11:08, Friday, 24.03.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

უიმედოთა სოფელი

26.10.2015

 
ლანა გიორგიძე

სამკურნალო წყლის - „ძუღურის“ შესახებ პირველად რამდენიმე დღის წინ შევიტყვე. ინფორმაციის მოძიების შემდეგ გავიგეთ, რომ „ძუღურის წყალი“ ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან იყიდებოდა. იქიდან დაიწყო ჩვენი მოგზაურობაც. გზა ძუღურამდე ქუთაისიდან ძნელად მისასვლელი აღმოჩნდა, შემოვლითი გზა კი წყალტუბოს გავლითაა. ასე აღმოვჩნდით ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელში, ზღვის დონიდან 600 მეტრზე. 

საავტომობილო გზა ორბელამდე ახალი გარემონტებულია. სოფელში, თითქმის ყველა სახლთან  ხის მორებს დაინახავთ, ფაქტია, მოსახლეობა მკაცრი ზამთრისთვის ემზადება. 

მთა-გორიან სოფელ ორბელში მისული იფიქრებთ, რომ რამდენიმე წლით უკან დაბრუნდით და იქ ჯერ კიდევ 90-იანი წლებია. უსახურ სოფლის ცენტრში ახალგაზრდები და მოხუცები მზეს ეფიცხებოდნენ და ინტერესით აკვირდებოდნენ გამვლელებს. სოფლის ერთადერთ სავაჭრო ობიექტს  პატარა, ჟანგმოკიდებული ჯიხური წარმოადგენს, სადაც ყოველდღიური საჭირო ნივთებია გასაყიდად გამოფენილი. 

სოფლის მოსახლეობას ძუღურის წყლის შესახებ ვკითხეთ, მათ კი მიმართულების ახსნის ნაცვლად თავი გადაიქნიეს და გვითხრეს, რომ იქ მხოლოდ „უაზის“ მარკის ავტომობილით მოვახერხებდით მისვლას. ასე  გავიცანით გია, ჩვენი მძღოლი და გიდი ორბელიდან -ძუღურამდე. 

საკურორტო ადგილი „ძუღური’’ მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 28 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, ზღვის დონიდან  - 1140 მეტრზე.  
ტყესა და მდინარის კალაპოტში ძნელადშესამჩნევ გზას გავუყევით, მძღოლმა კი გვითხრა, ეს გზა კომუნისტების გაყვანილია, ერთ დროს აქ ბევრი დამსვენებელი ამოდიოდა და კოტეჯებში ისვენებდაო. ძველი „ბედნიერი“ დრო გადასულა, ხისგან ნაშენი კოტეჯები დამპალა და ჩამოშლილა,  ელექტროენერგიის გადამცემი რკინის ბოძები კი დაჟანგულა და წამოქცეულა. ყველაფერი ისე გამოიყურება, როგორც სტივენ კინგის „უიმედოთა ქალაქში“.

გზად მეტყევეები შემოგვხვდნენ, შრომით დაღლილები არაყს შეექცეოდნენ. ჩვენმა მძღოლმა განგვიმარტა, სოფელში ბუნებრივი აირი არასოდეს გვინახავს, ჩვენ კი სათბობად ხეებს ვჭრით, ტყეს ვერ ვუნახავთ შვილებსაო. 

გია 
43 წლის, შრომისმოყვარე და ენერგიული გია თავის ცხოვრებაზე გვიამბობდა. ცოლ-შვილთან ერთად ცალკე ცხოვრობს, მამა 75 წლის ჰყოლია, სიმსივნით დაავადებული, სოციალურ დახმარებას იღებდა და მოუხსნესო. გია ოჯახს მგზავრების ტრანსპორტირებისაგან შემოსული თანხით არჩენს.  გზა მძიმე, წყლიან-ტალახიანი შეიძლება, დღეში 3-4 ჯერ გაიაროს. ხან „ძუღურის წყალზე“ მიჰყავს ხალხი, ხანაც „ლაშიჭალის წყალზე“.  საუბარიც უყვარს გიას, ყველა საკითხზე თავისი აზრი აქვს, კარგად მოფიქრებული და ჩამოყალიბებული. 

გზად გაოცებულები და აღფრთოვანებულები ბუნების სილამაზით ავტომობილს ვაჩერებთ. გიას ვეუბნებით, ასეთ ლამაზ ბუნებაში ცხოვრობთ, ბედნიერი კაცი ხარ... მან კი მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა - მომბეზრდა ამ ბუნების სილამაზეო. ამ დროს მთებს გახედა, სადაც ერთდროულად ანათებდა ყვითელი, წითელი, მწვანე და ყავისფერი. მართლაც რა ლამაზიაო - აღმოხდა. ეტყობოდა, რომ დიდი ხანია, არ შეუხედავს მთებისთვის, ასე თავდახრილი დადიოდა და ფიქრობდა ორბელის გასაჭირზე.  

ორბელი
სოფელ ორბელში 2002 წლის მონაცემებით, 1044 კაცი ცხოვრობს. სოფლის პირველ, უმთავრეს პრობლემად გია უმუშევრობას ასახელებს. შემდეგ კი დენის ტარიფის მომატებას. მისი თქმით, ლაჯანურჰესის გამო სოფელი მუდმივად დატბორილია, ნესტიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო კი მოსახლეობის უმეტესობას სიმსივნე აქვს. „დენი კი, იმის მაგიერ, რომ ყოველგვარი გადასახადის გარეშე მოგვცენ, 17 თეთრამდე გაგვიძვირესო“,  - გვითხრა ჩვენმა გიდმა.

სოფელს ამბულატორია, სკოლა და საბავშვო ბაღი აქვს. მოსახლეობის უმეტესობა სოციალურად დაუცველია. გია კი გაბრაზებული აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი, ფიზიკურად ჯანმრთელი პირები სახლში უსაქმოდ ჯდომას ამჯობინებენ, რათა სოციალური დახმარება დამატებითი შემოსავლის გამო არ მოუხსნან. „მთელი დღე გარეთ დგანან, ჩემზე უკეთ იცვამენ, უკეთაც გამოიყურებიან, მე კი დილიდან - საღამომდე ვშრომობ. სოციალურმა დახმარებამ გააზარმაცა ხალხი, მუშაობა აღარ უნდათ, ჩვენი ხელფასიდან ბიუჯეტში შესული თანხით ვაფინანსებთ ზარმაც ადამიანებს, ამას არ აჯობებს ყველა ადამიანს მივცეთ ჯანმრთელობის პოლისი და დავაზღვიოთ, სოციალური დახმარება კი მოვუხსნათ, ეს პროგრამა საერთოდ გასაუქმებელი და გადასახედია“, - ამბობს ჩვენი გიდი.
სოფელში არც ინტერნეტია, არც  - ბიბლიოთეკა და არც სხვა რამ შემეცნებისა და გართობის საშუალება. 
„პატრონი არ ჰყავს ორბელს, ნინო ბურჯანაძე ორჯერ იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ორჯერ კი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მისი სოფელი კი არასოდეს გახსენებია. იმასაც კი უარყოფს ორბელიდან რომ არის და მუდმივად უსვამს ხაზს, რომ იმერელი ბურჯანაძეა. ნინოს მამაც არ ანებივრებს სოფელს, ეკლესიის აშენებას დაგვპირდა და დანაპირები არ შეასრულა. სოფელში მისი მამა-პაპის სახლი რამდენჯერმე გაუძარცვავთ, ალბათ, ამიტომ დაივიწყეს ორბელი“,- ამბობს გია და მიუყვება ძუღურის აღმართებს.

ძუღური
კურორტ ძუღურში ამოდის მჟავე წყალი, რომელიც მრავალ დაავადებას კურნავს. მათ შორის დიაბეტს, თუმცა საწყის ეტაპზე. საკურორტო ადგილიდან 3 კმ-ის მოშორებით მდებარეობს ე.წ. „უძირო ტბა“. წყლის შესახებ ალბათ, ბევრს არც კი სმენია აქამდე. ერთ-ერთმა ებრაელმა ბიზნესმენმა კი ძუღურის წყალი თბილისში ჩამოიტანა და ძუღურის წყლით პურის მომზადება დაიწყო. პურს შაქრის შემცველობა ნულამდე აქვს დაყვანილი, ამიტომ იყიდება, როგორც დიაბეტური პური. როგორც გია გვიამბობს, მალე ამ წყლის ჩამოსხმა იგეგმება და ყველა ადამიანი გაიგებს მისი სასარგებლო თვისებების შესახებ.  
ძუღურის წყალი გაზიანი, მჟავე დასალევია. იქვე ადვილად შესამჩნევია ჟანგისფერი მდინარე, რაც წყალში რკინის მაღალი შემცველობითაა გამოწვეული.

ჩვენი გიდი ქუთაისში  ძუღურის წყლის დისტრიბუციაზეც გვაწვდის ინფორმაციას. მისი თქმით, აპრილში, როდესაც მთაში მისასვლელი გზა თოვლის გამო ამოქოლილი იყო,  1 ლიტრ წყალს 1 ლარად ჰყიდდა კაცი, რომელიც ხალხს ატყუებდა და გაურკვეველი წარმოშობის წყალს სთავაზობდა. 
სწორედ ასეთი ხალხი აფუჭებს საქმეს - დანანებით ამბობს ჩვენი მძღოლი და ბინდგადაკრულ მთებს ავლებს თვალს. თან ჩურჩულით ამბობს - „მაინც რა ლამაზია ეს მთები, რა ფერებია“. ბუნებაზე კვლავ შეყვარებულ გიას მობილურის ხმა აფხიზლებს, 6 საათზე ორბელში დაბრუნებულს გეზი ამჯერად ლაშიჭალისკენ აქვს. ჩვენ კი ახლადგაცნობილი ორბელის პრობლემებითა და წყლით სავსე ჭურჭლით ვბრუნდებით უკან იმავე მიმართულებით...


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

უიმედოთა სოფელი
სამკურნალო წყლის - „ძუღურის“ შესახებ პირველად რამდენიმე დღის წინ შევიტყვე. ინფორმაციის მოძიების შემდეგ გავიგეთ, რომ „ძუღურის წყალი“ ქუთაისში ჯაჭვის ხიდთან იყიდებოდა. იქიდან დაიწყო
ვრცლად...
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC