18:24, Sunday, 20.08.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

კონსტიტუციის სახალხო განხილვა თბილისში ვერ შედგა

16.05.2017

ფოტო ეკუთვნის რადიო თავისუფლებას
 
ნათია გოგოლაშვილი

თბილისში 15 მაისს კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვა ფილარმონიაში ჩაიშალა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამშაბათს გაიმართება საორგანიზაციო კომისიის სხდომა და გადაწყდება, როგორ გაგრძელდება საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი. 

საორგანიზაციო კომისია ცხრა წევრისგან შედგება, რომლის  თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეა. კომისიის წევრები არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, სერგი კაპანაძე, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ვასილ გონაშვილი (ექსპერტი) და თენგიზ შარმანაშვილი (ექსპერტი), კომისიის შემადგენლობაში ასევე არიან „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორი ეკა გიგაური და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის მთავარი სპეციალისტი თორნიკე ჭეიშვილი. აღსანიშნავია, რომ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სახალხო განხილვებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. განხილვებში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტიც იღებდა. 

კანონმდებლებმა კონსტიტუციის კანონის პროექტის საჯარო განხილვა 5 მაისს ქალაქ ქუთაისში დაიწყეს და, ორი კვირის განმავლობაში, 11 ქალაქში (ქუთაისში, ამბროლაურში, ჩოხატაურში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხეში, გორში, თელავში, მცხეთაში, რუსთავსა და თბილისში) განიხილეს.

საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მიხედვით, რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება იგეგმება, კერძოდ: იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი, იკრძალება საარჩევნოდ ბლოკების შექმნა, იცვლება არჩევნების შედეგად გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესიც, ცვლილებების თანახმად, გაუნაწილებელი საპარლამენტო მანდატები  გამარჯვებულ პარტიას ერგება.

„კონსტიტუცია ხალხს!“,  „გებრძვით პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს!“ - ასეთი შეძახილებით დაიწყო 15 მაისს ფილარმონიაში გამართული კონსტიტუციის საჯარო, რიგით მე-11, განხილვა. „აუდიტორია 115“-ის წევრებმა ფილარმონიაში დამსწრე საზოგადოებას ტყიბულში დაღუპული მეშახტეები შეახსენეს და შრომის უსაფრთხოების კონსტიტუციის გარანტიების შექმნას ითხოვდნენ. 

„ჩვენ ვითხოვთ მიწაზე რეგულაციებს, ვითხოვთ მშრომელებისა და მუშების დაცვას ჩვენს სახელმწიფოში“, - აღნიშნა „აუდიტორია 115“-ის წევრმა, ირაკლი კუპრაძემ. 
„ჩვენ გვინდა, რომ განხილვა დაეთმოს სოციალურ უფლებებს, კონსტიტუციის 94-ე მუხლს და მუშათა გასაჭირს“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდებს კომუნისტები უწოდა და პროვოკაციასა და განხილვის ჩაშლაში დაადანაშაულა: „სამწუხაროა, რომ რამდენიმე ათეული ახალგაზრდა კომუნისტი არ აძლევს 2 500 კაცს იმის საშუალებას, რომ განიხილოს საქართველოს კონსტიტუცია. მინდა, მოგიწოდოთ, რომ დაადგეთ იმ გზას, რა გზასაც ილია ჭავჭავაძე დაადგა. ეს არის სწავლისა და განათლების გზა. ახალგაზრდა კომუნისტების ადგილი საქართველოში არასოდეს იქნება“.

ფილარმონიაში კონსტიტუციის საჯარო განხილვის ჩაშლა მოქალაქეთა მეორე ჯგუფმაც სცადა, რომელიც ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვას აპროტესტებდა. ამ ჯგუფში, რიგით მოქალაქეებთან ერთად, პოლიტიკოსებიც იყვნენ. გუბაზ სანიკიძის თქმით, მთავარი საკითხი სწორედ მიწის საკითხია და ქართული მიწა სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა გაიყიდოს.

„ხალხის მოთხოვნა ელემენტარულია, ჩაწერეთ კონსტიტუციაში ქართველი ერის მოთხოვნა: ქართული მიწა არ იყიდება!“, - აღნიშნა სანდრო ბრეგვაძემ.

„ეს არის ტყუილი. ყველაფერი კეთდება, რომ ეს საკითხი ისე მოწესრიგდეს, როგორც ჩვენი ეროვნული ინტერესია. აღმოჩნდა, რომ მიწასთან დაკავშირებით თქვენ ინფორმაცია არ გაქვთ. შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში შედის. თქვენ არ გინდათ ინფორმაციის მიღება, თქვენ პროვოკაციის მოწყობა გსურთ“, - ასე უპასუხა საზოგადოების ნაწილს ირაკლი კობახიძემ.
 
„ეს იყო პროვოკაცია. რა თქმა უნდა, ეს იყო კარგად ორგანიზებული, მიმართული განხილვის ჩაშლისაკენ და მიმართული პროგრესული პროცესის დისკრედიტაციისაკენ. თუ ვინმე გულწრფელად ფიქრობს, რომ ამ პროცესის და დღევანდელი დღის ჩაშლით კარგ საქმეს აკეთებს, ეს არის, რბილად რომ ვთქვათ, შეცდომა“, - ამგვარად შეაფასა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ფილარმონიაში განვითარებული მოვლენები.

საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებმა პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთ ლიდერს, ირმა ინაშვილს ის პრობლემები დაანახა, რაც საზოგადოებას დღესდღეობით განსაკუთრებით აწუხებს.

„ხალხს ძალიან აწუხებს სოციალური პრობლემები. უკიდურესი გაჭირვებაა რეგიონებში და, სამწუხაროდ, ამ შეხვედრებზე ჩვენ ვერ ვისაუბრეთ ხალხის გაჭირვებაზე. ცუდი იყო, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არ ჰქონდათ ნაბეჭდი ტექსტი, რათა გაცნობოდნენ კონსტიტუციის პროექტს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ევროპული საქართველოს წევრები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ პლებისციტი უნდა ჩაატაროს შემოთავაზებულ ცვლილებებთან დაკავშირებით. 

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ წევრის გიორგი ახვლედიანის განცხადებით კი, ხელისუფლება განსხვავებული აზრის მოსმენას გაურბის: „მათ უნდათ, რომ ტაშის დამკვრელებისა და თავიანთი ადმინისტრაციული აქტივის ხარჯზე ფონს გავიდნენ. ისინი აპირებენ თავის თავზე მოირგონ კონსტიტუცია, საარჩევნო სისტემა და არ გაითვალისწინონ ხალხის აზრი“.

გაითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება ხალხის აზრს, ეს ახლო მომავალში გახდება ცნობილი. ჯერ კი ის არის გასარკვევი, თბილისში სად და როდის გაიმართება  საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა. 


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC