კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში ქართული ოცნების წარმომადგენელი პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს

5 ოქტომბერი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„დაკავებული თანამდებობიდან გამათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვარ მმართველი გუნდის წარმომადგენელი. მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი კი არის „შენების მოძრაობის“ მერობის კანდიდატი“, - ეს განცხადება გელა კაპანაძემ გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მისი პირველი მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ გააკეთა. 

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოადგილის გათავისუფლების შესახებ, 2 ოქტომბერს გამოცემულ ბრძანებაში, კონკრეტული მიზეზი არ მიუთითა.  ჟურნალისტებთან საუბარში დავით ონიაშვილი ამბობს, რომ კაპანაძის გათავისუფლების მიზეზი, სამუშაო საათებში, მისი ,,ქართული ოცნების" შტაბში ყოფნა და წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა გახდა.

„საარჩევნო კანონმდებლობით დაუშვებელია სამუშაო საათებში პოლიტიკური აგიტაციის ჩატარება. გვაქვს ინფორმაცია, რომ იგი არა მარტო სამუშაო საათებში ეწეოდა პოლიტიკურ აგიტაციას, არამედ მან დაიბარა თანამშრომლები და მმართველი პარტიის მხარდამჭერი პოზიციის ღიად დაფიქსირება მოსთხოვა. სწორედ ეს გახდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი“, - აღნიშნა დავით ონიაშვილმა.
გელა კაპანაძის მიერ საარჩევნო კოდექსის სავარაუდო დარღვევის ფაქტს გორის #32 საოლქო საარჩევნო კომისია სწავლობს, მტკიცებულებას კი ტელეკომპანია ,,თრიალეთის" სიუჟეტი წარმოადგენს, სადაც გამგებლის მოადგილე გელა კაპანაძე სამუშაო საათებში ,,ქართული ოცნების" პარტიულ საკითხებთან დაკავშირებით აძლევს ინტერვიუს.

ფაქტს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი ეხმაურება. ალექსი მერებაშვილის განცხადებით, მოადგილის მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე რეაგირება  საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა მოახდინოს და არა გამგებელმა.

,,ზოგად ადმინისტრაციული კოდექსით უნდა მოხდეს დასაბუთება, თუ რა მიზეზით ხდება გათავისუფლება. გამგებლის მიერ გამოცემულ ბრძანებაში გათავისუფლების საფუძველი არა არის დასახელებული.   რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას,  ამაზე რეაგირება საოლქო ან ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა მოახდინოს, რომელიც ჯარიმას 2 000 ლარის ოდენობით ითვალისწინებს",  - აცხადებს ალექსი  მერებაშვილი.

გელა კაპანაძე დავით ონიაშვილის ბრალდებებს ბრალდებითვე პასუხობს და მისი გათავისუფლების ფაქტის  სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

,,დავით ონიაშვილთან მიმართებაში კითხვები გამიჩნდა შემდეგ საკითხებზე: სოფელ ქვახვრელის ტენდერზე, ,,რთველი 2016", გამგებლის სამივლინებო ხარჯებსა და სხვა ფინანსურ დოკუმენტებზე, რომლებსაც უახლოეს ხანებში გავაცნობთ საზოგადოებას", - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე და მმართველი პარტიის პროპორციული სიის პირველი ნომერი გელა  კაპანაძე.

გელა კაპანაძე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველ მოადგილედ მიმდინარე წლის 16 მარტს დაინიშნა. გელა კაპანაძე ამბობს, რომ გამგებლის მოადგილედ მისი დანიშვნა პარტიის ჩარევის შედეგად მოხდა. 

ახალი ამბები