კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების მსხვერპლი ყოფილი მსჯავრდებული სასჯელაღსრულების სამინისტროსგან 160 000 ლარის კომპენსაცია მოითხოვს

16 ივნისი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან ცემა-წამებაში დაზარალებულად ცნობილი კიდევ ერთი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა სასამართლოს სარჩელით. ყოფილი მსჯავრდებული, პაატა ფხოველიშვილი ითხოვს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაეკისროს დანაშაულის შედეგად მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება, 160 000 ლარის ოდენობით.

ასობით მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ყოფნისას, წლების განმავლობაში, არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი იყო, რამაც მათ ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. მსხვერპლთა ნაწილი აღიარებულია დაზარალებულად დაწესებულების თანამშრომელთა მხრიდან განხორციელებულ ცემასა და წამებაში. ადამიანის უფლებათა ცენტრი რამდენიმე დაზარალებულის ინტერესებს იცავს სასამართლოში, სადაც განიხილება მათი სამოქალაქო სარჩელები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წინააღმდეგ.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვადასხვა დაწესებულების თანამშრომლები ცემდნენ და აწამებდნენ  პატიმრებს, რაც 2012 წლამდე წარმოადგენდა სისტემურ დანაშაულს საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში . 

ერთ-ერთ დაზარალებულს წარმოადგენს ყოფილი მსჯავრდებული პაატა ფხოველიშვილი , რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას არაადამიანური მოპყრობისა და წამების მსხვერპლი იყო, რამაც მის ჯანმრთელობაზე მძიმე კვალი დატოვა. დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, #16 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადგილი ჰქონდა პაატა ფხოველიშვილის ცემა-წამებას, რის შედეგადაც მას მიყენებული აქვს ფიზიკური და მორალური ზიანი.

სასამართლოს განაჩენის თანახმად, სასჯელაღსრულების მოხელეები, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მსჯავრდებულებს ჯგუფურად აწამებდნენ 2006-2012 წლებში. ამ წლებში ისინი მუშაობდნენ სასჯელაღსრულების #16 დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობებზე და იყვნენ მოხელეები. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ მათ ჩაიდინეს წამება - პირისათვის ისეთი მოპყრობა, რომელიც თავისი ხასიათით, ინტენსივობით და ხანგრძლივობით, იწვევს ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ფსიქიკურ და მორალურ ტანჯვას.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ითხოვს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეებში დაზარალებულად ცნობილმა პირებმა უშუალოდ დამნაშავედ ცნობილი ყოფილი თანამდებობის პირების წინააღმდეგ იჩივლონ სასამართლოში და არა სახელმწიფოს (სამინისტროს) წინააღმდეგ. 
ადამიანის უფლებათა ცენტრი კი მიიჩნევს, რომ სწორედ სახელმწიფოა პასუხისმგებელი ყოველ ადამიანზე, რომელიც იმყოფებოდა პატიმრობაში, რადგანაც  პატიმარი მთლიანად სახელმწიფოს ძალაუფლების ქვეშაა. დაზარალებულებს, რომლებსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მიადგათ  ფიზიკური და მორალური ზიანი, უფლება აქვთ, მოითხოვონ კომპენსაცია სახელმწიფოსგან და არა კონკრეტული დამნაშავე პირებისგან.

მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით, კომპენსირებას ექვემდებარება როგორც დანაშაულის შედეგად ხელყოფილი ქონებრივი სიკეთე, ასევე დაზარალებულის გაუარესებული ჯანმრთელობის რეაბილიტაციისთვის გაწეული ან გასაწევი დანახარჯები. ასევე, აღიარებულია დაზარალებულის უფლება, მოითხოვოს მორალური ზიანის კომპენსაცია. 

სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მექანიზმს, რომელიც აწესრიგებს ინდივიდსა და სახელმწიფოს, ასევე კერძო პირებს შორის არსებულ სადავო ურთიერთობებს, უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისაგან დაცვას.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ნაბიჯებია გადადგმული 2012 წლამდე საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ნაწამები მსჯავრდებულების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისათვის. ამ ვითარებაში ორგანიზაცია ერთ-ერთ გზად ხედავს წამების მსხვერპლი კონკრეტული მოქალაქეებისათვის მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურებას, რაზეც მათ სამართლებრივად ეხმარება საერთო სასამართლოებში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები