18:23, Sunday, 20.08.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხი

28.04.2017

 
ლანა გიორგიძე 

25 აპრილს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა“ და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ერთობლივი ანგარიშის - „შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხის შეფასება“ - პრეზენტაცია გაიმართა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ანგარიში მიზნად ისახავს 2015 წლის რეფორმის შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხის განსაზღვრას, გამჭვირვალობის შემაფერხებელი კონკრეტული მიზეზების აღწერას, საქართველოს საპოლიციო სისტემაში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურისა და სისტემის ანალიზს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს 2016 წლის იანვრიდან 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. პროექტის ფარგლებში აქტივობები სამი ძირითადი მიმართულებით წარიმართა: საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხარისხის შეფასება, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურისა და სისტემის ანალიზი.

ანგარიშის ავტორების ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხარისხის შეფასებისას გამოიკვეთა, რომ სამინისტრო პასუხობს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შესულ განცხადებებს. ამასთან, მეტწილად ინფორმაცია გაიცემა სრულად და შეესაბამება განცხადებაში ასახულ მოთხოვნებს. მიუხედავად ამისა, პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის მიღება კანონით დადგენილ ვადებში. 

„ასევე აღინიშნა ინფორმაციის არასრულად გაცემის შემთხვევებიც. საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა იზღუდება გარკვეული კატეგორიის ინფორმაციის გასაიდუმლოებით, სათანადო დასაბუთების გარეშე. სამინისტრო სრულყოფილად არ ასრულებს ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებას“, - ნათქვამია ანგარიშში - „შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხი“.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, კვლევის ფარგლებში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, სამინისტროში 11 განცხადება გაიგზავნა. გამოსათხოვი ინფორმაცია შეირჩა თემატურად, წინასწარ შედგენილი კითხვარი გამოყენებით და მოიცვა ძირითადი საკითხები საპოლიციო საქმიანობის ფორმების, მეთოდებისა და საშუალებების შესახებ. გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციებიდან კვლევის ავტორებმა მხოლოდ ორი ინფორმაცია მიიღეს 10 დღის ვადაში, ხოლო დანარჩენი - ვადის დარღვევით. 

რაც შეეხება ინფორმაციის სრულყოფილად გაცემას, შსს-მ 11 ინფორმაციიდან 7 სრულყოფილად მიაწოდა ორგანიზაციებს, ხოლო - 4 ნაწილობრივ.
ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლევის ავტორებს არ მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია: 2014-2015 წლებში რამდენ მოხელეზე გაიცა პრემია; აქედან რამდენი იყო ხელმძღვანელი პირი, რა კრიტერიუმით და ჯამში რა თანხა შეადგინა გაცემულმა პრემიებმა; 2014-2015 წლებში რამდენი პირი დასაქმდა და გათავისუფლდა შსს-ში და 2014 წელს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომების სახეები და რაოდენობა. 
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის, მარიამ მხატვარის თქმით, კვლევის ფარგლებში მნიშვნელოვან გამოწვევად გამოიკვეთა ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, მათი სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევის გამო. იმის გათვალისწინებით, რომ „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს გრიფი, სამინისტრომ უარი თქვა შემდეგი ინფორმაციის გაცემაზე: შსს განსაკუთრებულ დავალებათა და ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტების დებულებები; შსს განსაკუთრებულ დავალებათა და ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტებში დასაქმებულთა რაოდენობა და საშტატო რიცხოვნობა; შსს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება- საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში დასაქმებულთა რაოდენობა და საშტატო რიცხოვნობა. 
ზემოაღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების მოთხოვნით დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოებაშია. ხოლო სამინისტრომ, ინფორმაციის გასაიდუმლოებაზე მოტივირებული განცხადების მიღების შემდეგ კვლევის ავტორებს უარი დაუსაბუთა.

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დებულებები მოიცავს სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის დაცვისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის სფეროებში იმგვარ ინფორმაციას, რომლის სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნევაც ემსახურება სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების დაცვას. რაც შეეხება [...] დასაქმებულთა რაოდენობას და საშტატო რიცხოვნობას, აღნიშნული აქტების განსაიდუმლოება გამოიწვევს სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და სხვა სპეციალური სამსახურების სტრუქტურული ქვედანაყოფების პირობითი დასახელებებისა და მათი დისლოკაციის ადგილების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებას, რაც ასევე ეწინააღმდეგება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ქვეყნის ინტერესებს.“

ანგარიშის ავტორებმა შსს-დან გამოითხოვეს ინფორმაცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტების შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილია ფაილურ სისტემებში დაცული ინფორმაციის/მონაცემების დამუშავების შენახვის, წაშლისა და დაარქივების ვადები. უვადოდ არქივდება ოჯახში ძალადობის/მოძალადეთა და გაცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერების მონაცემები; საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა შესახებ მონაცემები; პირის ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ არსებული მონაცემები; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ მონაცემები და ასე შემდეგ.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების შესახებ მონაცემთა უვადოდ დაარიქივების ფაქტი ე.გ.- მ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, რაზეც სასამართლომ 2017 წლის 9 თებერვალს დაადგინა, რომ ხსენებული რეგულირება არღვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას.
ანგარიშში ასევე მიმოხილულია მონაცემთა ბაზებზე შსს-სა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა დაშვება. ინფორმაციაზე თანამშრომელთა ყოველი წვდომა მხოლოდ ფაქტის შემდეგ კონტროლდება, რასაც ანგარიშის ავტორები დადებითად არ აფასებენ. აღნიშნულის გათვალისწინებით, კვლევის ავტორების რეკომენდაციია, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, კოპეტენციის ფარგლებში, შეამოწმოს სამინისტრო, პირადი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

კვლევის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასევე გამოითხოვეს ინფორმაცია სარგოს, დანამატებისა და პრემიების შესახებ. შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს თანამდებობის პირებზე, სხვა თანამშრომლებსა და შტატგარეშე ხელშეკრულებებზე ჯამში 317, 679,135.47 ლარი გაიცა. კვლევის ავტორების აზრით, სამინისტროს მიერ მოხელეთა წახალისება არ ემყარება ნათლად განსაზღვრულ პროფესიულ კრიტერიუმებს, რაც თავისთავად აჩენს რისკს, რომ მოსამსახურეთა წახალისებასთან დაკავშირებული პროცედურები გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაუცველად წარიმართოს.

ანგარიშის პრეზენტაციის დასასრულს, კვლევის ავტორებსა და შეკრებილ საზოგადოებას სამინისტროს პოზიცია გააცნო შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორმა, ვალერ ლომუაშვილმა. 
„შინაგან საქმეთა სამინისტროდან ინფორმაციის გამოთხოვა და მიღება წინა წლებთან შედარებით უფრო გამარტივებულია. სამინისტრო მომავალში კიდევ უფრო მეტს გააკეთებს იმისთვის, რომ გათვალისწინებული იყოს არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები და რეკომენდაციები. არსებობს რიგი საკითხებისა, სადაც ჩვენ განსხვავებული ხედვა გვაქვს და არ გეთანხმებით“, - განაცხადა ლომუაშვილმა.

ლომუაშვილის თქმით, სამინისტრო მუშაობს ყველა საკითხზე და ანგარიშში მოყვანილ თითოეულ თემაზე აქვს გარკვეული ხედვა და სამოქმედო გეგმა. მისივე თქმით, სამინისტრო საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარუდგენს სპეციალური სამუშაო ჯგუფის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას. 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC