09:49, Friday, 18.08.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველოდან გაძევებისა და მოსალოდნელი წამების შიშით ცხოვრება

27.06.2017

ფოტო: დაშგინ აღალარლისა და ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებისპრესკონფერენცია
ლანა გიორგიძე

აზერბაიჯანელი პოლიტიკოსი დაშგინ აღალარლი უკვე მესამე წელია, თავს საქართველოს აფარებს. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა, მაგრამ შემდგომ წლებში მუდმივად ბაქოში ექსტრადიციის შიშით ცხოვრობს. როგორც თვითონ აცხადებს, ეს შიში განსაკუთრებით გაუძლიერდა თბილისიდან მეგობარი ჟურნალისტის - აფგან მუხთარლის გატაცების შემდგომ. 

დაშგინ აღალარლი აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტიის „მუსავათის“ წევრია, რომელიც პოლიტიკური შეხედულებებისა და ხელისუფლების პოლიტიკის აქტიური კრიტიკის გამო, წლების განმავლობაში, იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ. 2013 წელს მას, სხვა პოლიტიკური აქტივისტების მსგავსად, ხელისუფლებამ ბრალად დასდო გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში, მაშინ, როდესაც იგი საერთოდ არ იყო დასაქმებული კერძო სექტორში. 
 
2014 წელს დაშგინ აღალარლი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსვლისას დააკავეს, როგორც ინტერპოლით ძებნილი. ექვსთვიანი პატიმრობის შემდეგ, 2014 წელს, ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, იგი პატიმრობიდან გირაოთი გაათავისუფლეს. 2014 წლის მარტში მან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიმართა მისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თხოვნით. გარდა სტატუსის მინიჭების მოთხოვნისა, ორგანიზაციამ პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად 2014 წლის 5 აგვისტოს გაავრცელა განცხადება და მოითხოვა, დაშგინ აღალარლის მინიჭებოდა პოლიტიკური თავშესაფარი.

„თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ დაშგინ აღალარლის უნდა მიენიჭოს პოლიტიკური თავშესაფარი და ლტოლვილის სტატუსი; იგი არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის სახელმწიფოს, ვინაიდან არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ შეიძლება კვლავ გახდეს პოლიტიკური დევნის მსხვერპლი აზერბაიჯანში. დაშგინ აღალარლის აზერბაიჯანის ხელისუფლებისათვის გადაცემა, ასევე, საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოვუწოდებთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბარს, გაითვალისწინოს დაშგინ აღალარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, შეაფასოს საშიშროება, რაც არსებობს აზერბაიჯანში მისი უსაფრთხოების და სიცოცხლის დაცვის კუთხით, გაანალიზოს აზერბაიჯანში არსებული მძიმე სიტუაცია ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით და მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის პოლიტიკური თავშესაფარისა და ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე“, - ნათქვამია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლისა და მისი წევრი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაშგინ აღალარლის ადვოკატის, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის თქმით, საქმის განხილვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში ვადების დარღვევით გაგრძელდა. 2015 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, აღალარლების თხოვნა არ დაკმაყოფილა. სამინისტრომ ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის მიზეზად კონტრდაზვერვის დეპარტამენტის გასაიდუმლოებული დასკვნა დაასახელა. 
 
„ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილებაშივეა აღნიშნული რომ, აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში, დაშგინ აღალარლი შეიძლება, კვლავ პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდეს. ამის შემდეგ სამინისტროს დაუსაბუთებელი და უკანონო უარი გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლომ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაავალა დაშგინ აღალარლისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ დაშგინ აღალარლის მიმართ გამძაფრდა დევნა და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი.

ეკა ქობესაშვილის თქმით, 2016 წლის 6 სექტემბერს დაშგინ აღალარლის დაუკავშირდა ორი სხვადასხვა პირი და შეხვედრა მოსთხოვეს.

„მას მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა ორი სხვადასხვა გაურკვეველი პირი და მოსთხოვეს თბილისში, რომელიმე სკვერში, შეხვედრა და გასაუბრება. ერთ-ერთმა   პირმა მას უთხრა, რომ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, ხოლო მეორე პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლად გაეცნო. ამ ფაქტზე ორივე უწყებამ უარყო მათი სახელით დაშგინ აღალარლისთან დაკავშირება, მაგრამ თუ ვინ დაუკავშირდა მას, ამ საკითხზე დღემდე არცერთი უწყება არ დაინტერესებულა. საინტერესოა, რომ აღნიშნული ინცინდენტის შემდგომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ, კვლავ კონტრდაზვერვის დასკვნის საფუძველზე, გააუქმა საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და თავისი გადაწყვეტილებით დაშგინ აღალარლს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე“, - აღნიშნა დაშგინ აღალარლის უფლებადამცველმა, ეკა ქობესაშვილმა.

აზერბაიჯანელი აქტივისტის დევნის ფაქტი კვლავ გააპროტესტა ადამიანის უფლებათა ცენტრმა და დანაშაულებრივ მოქმედებებში საქართველოს სამართალდამცავი უწყებები, განსაკუთრებით კი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადანაშაულა, რომელმაც შესაძლოა, მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანელი აქტივისტების დევნაში, უკანონო თვალთვალსა და ექსტრადიციაში.

დაშგინ აღალარლის და აზერბაიჯანიდან დევნილი სხვა აქტივისტებს საფრთხის გრძნობა გაუმძაფრდათ თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცემის შემდგომ. 

„აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუთხარლის დანაშაულებრივად მოტაცებისა და ბაქოში გადაყვანის შემდგომ საქართველოში მყოფ აზერბაიჯანელ აქტივისტებს გაუძლიერდათ დაუცველობის გრძნობა, რაც ზოგჯერ გამოწვეულია არაიდენტიფიცირებული ადამიანების, სავარაუდოდ - საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლების მხრიდან უკანონო თვალთვალისა და დევნის ფაქტებით. ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს დაშგინ აღალარლის ინტერესებს, რომელიც აცხადებს, რომ დღესდღეობით იგი არის სრულიად დაუცველი და არსებობს საფრთხე, რომ მის მიმართაც განხორციელდეს იგივე დანაშაულებრივი ქმედებები, რაც განხორციელდა მისი მეგობრის, აფგან მუხთარლის მიმართ. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მიიღონ შესაბამისი ზომები, დაშგინ და ორხან აღალარლების სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად; მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება 2016 წლის 6 სექტემბერს დაშგინ აღალარლის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე, სავარაუდოდ, შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა მხრიდან დაკავშირების შესახებ, რათა პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ცდილობდა დაშგინ აღალარლიზე ზეწოლას; საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, უზრუნველყონ დაშგინ და ორხან აღალარლებისათვის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის გაცემა; საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს - დაინტერესდეს დაშგინ და ორხან აღალარლის საქმით და მისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს მათი უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვა“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვაში, რომელიც ორგანიზაციამ 2017 წლის 8 ივნისს გაავრცელა.

დაშგინ აღალარლისა და მისი უფლებების დამცველი ორგანიზაციის მიმართვის შემდეგ, 20 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს: დაშგინ აღალარლისა და ორხან აღალარლის უარი ეთქვათ საქართველოდან გაძევებაზე. მათზე დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობები გაიცემა. 

„გაცნობებთ, რომ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა განიხილა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე - დაშგინ აღალარლის განცხადება, რითაც აღნიშნულმა პირმა ითხოვა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლით გათვალისწინებული, საქართველოში დროებითი ყოფნის უფლების მინიჭება. აღნიშნული უფლების მინიჭებას ასევე ითხოვდა მისი ვაჟის - აზერბაიჯანის მოქალაქე ორხან აღარარლისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქმეზე თანდართული მასალებისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შსს მიგრაციის დეპარტამენტმა 2017 წლის 20 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების: დაშგინ აღალარლისა და ორხან აღარარლის საქართველოდან გაძევებაზე უარის თქმის შესახებ“, - ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის განცხადებაში.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC