08:17, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პატიმრებს საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის უფლება შეეზღუდათ

19.12.2016

 ლანა გიორგიძე

„ჩვენთან, №6 ციხეში, 5 ნომერზე დარეკვის უფლება გვაქვს - თვეში 10 წუთით. არასამთავრობო ორგანიზაციებთან დარეკვას კი არა, ოჯახის წევრებთან დარეკვას ვეღარ ვახერხებთ. ოჯახებს გვინგრევენ და გარე სამყაროსთან კავშირს გვიკლავენ. თვეში ერთხელ, 10 წუთი სად უნდა დავრეკოთ, ათასი რამე გვჭირდება და რომელი ერთი მოვაგვაროთ არ ვიცით. 4 წლის შვილს ვერ ვურეკავ, ეს არის ამათი დემოკრატია?! ამ საკითხზე ალბათ ყველა პარლამენტარისთვის გვაქვს მიწერილი, თუმცა ხმას არავინ იღებს. გრძელვადიანი პაემნებიც აღარ გვაქვს, ყველანაირად გვაუბედურებენ. ხალხი მწყობრიდან გამოჰყავთ“, - წერს №6 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებული ადამიანის უფლებათა ცენტრს. 

ეს წერილი ერთ-ერთია იმ უამრავ წერილთა შორის, რაც ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიიღო. პატიმრებისთვის საკომუნიკაცო საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა 15 დეკემბერს პრესკონფერენცია გამართეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი ეწინააღმდეგება მსჯავრდებულთათვის საკომუნიკაციო საშუალებებით სარგებლობის შეზღუდვას, რასაც ბოლო პერიოდში ადგილი აქვს პენიტენციურ დაწესებულებებში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს განცხადებით მომართეს როგორც მაღალი რისკის ისე დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფმა მსჯავრდებულებმა. პატიმრები საუბრობენ პენიტენციურ დაწესებულებაში სატელეფონო კავშირის შეზღუდვასა და კონტროლზე. კერძოდ, პატიმრებისათვის სავალდებულო გახდა სპეციალური ბლანკის შევსება, სადაც მათ უნდა მიუთითონ ტელეფონის ნომრები (5 ნომერი განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში და 10 - დაბალი რისკის დაწესებულებაში), ამ ნომრების მფლობელთა სახელი, გვარი და მათი ნათესაური კავშირი პატიმართან. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, პატიმრები სატელეფონო კავშირის განხორციელებას ვერ შეძლებენ“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ.
აღნიშნულს მოწმობს ქსნის №15 დაწესებულების მსჯავრდებულის წერილიც, სადაც იგი საუბრობს პენიტენციალურ დაწესებულებებში საკომუნიკაციო შეზღუდვებისა და კონტროლის შესახებ.
„ქსნის №15 დაწესებულებაში (ალბათ ყველა დაწესებულებაში),  დაახლოებით, 5-6 თვის წინ შეიცვალა კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ტელეფონებით მომსახურებას. მანამდე გვემსახურებოდა კომპანია „პალიკომი“, რომლის საშუალებითაც შეგვეძლო შეუზღუდავად  ნებისმიერ აბონენტთან დაკავშირება. დღეისთვის, „პალიკომის“ მხოლოდ რამდენიმე აპარატია ჩართული, რომლებსაც, როგორც ამბობენ, უახლოეს დღეებში გათიშავენ.
ახალი კომპანიის შემოსვლის შემდეგ დამონტაჟდა ახალი აპარატები და შეიცვალა მათი სარგებლობის წესები და პირობებიც. კერძოდ: დარეკვა შეგვიძლია მხოლოდ 10 ნომერზე. ამ 10 ნომრის ჩართვისთვის ივსება ბლანკი, სადაც ითხოვენ 10 ნომრის მფლობელის სახელებსა და გვარებს, ნათესაურ კავშირს. წინააღმდეგ შემთხვევაში ნომერი არ ჩაირთვება. რამდენად კანონიერია ის, რომ იძულებული ვართ სამინისტროს მივაწოდოთ ჩვენი ოჯახის წევრების პერსონალური ინფორმაცია?!“, - წერს მსჯავრდებული ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმდინარე წლის 10 დეკემბერს. 
მსჯავრდებულის ინფორმაციით, იგი ვეღარ უკავშირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, მეგობრებსა და ნათესავებს. 
სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დარახველიძე ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მსგავსი შეზღუდვები სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება: „პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით პირდაპირ არის განსაზღვრული, რომ ზარები უნდა განხორციელდეს წინასწარ შერჩეულ სატელეფონო ნომრებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პატიმრებს ეკრძალებათ სახალხო დამცველთან დაკავშირება. ნომრების შეზღუდვის მიზანია, დაცული იყოს პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოება. საქართველო ამ მიმართულებით ნოვაცია არ არის, სხვა ქვეყნებშიც გამოიყენება მსგავსი შეზღუდვები“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის თქმით კი, პატიმრობის კოდექსში საუბარი არ არის წინასწარ შერჩეულ ნომრებზე. კერძოდ, პატიმრობის კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის, უფლება აქვს: გ) 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 4 სატელეფონო საუბარი, თითოეული არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით - ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული - არა უმეტეს 15 წუთისა.

დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, მსჯავრდებულს უფლება აქვს: გ) ერთი თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით - ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული - არა უმეტეს 15 წუთისა.

2016 წლის 1 იანვრიდან სატელეფონო კავშირების შეზღუდვა გავრცელდა ბრალდებულ პატიმრებზეც. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის თქმით, პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას უფლება აქვს: ადმინისტრაციის კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული არაუმეტეს 15 წუთისა, თუმცა ამ მუხლით დადგენილი უფლება ბრალდებულს შეიძლება, შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
„კანონის აღნიშნულ დათქმას გამომძიებელი და პროკურორი ხშირ შემთხვევაში არაკეთილსინდისიერად იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის, რათა ბრალდებულისგან მიიღონ მათთვის სასურველი ჩვენება“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ლომიძის თქმით, მათთვის ასევე ცნობილი გახდა პენიტენციურ დაწესებულებებში უცხო ქვეყნის მოქალაქე-პატიმართა  კორესპონდენციით სარგებლობის უფლების დარღვევის შესახებ.
„უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრები კორესპონდენციის გაგზავნის უფლებით ფაქტობრივად ვერ სარგებლობენ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ კატეგორიის მსჯავრდებულებს კორესპონდენციის გაგზავნისას უწევთ,  სულ მცირე, 90 ლარის გადახდა. აღნიშნული საფასური 10-ჯერ აღემატება ჩვეულებრივ საფოსტო მომსახურების საფასურს, რითაც საქართველოს მოქალაქე პატიმრები სარგებლობენ. სამინისტრო პირდაპირ არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულებს საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებთან. შეუსაბამოდ მაღალი ტარიფის გამო, უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებული პრაქტიკულად მოკლებულია შესაძლებლობას, ისარგებლოს პატიმრობის კოდექსით გარანტირებული-კორესპონდენციის გაგზავნის უფლებით“, - განაცხადეს პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ეკა ლომიძემ წერილობით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, რაზეც სამინისტროდან ეცნობა, რომ ბაზრის კვლევის შედეგად შეირჩა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ფასებისა და პირობების ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შესთავაზა სამინისტროს.
 „საფოსტო მომსახურების განმახორციელებელი კომპანიის შერჩევისასთვის საფოსტო მომსახურების პირობების გაუმჯობესებისა და ბაზრის კვლევის მიზნით, ოცამდე საფოსტო მომსახურების პოტენციურ შემსრულებელს ეთხოვა, წარმოედგინა შეთავაზება (ფასები/პირობები) აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებით, რომელთაგან მხოლოდ შპს „საქართველოს ფოსტამ“ და შპს „სკს“ TNT-მ წარმოადგინა შეთავაზება გარკვეული პირობებით. წარმოდგენილი წინადადებიდან, ფასებისა და პირობების გათვალისწინებით, შერჩეულ იქნა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც მოგვაწოდა შპს „სკს” TNT-ს მიერ“, - წერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე დარახველიძე ადამიანის უფლებათა ცენტრს.
მსჯავრდებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დასადასტურებლად საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №15 დაწესებულების დირექტორს მამუკა ზირაქაშვილს შპს „სკს“-ს  დირექტორმა ნ.მენთეშაშვილმა წერილობით აცნობა, რომ 0,3 კგ-მდე დოკუმენტების გაგზავნა უცხო ქვეყნის მოქალაქე  მსჯავრდებულისთვის 90 ლარს შეადგენს.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები გააგრძელებენ მონიტორინგს პენიტენციურ დაწესებულებებში. 


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC