19:06, Friday, 15.12.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქვახვრელში გამართული აქცია პოლიციამ დაშალა

06.10.2017

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

3 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ქვახვრელისა და უფლისციხის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გადაკეტეს. მოსახლეობის პროტესტი სოფელში  ინფრასტრუქტურული სამუშაოების  შეჩერებამ გამოიწვია. კერძოდ კი, სასმელი წყლის მილების გასაყვანად დაწყებული სამუშაოები ამ დროისთვის შეჩერებულია. ადგილობრივები სასმელი წყლის პროექტთან ერთად გაზიფიცირების სამუშაოების შეჩერებას აპროტესტებდნენ და აქციაზე გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ონიაშვილის მისვლას მოითხოვდნენ.

,,გადათხარეს გზები და ასე დატოვეს. გასული წლის დეკებრის თვის შემდეგ სამუშაოები შეჩერებულია, გამგებელმა კი  20 წუთი ვერ გამონახა, რომ ჩვენთან ჩამოვიდეს და გაგვცეს პასუხი", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

აქციის მონაწილეებთან სამართალდამცველები მივიდნენ და გადაკეტილი საავტომობილო გზის გათავისუფლებისთვის დრო, ნახევარი საათი, მისცეს, რადგან გადაკეტილი გზის გამო უფლისციხის მუზეუმში მიმავალ ტურისტებს რამდენიმე საათის განმავლობაში ლოდინი უწევდათ. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეები არ დაიშალნენ, გზის გახსნა პოლიციამ ძალის გამოყენებით სცადა, რასაც სამართალდამცველებს და მოსახლეობას შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. სამართალდამცველებმა აქციის სამი მონაწილე, დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, დააკავა. დაკავებულთა შორის იყო ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, სოფელ ქვახვრელში, დავით ადუაშვილი. სამივე დაკავებული სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელის, დავით ონიაშვილის განცხადებით, იგი ქვახვრელის მაცხოვრებლებს უახლოეს დღეებში შეხვდება. ონიაშვილი სამუშაოების შეჩერების მიზეზად კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას ასახელებს და  ახალი ტენდერის გამოცხადებას აპირებს.
 
,,შევხვდები და პირადად მივაწვდი ინფორმაციას ქვახვრელის მაცხოვრებლებს, თუ რამ გამოიწვია სამუშაოების შეჩერება. დღეს მიმდინარეობს დამასრულებელი ეტაპისთვის სატენდერო წინადადებების განხილვა და ამის შემდეგ დაიწყება დასკვნითი სამუშაოები”, - განაცხადა ონიაშვილმა.

დავით ონიაშვილი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი და ,,შენების მოძრაობის" მერობის კანდიდატია, მის წინააღმდეგ გამართულ აქციას  ,,ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ პროვოკაციად აფასებს, ამის მიზეზად კი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის აქციაზე ყოფნას ასახელებს. მმართველი პარტიის გორის ორგანიზაციაში ყოფილი თანაგუნდელის ბრალდებებს უარყოფენ.

დავით ონიაშვილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ქართული ოცნებიდან" იყრიდა კენჭს და გაიმარჯვა, 2017 წლის არჩევნებზე კი ,,შენების მოძრაობის" გორის მერობის კანდიდატი გახდა.
 
რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის პირველი პირებიდან ონიაშვილი ერთადერთი იყო, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა რეგიონის გუბერნატორთან. გუბერნატორები იცვლებოდნენ, მაგრამ სიტუაცია დარეგულირების ნაცვლად კიდევ უფრო მეტად მწვავდებოდა. დავით ონიაშვილმა რამდენიმე დღის წინ  განცხადა, რომ დღევანდელი გუბერნატორი კახა სამხარაძე და პარლამენტის წევრი დიტო სამხარაძე მას ჯერ კიდევ გასული წლის დეკებრის თვეში აიძულებდნენ, რომ გამგებლის პოსტიდან გადამდგარიყო. ონიაშვილის ბრალდება არც გუბერნატორმა და არც კანონმდებელმა არ დაადასტურა.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC