06:04, Thursday, 09.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ყოფილი ნევროლოგიური ინსტიტუტის მობინადრეები „თელასის“ წინააღმდეგ

29.04.2015

 
გიორგი ჯანელიძე, humanrightshouse.org

მეოცე საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან გუდამაყრის ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან  შენობაში, საკავშირო მასშტაბით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება - ნევროლოგიის ინსტიტუტი  იყო განთავსებული. მას შემდეგ, რაც ნევროლოგიის ინსტიტუტში სოციალურად დაუცველი მოქალაქეები შესახლდნენ, შენობას პროფილი შეეცვალა და სახელმწიფომ  ის ახალ მობინადრეებს გადაულოცა.  ყოფილი ნევროლოგიის ინსტიტუტში შესახლებული მოსახლეობის  დიდმა ნაწილმა ფართი დაიკანონა. სააქციო საზოგადოება „თელასმა“ ინსტიტუტის ბალანსზე არსებული  ელექტროენერგიის დავალიანება შესახლებულ ოჯახებს დააწერა და მათგან ერთ კვადრატულ მეტრზე  87  ლარის გადახდას ითხოვს.

ყოფილი სამედიცინო დაწესებულების ცხრასართულიან შენობაში 2002 წლიდან მოქალაქეთა სამი კატეგორია შესახლდა: მიწისძვრით დაზარალებულები, სოციალურად დაუცველები და უსახლკაროები. მობინადრეები ამბობენ, რომ „თელასმა“ მათ ნევროლოგიური ინსტიტუტის მიერ დაგროვილი დავალიანება არ ჩამოაწერა: „სასამართლოს გადაწყვეტილებით გაიმარჯვა  იმ 70-მა ოჯახმა, რომელმაც დავალიანება არ აღიარა.  გავიმარჯვეთ, მაგრამ თელასი უარს ამბობს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე.  ის ოჯახები, რომლებმაც ვალი აღიარეს, „თელასმა“ შეიყვანა შეცდომაში: არწმუნებდნენ, რომ თუ ჩვენ სასამართლოში გავიმარჯვებდით, ვალი მათაც ჩამოეწერებოდათ,“ - ამბობს ამხანაგობის თავმჯდომარე, ქეთევან გოლიაძე. 

კორპუსში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახებს დავალიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. მათ შორის არიან საწოლს მიჯაჭვული მოხუცები, ფეხმძიმე ქალები და მცირეწლოვანი ბავშვები. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მობილური ჯგუფის იურისტი, ეკა ქობესაშვილი  აცხადებს, რომ  ყოფილი ნევროლოგიური ინსტიტუტის ბინადრებს „თელასმა“ დავალიანების გადახდა უსაფუძვლოდ დააკისრა: „ამ ადამიანებს საცხოვრებელი ფართები სახელმწიფომ სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. წესით, მათ უფლებრივად უნაკლო ნივთი  უნდა გადასცემოდათ - დავალიანება თუ არსებობდა, ის უნდა ჩამოწერილიყო. ეს გადაწყვეტილებაშიც არის ასახული და გადაცემის ოქმშიც, მაგრამ „თელასი“ მობინადრეებისგან  1 კვ.მ-ზე 87 ლარის გადახდას ითხოვს. გამოსავალი არის ის, რომ მივმართოთ სახელმწიფოს, სახელმწიფო დაინტერესდეს ამ ხალხის მდგომარეობით, შეასრულოს თავისი ვალდებულება და მოქალაქეებს უფლებრივად უნაკლო ქონება გადასცეს  - ეს ხალხი  უსაფუძლოდ დაკისრებული ვალისგან უნდა გაათავისუფლონ“. 

„თელასის“ ნაძალადევის ფილიალის მთავარმა ოპერატორმა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, აგვიხსნა რომ ყოფილი ნევროლოგიური ინსტიტუტის დავალიანების საერთო თანხა შენობის მთლიან ფართზე გაიყო, მოქალაქეებს კი ვალის გადახდა მათი კუთვნილი საცხოვრებელი ფართის ოდენობის მიხედვით მოუწევთ.
 
ლალი შენგელიას საცხოვრებელი სახლი 2002 წელს დაეწვა. მას შემდეგ ის გუდამაყრის ქუჩის N2ა-ში ცხოვრობს: „სამივე ინსტანციაში მოვიგეთ დავა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებაში არ მოჰყავთ. „თელასმა“ არ ჩამოგვაჭრა ხანდაზმული ვალი. გარდა ამისა ახაზვითი სამუშაოებიც არ არის სწორად ჩატარებული და არც ფართია სწორად დათვლილი“. 

პრობლემის მოგვარების პროცესში ნაძალადევის რაიონის ხელმძღვანელობაც ჩაერთო. ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია  აცხადებს, რომ რაიონის გამგეობაში ოთხმხრივი შეხვედრა იგეგმება, რომელშიც ყოფილი ნევროლოგიური ინსტიტუტის შენობაში მცხოვრებ მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობას გამგეობის,  „თელასის“ და ენერგოომბუდსმენის წარმომადგენლებიც მიიღებენ: „ამ მოქალაქეების ერთი ნაწილისთვის ფუნდამენტური საკითხი საცხოვრებელი ფართის დაკანონებაა, მეორე ნაწილისთვის კი „თელასის“ წინაშე არსებული დავალიანების ჩამოწერა. გავარკვიეთ, რომ ეს დავალიანება არის იმ უწყების, რომელიც ამ შენობაში ფუნქციონირებდა: ვალი ნევროლოგიური ინსტიტუტის შენობაში ამ ხალხის შესახლებამდეა წარმოშობილი“. 

ყოფილი ნევროლოგიური ინსტიტუტის მობინადრეებს საცხოვრებელი ფართის ძირითადი ნაწილი დაკანონებული აქვთ. ამდენად, კორპუსის მობინადრეთა მთავარ პრობლემად კვლავ ელექტროენერგიის დავალიანება რჩება. ზაზა გაბუნიას  განმარტებით, პრობლემის მოგვარება ახლა „თელასზეა“დამოკიდებული. 
 
საკითხის გარკვევის მიზნით ჩვენ  სს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დავუკავშირდით, სადაც დაგვპირდნენ, რომ ამ საკითხზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთან ინტერვიუს ჩაწერაში დაგვეხმარებოდნენ, თუმცა, მათ პირობა არ შეასრულეს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC