04:10, Thursday, 22.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სკოლა კოლმეურნეობის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში

12.12.2016

 
 ნურანა მამმადი

მარნეულის რაიონის სოფელ ყულარში ორი სკოლაა: ერთი აზერბაიჯანულენოვანი, ხოლო მეორე  - რუსული. ორივე სკოლის შენობას კაპიტალური შეკეთება სჭირდება. თუმცა, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აზერბაიჯანულენოვანი სკოლაა, რომელიც საბჭოთა პერიოდის კოლმეურნეობის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული: სკოლაში, სადაც 91 მოსწავლე სწავლობს, კედლები დაბზარულია, კარ-ფანჯარა ჩამტვრეული, სახურავიდან კი წყალი ჩამოდის. იმ სკოლებს შორის, რომლებსაც  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული 2016 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა, ყულარის აზერბაიჯანულენოვანი სკოლა ვერ მოხვდა: სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ყულარის  სკოლის  მდგომარეობის შესახებ საბოლოო დასკვნა ჯერ მიღებული არ არის.

ყულარის აზერბაიჯანულენოვანი სკოლის აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ისმიხან მურსაგულოვი  აცხადებს, რომ საკლასო ოთახები შეშის ღუმელით სათანადოდ ვერ თბება: „ოთახები მუდმივად ნესტიანია, რადგან წვიმის დროს სახურავიდან წყალი ჩამოდის. კარ-ფანჯარაც შესაცვლელია. ამის გამო საკლასო ოთახებში მუდმივად სიცივეა, რაც მოსწავლეთა დასწრებაზე უარყოფით გავლენას ახდენს: ხშირად ბავშვები ბოლო გაკვეთილებზე აღარ რჩებიან. იმისთვის, რომ კედლების შესაღებად საჭირო საღებავი გვეყიდა, ფული მასწავლებლებმა შევაგროვეთ. რამდენიმე ახალი დაფის შესაძენადაც თანხა ჩვენ დავდეთ.”

ინგლისური ენის მასწავლებელი, ტარიელ ჰასიევი ამბობს, რომ სკოლას კაპიტალური შეკეთება და განახლება სჭირდება: „სახურავი ძალიან ძველია. წვიმის დროს შენობაში ისევე წვიმს, როგორც გარეთ. სკოლას კაპიტალური რემონტი სჭირდება.“

ასეფ ალიევი ყულარის სკოლაში 2003 წლიდან ასწავლის. ის გეოგრაფიის მასწავლებელია.  ასეფი მიიჩნევს, რომ  სკოლის შენობასთან ერთად განახლება სასკოლო ინვენტარსაც სჭირდება: „გეოგრაფიის კაბინეტი საკუთარი ფულით შევარემონტე.  სკოლის თითქმის ყველა კარ-ფანჯარა ჩამტვრეულია. ამის გამო ზამთარში საკლასო ოთახების გათბობა ძალიან გვიჭირს. დაფებიც ძველი და დამტვრეულია. სკოლაში გვაქვს 2 კომპიუტერი, მაგრამ არ გვაქვს ინტერნეტი. ამის გამო მოსწავლეებიც მოწყვეტილები არიან თანამედროვე სამყაროს და ჩვენც ხელი გვეშლება მუშაობაში. ჩვენი  საქმიანობისთვის ინტერნეტი აუცილებელია. იმისთვის, რომ განათლების სამინისტროში ელექტრონული წერილი გავგზავნოთ, რუსულ სკოლაში უნდა გადავიდეთ. ინტერნეტი მათ აქვთ, ჩვენ კი არა. არადა ჩვენს სკოლებს ერთმანეთისგან სულ რაღაც 1 კმ აშორებს.” 

სკოლის დირექტორი, ჰუმბეთ სულეიმანოვი ამბობს, რომ სკოლა საბჭოთა პერიოდის კოლმეურნეობის ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაშია განთავსებული: „თქვენ თვითონაც ხედავთ, კედლები საშინლად არის დაბზარული, სახურავიდან წყალი ჩამოდის და ამის გამო სკოლაში სინესტეა. ჩვენს სოფელში ბუნებრივი აირი არის, მაგრამ  ცენტრალური გათბობა არა გვაქვს. საკლასო ოთახებს შეშის ღუმელით ვათბობთ. იმედი გვაქვს, განათლების სამინისტრო ყურადღებას მოგვაქცევს, შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება და ცენტრალური გათბობაც დამონტაჟდება.”

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოში  862 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. 2016 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად კი სულ 511 საშუალო სკოლა უნდა შეკეთებულიყო. იმ სკოლებს შორის, რომლებსაც გეგმის თანახმად, რეაბილიტაცია უნდა ჩატარებოდა, ყულარის აზერბაიჯანულენოვანი სკოლა ვერ მოხვდა. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ 
ყულარის  სკოლის  მდგომარეობის შესახებ საბოლოო დასკვნა ჯერ მიღებული არ არის:
“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო საჯარო სკოლებში არსებულ პრობლემებს დადგენილი პრიორიტეტების მიხედვით სწავლობს. საჯარო სკოლებიდან,   საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან შემოსული კორესპონდენციის მიხედვით და სააგენტოს თანამშრომლების მიერ  საჯარო სკოლების დათვალიერება/შესწავლის შემდგომ   ხდება  მომავალი წლის სამოქმედო გეგმის ფორმირება. 2015 წელს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს მიერ განხორციელდა 862 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. 2016 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით დაგეგმილია სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, მათ შორის არის ეთნიკური უმცირესობებით დასახელებული რეგიონები. რაც შეეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულარის  საჯარო სკოლას, ავარიულობის გამორიცხვის მიზნით, მიმდინარეობს დაკვირვება. ამის შემდგომ გახდება ცნობილი,  რენტაბელური იქნება თუ არა შენობის გამაგრება,” - აცხადებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, თამარ მინდიაშვილი.
როგორც საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში აცხადებენ, სააგენტო სკოლის რეაბილიტაციის პროექტს დაკვირვების დასრულებისთანავ მოამზადებს. 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC