კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კუდები გვაკვირვებს

29 მარტი, 2016
 
ალეკო ცქიტიშვილი

ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს გამოწვეულია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების უკანონოდ გავრცელების ფაქტებთან, რამაც ბოლო პერიოდში კიდევ ერთხელ აღაშფოთა საზოგადოება. 

25 მარტს კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპროტესტო აქცია გამართეს მთავარი პროკურატურის წინ. აქციაში, ტრადიციულად, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებიც ვმონაწილეობდით.

ამ აქციით ხელისუფლებას, კონკრეტულად კი მთავარ საგამოძიებო ორგანოს -პროკურატურას შევახსენეთ, რომ მას აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა და ვალდებულია, მოკლე დროში გამოიძიოს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების უკანონოდ გავრცელების ფაქტები, რითაც ბოროტმოქმედები პოლიტიკოსებისა და სხვა საჯარო პირთა შანტაჟს ეწევიან. 

სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ პროკურატურა უსუსურია და რაიმე ხელშესახები შედეგები ჯერ არა აქვს. სხვა მოლოდინი არც გვქონდა, რადგან პროკურატურამ ვერ დააღწია თავი მთავრობის გავლენებს და მისი დამოუკიდებლობა კვლავ აუსრულებელი ოცნებაა. 

ამ ვითარებამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის საჭიროება, რაზეც ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუტების პირდაპირი რეკომენდაციები არსებობს. სახალხო დამცველი და არასამთათავრობო ორგანიზაციებიც რა ხანია, უშედეგოდ ვაყენებთ დღის წესრიგში საკითხს, შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს. 

პოლიტიკოსთა და სხვა საჯარო პირთა ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას ამჟამად ახორციელებს შსს და უსაფრთხოების სამსახური. იმ პირობებში, როდესაც ამ საგამოძიებო მოქმედებების არანაირი კონტროლი არ არსებობს და ფარული თვალთვალისა და მიყურადების მთელი ბერკეტი ამ ძალოვანი უწყებების ხელშია, კვლავ რჩება საფრთხე, რომ რომელიმე ძალოვანი მაღალჩინოსანი ბოროტად გამოიყენებს თავის უფლებამოსილებას - ერთი მხრივ, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას განახორციელებს კანონდარღვევით, მეორე მხრივ კი, ამ უკანონო ჩანაწერებს შეინახავს სხვადასხვა პირთა დაშანტაჟების მიზნით. შსს-ს რეფორმამდე და ორ ნაწილად გაყოფამდე ამ საგამოძიებო მოქმედებებს მარტო შსს ახორციელებდა, ამჟამად კი უსაფრთხოების სამსახურიც აღიჭურვა ანალოგიური უფლებამოსილებით, რაც საქმეს ორმაგად ართულებს. 

სახელმწიფოს არა აქვს შემუშავებული ფარული მიყურადებისა და თვალთვალის კონტროლის ეფექტური მექანიზმები. კამპანია „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ“ სწორედ ამ ნიადაგზე დაიწყო და გაგრძელდება მანამ, ვიდრე ადამიანების მიყურადებასა და თვალთვალს სამართალდამცველი ორგანოები არ განახორციელებენ საუკეთესო ევროპული პრაქტიკისა და სტანდარტების დაცვით.

უკანონო ჩანაწერების გავრცელებას მოჰყვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინიციატივა კანონის გამკაცრების თაობაზე. ინიციატივა დროულია, მაგრამ ამას შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მცირე ეფექტი. თუკი სისტემური ცვლილებები არ განხორციელდება, სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლის გამკაცრება ხელშესახებ შედეგს არ მოიტანს.

გარდა ამისა, აუცილებელია, შეიქმნას კომისია, რომელიც გააკონტროლებს შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული უსარგებლო ფარული ჩანაწერების განადგურების პროცესს. ამ კომისიის არარსებობის პირობებში, ფარული მიყურადება და თვალთვალი, ფაქტობრივად, გრძელდება ისეთივე უკონტროლო პირობებში, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების პერიოდში, რომელმაც „მოახერხა“ და მძიმე მემკვიდრეობად დაგვიტოვა მიწაში დამარხული ათასობით უსარგებლო ვიდეო თუ აუდიოფაილი, რომლებშიც მსჯავრდებულთა წამებისა და საჯარო პირთა პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური დეტალებია ჩაწერილი. ერთხელაც, ეს ხელისუფლებაც როცა შეიცვლება, მსგავსი „განძი“ მიწაში შეიძლება კვლავაც აღმოვაჩინოთ. გამოდის, რომ წრეზე ვბრუნავთ - არაფერი იცვლება და საზოგადოება ისევ დაუცველია.

პრემიერ მინისტრმა დაგმო პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების ფაქტი და პირობა დადო, რომ ყველა ღონეს იხმარდა დამნაშავეთა გამოსავლენად. ამ გამოსვლამ იაკობ გოგებაშვილის „მამლის ქურდი“ გამახსენა. პრემიერ-მინისტრის ფიცი რომ დავიჯეროთ, მთავარ ეჭვმიტანილებს - შსს-სა და უსაფრთხოების სამსახურს ხალათქვეშ მოპარული მამლების კუდები არ უნდა უჩანდეთ. ეს კუდები ბოლო დროს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის კალთებიდანაც საეჭვოდ მოჩანს. საზოგადოება კი უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერების გავრცელების მორიგ ტალღას ელოდება. 


ფოტოებზე: 2016 წ. 25 მარტი, აქცია მთავარ პროკურატურასთან

ახალი ამბები