10:07, Wednesday, 22.11.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ყოფილი გუბერნატორის ოჯახის „აღზევება“ – 300 ჰექტარი სახნავი მიწა მფლობელობაში

29.07.2017

 
reginfo.ge

მარინე ღვინიაშვილმა, მას შემდეგ რაც მისი შვილი ირაკლი შიოლაშვილი კახეთის გუბერნატორად დაინიშნა, დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე მდებარე 830 000 კვ.მ, ანუ 83 ჰექტარი სახნავი მიწის ნაკვეთი იყიდა, რაშიც 18 000 აშშ დოლარი და 65 000 ლარი გადაიხადა. ირაკლი შიოლაშვილის მამის - გენადი შიოლაშვილის მფლობელობაში კი დაახლოებით 215 ჰექტარი სახნავი დანიშნულების მიწა დაგროვდა. ყოფილ გუბერნატორს მშობლები ქონებრივ დეკლარაციებში მათთან ერთად, ერთ ჭერქვეშ ცხოვრების პერიოდშიც კი არ ჰყავს შეყვანილი.
 
ირაკლი შიოლაშვილი 2007 წლიდან 2012 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 28 ნოემბერს, ის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ამ თანამდებობაზე 2013 წლის 13 დეკემბრამდე მუშაობდა. 13 დეკემბერს პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის მეუღლეც შიოლაშვილის თანაკლასელია, ის კახეთის გუბერნატორად დანიშნა, სადაც 2016 წლის 9 სექტემბრამდე მუშაობდა. გუბერნატორობის შემდეგ, ირაკლი შიოლაშვილი „ქართული ოცნებიდან“ საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატია.
 
საინფორმაციო ცენტრების ქსელმა გამოარკვია, რომ, კახეთის გუბერნატორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ირაკლი შიოლაშვილის დედამ - მარინე ღვინიაშვილმა საკუთრების უფლებით შეიძინა დედოფლისწყაროში მდებარე ორი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (სახნავი), რომელთა ფართობი საერთო ჯამში 83 ჰექტარია. გუბერნატორის დედამ მიწის ნაკვეთებში 18 000 აშშ დოლარი და 65 000 ლარი გადაიხადა.
 
კერძოდ, 2014 წლის 18 აგვისტოს მარინე ღვინიაშვილმა იყიდა შირაქში, სოფელ ზემო მაჩხაანში („დიდნაური“) მდებარე 18 ჰექტარი სახნავი მიწა (საკადასტრო კოდი - 52.47.32.107), რაშიც 18 000 აშშ დოლარი გადაიხადა.
 
2015 წლის 9 ოქტომბერს კი მარინე ღვინიაშვილმა ზაქარია გოგილაშვილისგან 65 000 ლარის გადახდის საფასურად შეიძინა შირაქში, სოფელ წითელწყაროში („დალნი ვასტოკი“) მდებარე 65 ჰექტარი სახნავი დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი - 52.23.31.002).

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ ირაკლი შიოლაშვილის გუბერნატორობის პერიოდში მისმა მამამ - გენადი შიოლაშვილმა მხოლოდ 1 თვეში, 2016 წლის ნოემბერში, იყიდა დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე, შირაქში მდებარე 14 მიწის ნაკვეთი, - ჯამური მოცულობით 20,4 ჰექტარი, რაშიც 50 000 ლარი გადაიხადა.
 
2016 წლის აგვისტო-სექტემბერში მან იჯარის უფლებით მიიღო 1 340 000 კვ.მ (134 ჰექტარი) სახნავი დანიშნულების მიწა.
 
გარდა ამისა, გენადი შიოლაშვილმა 2015 წლის 5 ოქტომბერს იყიდა სოფელ ოზაანში („თეფა“) მდებარე 24 ჰექტარი სახნავი მიწაც, რაშიც დაახლოებით 25 000 ლარი გადაიხადა.
 
2008 წელს მანვე სახელმწიფოსგან პრივატიზების წესით შეიძინა დედოფლისწყაროში, შირაქში მდებარე 3 სახნავი მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართობის შეადგენს 136 961 კვ.მ-ს, ანუ 13,7 ჰექტარს.
 
მანვე, 2009-2010 წლებში, კერძო პირებისგან იყიდა დედოფლისწყაროს ტერიტორიაზე, სოფელ ქვემო ქედში მდებარე 84 000 კვ.მ და სოფელ ზემო მაჩხაანში („დიდნაური“) მდებარე 224 000 კვ.მ სახნავი მიწის ნაკვეთები, ე.ი. საერთო ჯამში - 22,4 ჰექტარი.
 
კახეთის ყოფილი გუბერნატორის მშობლების საკუთრებასა და მფლობელობაში სულ ირიცხება 2 974 061 კვ.მ, თითქმის 300 ჰექტარი სახნავი დანიშნულების მიწა.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი შიოლაშვილისა და მისი მშობლების საცხოვრებელი ადგილის მისამართი ერთი და იგივეა - ქალაქი დედოფლისწყარო, თბილისის ქუჩა №14. მიუხედავად ამისა, ირაკლი შიოლაშვილის არცერთ ქონებრივ დეკლარაციაში დედ-მამა ოჯახის წევრებად მოხსენიებულნი არ არიან, არც მაშინ, როცა დედოფლისწყაროს გამგებლად მუშაობის პერიოდში ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ.

შესაბამისად, ირაკლი შიოლაშვილს დეკლარაციებში არც ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ აქვს მოცემული.

შეგახსენებთ, 2015 წლის 22 აპრილს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება „გუბერნატორის ოჯახის ბიზნესინტერესები ბიუჯეტის ხარჯზე და თანამდებობის გამოყენებით“.
 
სტატიაში საუბარია კახეთის გუბერნატორის ოჯახის წევრების მიერ მშენებლობის პროცესში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სპეცტექნიკის და საბიუჯეტო ორგანიზაციის მუშების პირადი ინტერესებისთვის გამოყენებაზე; გუბერნატორის მამის გენადი შიოლაშვილის მიწის ნაკვეთში შპს „სერვისი 2007“–ის ერთ–ერთი მუშის ნუგზარ ჯინაშვილის გარდაცვალების ფაქტზე; ასევე, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კახეთის გუბერნატორის მამამ გენადი შიოლაშვილმა უკანონოდ დაისაკუთრა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში არსებული სახელმწიფო ქონება; გუბერნატორის დედა - მარინე ღვინიაშვილი კი დედოფლისწყაროს გამგეობის შენობაში არსებულ ფართს კომერციული მიზნით, უსასყიდლოდ იყენებდა წლების განმავლობაში.
 
ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მოსყიდვას ცდილობდა.
 
გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ კი, გუბერნატორმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი შანტაჟსა და მუქარაში დაადანაშაულა და მედიაორგანიზაციას ბოიკოტი გამოუცხადა.
 
ჟურნალისტმა გუბერნატორს სასამართლოში უჩივლა და ცილისწამების უარყოფა მოითხოვა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2017 წლის 31 მაისს, ირაკლი შიოლაშვილს გელა მთივლიშვილის მიმართ ცილისწამების საჯაროდ უარყოფა დაავალა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC