კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით აღარ ჩატარდება“

8 თებერვალი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

„საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. იგი, კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში, უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას. ის არის საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. იგი  წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში“ - ასე განმარტავს საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტს და ადგენს მის უფლება-მოვალეობებს. ამჟამად, საკონსტიტუციო კომისია  განიხილავს პრეზიდენტის არჩევის წესს და, შესაბამისად, განსაზღვრავს მის უფლება-მოვალეობებს. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით. საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩვენს, რომ პრეზიდენტის არჩევის წესი ქვეყნის მმართველობით სისტემას უნდა მოერგოს და საქართველოს პირველი პირი საკანონმდებლო ორგანომ აირჩიოს. საპარლამენტო უმცირესობა და არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი კი თანხმდება, რომ პრეზიდენტი კვლავ ხალხმა, პირდაპირი არჩევის წესით უნდა აირჩიოს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძის აზრით, მნიშვნელოვანია, კომისიამ იმსჯელოს პრეზიდენტის არჩევის არსებულ მოდელზე და აღნიშნული სისტემა შეიცვალოს. „საპარლამენტო მოდელი უკვე რეალურად გვაქვს ქვეყანაში, ამიტომ, ბუნებრივია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესსა და რეფორმაში აისახება და კიდევ უფრო გაძლიერდება ინსტიტუციურად ეს მოდელი. შესაბამისად, ცვლილებები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ, ბუნებრივია, მორგებულია ამ მოდელზე. პრეზიდენტის არჩევის წესი და მოდელი უნდა იყოს მისი ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და მისი პოლიტიკური როლის შესაბამისი. თუ ჩვენ მივდივართ საპარლამენტო მოდელის შემდგომი განმტკიცებისკენ, რასაც კომისიის წევრების დიდი უმრავლესობა ეთანხმება და ამაზე გარე კონსენსუსიც არსებობს, ბუნებრივია, ჩვენ მოგვიწევს კომისიის ფარგლებში მსჯელობა, რომ არსებული სისტემა გადაიხედოს“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ წევრი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მმართველობის საპარლამენტო მოდელს უნდა შეესაბამებოდეს პრეზიდენტის არჩევის წესი: „თუ წმინდა საპარლამენტო მოდელზე ვისაუბრებთ და უფლებამოსილებებს გავმიჯნავთ, ამის შემდეგ უფრო ნათელი იქნება ჩემთვის, პრეზიდენტის არჩევის როგორი წესი იქნებოდა უმჯობესი.“

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ფრაქცია „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს არჩევითი: „დღეს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობაა და ერთი ადამიანი აკონტროლებს ყველაფერს, ამიტომ ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის მოშლა და ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტის ფუნქციების შემცირება, მარტო ამ ადამიანს აძლევს ხელს. ამიტომ ჩვენი პოზიციაა, რომ აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა დარჩეს ძლიერი, როგორც ერთ-ერთი ინსტიტუტი, რომელიც დღევანდელ სიტუაციაში არაფორმალურ მმართველს აბალანსებს.“

ამავე მოსაზრებას იზიარებს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი, ირმა ინაშვილიც. „ჩვენ ვართ მომხრე, რომ პრეზიდენტს ირჩევდეს ხალხი და არა პარლამენტი. ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება ხოლმე პარლამენტის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ამიტომ, დემოკრატიის განვითარების კუთხით, უკან გადადგმულ ნაბიჯად მიმაჩნია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა. საყოველთაო არჩევნები კი არის წინ გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის გზაზე“, - მიიჩნევს ირმა ინაშვილი.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის აზრით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა აჩენს რისკს იმისას, რომ ხელისუფლების ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში მოექცეს. „პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი იმ სახის პარლამენტში, რა სახის პარლამენტიც ჩვენ გვაქვს, ანუ ერთპალატიან პარლამენტში და იმ ტერიტორიული მოწყობით, რაც ჩვენ გვაქვს, აჩენს რისკებს იმისას, რომ ხელისუფლების ძალაუფლების კონცენტრაცია იყოს სწორედ ერთი პოლიტიკური პარტიის ხელში. არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი შეიძლება იყოს, მნიშვნელოვნად დამოკიდებული, იმ კონკრეტულ მომენტში, უმრავლესობაზე, რადგან პარლამენტს აქვს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საშუალება“, - აცხადებს მიხეილ ბენიძე.

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდეც მიიჩნევს, რომ ერთპალატიანი პარლამენტის პირობებში და უნიტარული ტერიტორიული მოწყობის გათვალისწინებით, ძალიან კრიტიკულები უნდა ვიყოთ პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევის მიმართ.

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაიაც პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას ეთანხმება: „უნდა გავაანალიზოთ, რა როლი აქვს პრეზიდენტს ხელისუფლების დანაწევრების სისტემაში და რატომ გვჭირდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები. არის მოსაზრება, რომ ასეთი მცირე უფლებამოსილების მქონე პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით და ასეთი ლეგიტიმაციით შეიძლება პოლიტიკური კრიზისების მეტი შესაძლებლობა შექმნას, მაგრამ ასე თუ არ იქნება მივიღებთ სიტუაციას, რომ ერთი პოლიტიკური ძალა გადაწყვეტს, ვინ იქნება საპარლამენტო უმრავლესობაში, ვინ იქნება მთავრობაში, ვინ იქნება პრეზიდენტი, ესენი ყველანი ერთად კი განსაზღვრავენ, ვინ იქნება სასამართლო ხელისუფლებაში. ჩემი აზრით, პრეზიდენტი უნდა იყოს დისტანცირებული აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. მნიშვნელოვანია, ქვეყანას ჰყავდეს ლეგიტიმურად არჩეული აპარტიული პრეზიდენტი, რომელიც კრიზისების დროს შეძლებს, დიალოგის წარმართვას პოლიტიკურ ძალებს შორის“, - აცხადებს კოტე ჩოკორაია.

„პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა არის სწორი და მისაღები. თუ ვინმეს აქვს სურვილი, რომ ეს შეიცვალოს, მაშინ ამას თან უნდა ახლდეს ძალიან არგუმენტირებული დასაბუთება და ეს არ უნდა იყოს მიმართული 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. იმიტომ, რომ ეს ნამდვილად დატოვეს შთაბეჭდილებას, რომ კიდევ ერთხელ კონსტიტუცია უნდა მოერგოს კონკრეტულ საჭიროებებს“, - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა. 

კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია, humanrights.ge-სთან საუბრისას, აცხადებს რომ საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა სწორედ იმ მიზნით, რომ შეეცვალათ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევნები. მისი თქმით, ამაზე რამდენიმე ფაქტორი მეტყველებს: „მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათთან დაახლოებული პირების საჯაროდ გაკეთებული კომენტარები. ამას ემატება პრეზიდენტთან დაპირისპირების რამდენიმეწლიანი ციკლი, რომელიც გამოხატული იყო ინსტიტუციურ დაპირისპირებაში. ამასთან, ყურადღებამისაქცევია საკონსტიტუციო კომისიის სტრუქტურა. ვგულისხმობ, კომისიის შემადგენლობას. პირველად, საქართველოს ისტორიაში საკონსტიტუციო კომისიაში მმართველ პარტიას უპრეცენდენტოდ დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, პარტიის 24 წევრი კომისიაშია. ამასთან, კომისიაში არიან ექსპერტები, რომლებიც ხელისუფლებასთან ასოცირებულები არიან.“

რაც შეეხება ვადებს, კოტე ჩოკორაიას განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მოესწრება. საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა 2016 წლის დეკემბრის ბოლოს და მას მუშაობის ვადად განესაზღვრა 4 თვე. აპრილის ბოლოს უნდა დაამთავროს საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა. „კომისია როგორც კი მუშაობას დაამთავრებს, უნდა დაიწყოს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული პროცედურა კონსტიტუციის შესაცვლელად. ამისათვის საჭიროა ერთთვიანი საერთო სახალხო განხილვა (პარლამენტში საორგანოზაციო კომისია უნდა შეიქმნას, რომელიც უზრუნველყოფს ამ ცვლილებების, საჯაროდ, ხალხისთვის განხილვას), რაც, სავარაუდოდ, განხორციელდება მაისში და შემდგომ უკვე პარლამენტში კანონპროექტის განხილვა იქნება. ამის შემდეგ კანონპროექტის მისაღებად, საჭიროა სამი მოსმენა, რომელიც უნდა განისაზღვროს შემდეგი პროცედურით: პირველი და მეორე მოსმენა უნდა მოხდეს ერთ სესიაზე და სამი თვის შემდეგ მეორე სესიაზე მესამე მოსმენით კანონი უნდა მიიღონ. ე.ი. ივნისში პირველ ორ სესიას მოასწრებენ და სამი თვის შემდეგ, საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით დამტკიცდება. ამის მერე კანონპროექტი გადაეგზავნება პრეზიდენტს. პრეზიდენტი განიხილავს და, თეორიულად, პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების შანსიც არსებობს. თუ ასე მოხდა, პარლამენტი ამ ვეტოს დაძლევს და ძალაში შევა კანონი. ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით აღარ ჩატარდება. ეს პროცესები რომც გაიწელოს, 2018 წლის აპრილში მაინც მოესწრება ცვლილების განხორციელება და 2018 წლის შემოდგომისთვის, ანუ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ცვლილება უკვე განხორციელებული იქნება“, - განგვიმარტავს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია განხილვებში არ მონაწილეობს. 

ახალი ამბები