04:16, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საკაბელო ტელევიზიები ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესში

30.09.2016

 
ლანა გიორგიძე

29 სექტემბერს თბილისის რიტუალების სასახლეში, „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - საქართველოს საკაბელო ტელევიზიების დღეები - „მესამე ათასწლეული ერთად“.

კონფერენციას დაესწრნენ საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლები: ლატვიიდან, ლიტვიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან და ა.შ. მოწვეულმა სტუმრებმა წარმოადგინეს მოხსენებები, თუ რა სიახლეები დაინერგა მათ ქვეყნებში, კონკრეტული მაგალითების მოსმენითა და გაზიარებით კი ქართველი საკაბელო ტელევიზიების წარმომადგენლები შეძლებენ ბიზნესის განვითარებას.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სხვადასხვა თემატურ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის იყო: საავტორო და მომიჯნავე უფლებები, ციფრული მაუწყებლობა და ციფრული ტექნოლოგიები და ასე შემდეგ.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რის შესახებაც მომხსენებლებმა ისაუბრეს, არის - არამართლზომიერი კონტენტის გავრცელება, რაც თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის საკაბელო ოპერატორებს. შეხვედრაზე ჩვენ ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება ვიბრძოლოთ პრობლემის მოსაგვარებლად“, - აღნიშნა „საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეონა ბერუაშვილმა.

საკაბელო ტელევიზიების კავშირის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ მცირე საკაბელო ოპერატორებს პრობლემები შეექმნათ.

„საკაბელო ოპერატორები იძულებული იყვნენ, გარდაექმნათ სიგნალი ანალოგურ სიხშირეში, რათა მომხმარებლებისათვის არ გაეთიშათ მაუწყებლობა. ჩვენი მიზანია, მივიღოთ უფრო მეტი ინფორმაცია, თუ როგორ გადავიდეთ ციფრულ მაუწყებლობაზე და ავუწყოთ ფეხი მიმდინარე სიახლეებს. თუმცა, ამ ყველაფერს დიდი ინვესტიციები სჭირდება. დიდ ხარჯს უკავშირდება მართლზომიერი კონტენტის შენარჩუნება. ასევე, ხარჯებთანაა დაკავშირებული სისტემის ტექნიკურად გამართვაც. ეს პრობლემები საქართველოს რეგიონებში უფრო შესამჩნევია, რადგან რეგიონებში გადახდისუნარიანი მომხმარებელი ნაკლებია“, - განაცხადა თეონა ბერუაშვილმა.

კონფერენციაზე საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნათია კუპრაშვილმა ისაუბრა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ და რეკომენდაციები მისცა საკაბელო ოპერატორებს.

„საკაბელო ოპერატორებს აქვთ ერთგვარი შიში ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის, რადგან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ზრდის უფასო მაუწყებლების რიცხვს. მიუხედავად იმისა, რომ არხების რაოდენობა გაიზარდა, საკაბელო ოპერატორებს რჩება ნაწილი აუდიტორიისა, ამიტომ ჩემი რეკომენდაციია, არა ერთმანეთთან ბრძოლა, არამედ ძალების გაერთიანება. ერთი მხრივ, რჩება გამოუყენებელი სიხშირული რესურსი, რომლის გამოყენებაც შეუძლია „ფეი თივი ოპერატორებს“. ეს მათ საშუალებას აძლევს, მეტი არხი დაამატონ და მათი სოციალური პაკეტი უფრო მიმზიდველი გახადონ. ვფიქრობ, რომ ყველამ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ჰიბრიდულ „სეტ ტოპ ბოქსებს“, რათა აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი გახდეს უფასო მაუწყებლობა. ამ შემთხვევაში საკაბელო ოპერატორები მაყურებლებს დამატებით პაკეტებს მიჰყიდიან. ეს აუდიტორიისთვის ძალიან მიმზიდველი იქნება. ჩვენ მზად ვართ, მსგავსი ტიპის თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ნათია კუპრაშვილმა.

კუპრაშვილის თქმით, თუ საკაბელო ოპერატორები მის რეკომენდაციას გაითვალისწინებენ, ეს წარმატებას მოუტანს როგორც მათ, ასევე ადგილობრივ მაუწყებლებსაც. 

„სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი აქტორები იყვნენ სტაბილურად მოქმედნი. შეხვედრაზე გამოითქვა ვარაუდი, რომ ქართული არხები, შესაძლოა, 100-მდე გაიზარდოს. ამ ეტაპზე მაუწყებლობს 64 არხი, რაც მიმაჩნია, რომ არ არის ადეკვატური რეალობა იმის, თუ რა ბაზარი გვაქვს ქვეყანაში. სარეკლამო ბაზარი კი ორი ტელევიზიის შენახვასაც არ ჰყოფნის. ეს აჩვენებს, რომ არხების სუბსიდირება ხდება და არ მოძრაობს „პატიოსანი ფული“. შესაბამისად, ასეთი რესურსი ამოწურვადია, რის გამოც არხების რაოდენობა აღარ გაიზრდება. საბოლოოდ, კი მივიღებთ სტაბილურ მაუწყებლობას, რომელთა გაძლიერება არის არსებითად მნიშვნელოვანი, მათ შორის საკაბელო ოპერატორებისთვის. ზოგადად, ჯობს, რომ მთლიანი პროდუქტი იზრდებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევქმნათ იმგვარი სტრატეგია, რომ საქართველოში მოგროვებულ ფულს, უმეტესწილად, ვხარჯავდეთ საქართველოში, რაც ეკონომიკის განვითარებასაც შეუწყობს ხელს“, - განაცხადა საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნათია კუპრაშვილმა.

64 ქართულ არხთაგან, რომელი სარგებლობს პოპულარობით მაყურებლებში და, ძირითადად, რა შინაარსის გადაცემებს უყურებს ქართველი მაყურებელი, ამის შესახებ კონფერენციაზე მოხსენება კომპანია “თი ვი ემ-არ საქართველო“-ს ხელმძღვანელმა, ნინო გოგოლაძემ გააკეთა. გოგოლაძის თქმით, 2016 წლის მონაცემებით, საქართველოში მაღალრეიტინგული ქართული არხებია: „რუსთავი 2“, „იმედი“ და „მაესტრო“.

„იმის დასადგენად, თუ რომელ ქართულ თუ უცხოურ არხებს უყურებს ქართული აუდიტორია, კომპანია „თი ვი ემ-არ საქართველო“ ატარებს საბაზისო მასშტაბურ კვლევას, შემდეგ კი შემთხვევითი შერევის გზით, ირჩევს რესპონდენტებს, რომელთაც ვთავაზობთ კვლევაში მონაწილეობას. ჩვენ ვიკვლევთ აუდიტორიას საქართველოს შვიდ ქალაქში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 45 000 -ს აღემატება, ესენია: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ფოთი, ზუგდიდი და ბათუმი“, - აღნიშნა ნინო გოგოლაძემ.

გოგოლაძის თქმით, კომპანია 2005 წლის 1 იანვრიდან, უწყვეტ რეჟიმში იკვლევს, თუ რას უყურებს ქართველი მაყურებელი. მისივე თქმით, ქართულ არხებთან შედარებით ძალიან მცირეა უცხოურ არხებთა ტელეყურების ხვედრითი წილი, რაც საერთო ტელეყურებიდან 11 %-ს შეადგენს. 

„საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირის“ ორგანიზებული საქართველოს საკაბელო ტელევიზიების დღეები - „მესამე ათასწლეული ერთად“ 1 ოქტომბერს დასრულდება. 


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC