშვიდობო მისიას იარაღის გამოყენების უფლება არა აქვს, ჰოლანდიელმა მშვიდობის მყოფელებმა ფაქტობრივად მლადიჩის სასტიკი ჯარისკაცების პირისპირ დატოვეს ათასობით მუსლიმი ქალი და ბავშვი. ბოლოს ის მაინც მოხერხდა, რომ ბავშვები და ქალები მუსულმანებისათვის უსაფრთხო ქალაქ - ტუზლაში ავტობუსებით გახიზნეს. მამაკაცები კი, მათ შორის 12 წლის ზემოთ ბავშვებიც, დარჩნენ მლადიჩის არმიის პირისპირ. შემზარავია დედების ისტორიების მოსმენა, რომლებიც თავიანთ 12 წლის შვილებს სრებრენიცაში დააშორეს და ტუზლას გზას გაუყენეს. მას მერე შვილები აღარც უნახავთ... ბევრის გვამი ნაპოვნიც კი არაა და მიდის დნმ-ის ანალიზები. (ყოველი წლის ივლისის თვეში, სრებრენიცას ტრაგედიის წლისთავზე ახალ-ახალი საფლავები ითხრება და წინა წელს დადგენილი მიცვალებულთა სხეულების დამარხვა ხდება. სრებრენიცას მემორიალურ სასაფლაოზე ყოველ წელს 50 000ზე მეტი ადამიანი იკრიბება. ავტ). სრებრენიცაში დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის მცირე ნაწილმა მლადიჩის სისხლიან ჯალათებს გაქცევით დააღწია თავი. მთების და ტყეების გავლით ტუზლას უსაფრთხო ქალაქში წავიდნენ; გზაში რესპუბლიკა სერბსკას ჯარისკაცები მისდევდნენ და ხოცავდნენ გაქცეულებს; ზოგი შიმშილითა და უწყლობით იხოცებოდა... მხოლოდ მცირე ნაწილმა ჩააღწია უსაფრთხო ადგილამდე; მათ შორის იყო ჰასანიც და მისი დედაც. 
 სრებრენიცას მემორიალური სასაფლაო

გადარჩენილ ბოსნიელ მუსლიმებს და აფხაზეთიდან დევნილ, სვანეთის მთებზე გადმოსულ ქართველებს ბევრი საერთო ტკვილიანი მოგონება ექნებათ. 

2005 წელს გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გენოციდის ათი წლისთავისადმი მიძღვნილ სამძიმრის წერილში აღნიშნა, რომ მართალია, სრებრენიცაში დატრიალებულ ტრაგედიაში მთავარი დამნაშავეები ისინი არიან, ვინც დაგეგმეს და განახორციელეს სისხლიანი დანაშაულები, მაგრამ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების რეაქცია არ იყო ადეკვატური, გაერომ კი სერიოზული შეცდომები დაუშვა გადაწყვეტილების მიღების დროს; შედეგად სრებრენიცას ტრაგედია გაეროს სამუდამოდ შავ ლაქად გაყვება.  

გაეროს და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების დაგვიანებული და ზოგიერთ შემთხვევაში არაადეკვატური რეაქციის გამო ბოსნიელების უმრავლესობამ მათ მიმართ ნდობა დაკარგა და ყოფილი იუგოსლავიის სოციალისტური „იმპერიის“ აღდგენა უნდა. მათი გადმოცემით, ეს იმპერია საბჭოთა კავშირს არ გავდა; არ ხდებოდა რეპრესიები და ადამიანები უფრო თავისუფლად ცხოვრობდნენ; ის ევროპული სოციალისტური სახელმწიფო იყო და ყველა ერი კარგად თანაცხოვრობდა; რაც მთავარია, ერთმანეთი არ სძულდათ. ეხლა კი მათი თანაცხოვრება იმდენად ხელოვნური და ნაძალადევია, რომ შეიძლება ერთ დღეს თანამედროვე მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების მიერ ნაკარნახევი მყიფე მშვიდობა უცბად ჩამოინგრეს და ევროპის შუაგულში ახალი ტრაგედია დატრიალდეს... 

ბოსნია-ჰერცოგოვინიდან სერბეთში გავემგზავრეთ. შევხვდით რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ადამიანის უფლებებზე, კანონის უზენაესობაზე და ომის დანაშაულების გამოძიებაზე მუშაობენ. თითქმის ერთხმად აღიარებენ სერბების მიერ ჩადენილ გენოციდს. უფრო მეტიც, 2013 წელს სერბიის პრეზიდენტმა ტომისლავ ნიკოლიჩმა, შეიძლება, მოჩვენებით, მაგრამ მაინც ბოდიში მოიხადა სერბი ჯარისკაცების მიერ იუგოსლავიის დაშლის დროს ჩადენილი ყველა დანაშაულის გამო, მათ შორის - სრებრენიცაში დატრიალებული ტრაგედიის გამო; თუმცა, მან კატეგორიულად უარყო ბოსნიაში ჩადენილი გენოციდის ფაქტი.  ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ნიკოლიჩის ეს განცხადება მხოლოდ მოჩვენებითი იყო და მისი მიზანი ევროკავშირის კეთილგანწყობის მოპოვება იყო განსაკუთრებით - მაშინ, როდესაც სერბეთი ევროკავშირისა და ნატოს წევრობისაკენ ილტვის. საინტერესოა, როდის და რის ფასად „აპატიებს“ ევროკავშირი და ნატო სერბეთს იმ უზარმაზარ ტრაგედიას, რაც ყოფილი იუგოსლავიის დაშლის დროს დაატრიალეს. 

გერმანიის თითოეული მოქალაქე დღემდე იხდის „ხარკს“ მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელი ხალხის წინააღმდეგ მათი წინაპრების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო. სერბი მოსახლეობა არის ამისთვის მზად? სამწუხაროდ, სასწავლო ვიზიტის მონაწილეებმა ამ კითხვაზე ნათელი პასუხი ვერ მივიღეთ. მეორე მხრივ, ყოველგვარი სანქციების გარეშე სერბეთის ევროკავშირში და ნატოში მიღება ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდა; მაშინ უკვე ბოსნიელი მუსლიმები და კოსოველები ალბათ საბოლოოდ დაკარგავენ ამ ინსტიტუტების მიმართ ნდობას.  

ბალკანეთში ვიზიტმა მძიმე და ცრემლიანი მოგონებები დამიტოვა; ყველაზე მეტად დაუცველობის და უსუსურობის განცდა მაშინებს. ხვალ რომ მსგავსი ტრაგედია სადმე დატრიალდეს, შეძლებს კი ვინმე ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლის და უსაფრთხოების დროულად დაცვას? თუ ისევ წლები დასჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად რომ ბავშვების და უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტა შეწყდეს? დიდი იმედი მაქვს რომ ბალკანეთი მოსფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მტკივნეული ნასწავლი გაკვეთილი იყო და მომავალში მსგავსი ფაქტი აღარასდროს არ გამეორდება. 

ახალი ამბები