კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოწმის დაკითხვის ახალი წესი - როგორ აფასებენ უფლებადამცველები

15 ოქტომბერი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა დაასრულა კვლევაზე - მოწმის დაკითხვის ახალი წესი - მუშაობა. მკვლევართა მიერ, აღწერილობითი და სისტემური განმარტების მეთოდების გამოყენებით, გაანალიზდა სამართლებრივი აქტები და სტატისტიკური მონაცემები, რითაც შეგროვდა ინფორმაცია მოწმის დაკითხვის ახალი წესის სამართლებრივი რეგულირების შესახებ. ასევე, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტ-მონიტორებმა პროექტის ფარგლებში, წინასწარ შემუშავებული კითხვარის მეშვეობით, გამოკითხეს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მომუშავე მოქმედი 50 პრაქტიკოსი ადვოკატი. კვლევის შედეგად, გამოიკვეთა ახალი წესის დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე იდენტიფიცირდა ის პრობლემები, რომლებიც როგორც საგამოძიებო ორგანოში, ასევე სასამართლოში არსებობს მოწმის გამოკითვის/დაკითხვის მიმდინარეობისას.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევის შედეგები 3 ოქტომბერს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, წარმოადგინა. პროექტი „მოწმის დაკითხვის ახალი წესის კვლევა საქართველოში“ ორგანიზაციამ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

2016 წელს 20 თებერვალს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილების თანახმად, საგამოძიებო ორგანოში გამოსაკითხად დაბარებულ პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს გამოკითხვაზე და მოითხოვოს ჩვენების მიცემა სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მხული).

„ეს არის რეფორმა, რომელიც საქართველოში რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ორი წლის წინ საკანონმდებლო დონეზე აისახა ცვლილებები, რომელიც სისხლის სამართლის პროცესში მოწმეთა დაკითხვას ეხება. ჩვენ თავიდანვე გვიდნოდა, რომ ეს პროცესი ყოფილიყო ისეთივე, როგორც ეს დასავლურ ქვეყნებში ხდება. თუმცა, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და, სამწუხაროდ, კანონში ჩაიდო მუხლები, რომლებიც არ არის სრულ შესაბამისობაში ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან. სწორედ ამიტომ გვინდოდა ამ პროცესზე დაკვირვება“, - განაცხადა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს" ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერმა, გიორგი ბუჯანაძემ.

კვლევის ავტორის, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსის, თამარ ავალიანის თქმით, კვლევის შედეგად, გამოიკვეთა საკანონმდებლო ცვლილებების რამდენიმე პრობლემური მიმართულება, კერძოდ: მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითვის უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭება; არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; კანონის არსებითი დარღვევით მოწმის დაკითხვის შემთხვევებისას მტკიცების სირთულე.
კვლევის ავტორთა შეფასებით, მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით, რამდენიმე ხარვეზი იკვეთება. 

მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭებით მნიშვნელოვნად ილახება მხარეთა შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპი, რადგან ახალი რეგულაციით, დაცვის მხარე არ ესწრება მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვას, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარე ვერ ამოწმებს მოწმის სანდოობას.

მოწმის დაკითხვის ახალი წესი, არსებითად, უგულვებელყოფს მოწმეებთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობის და მათი დათანხმების აუცილებლობას. ამ პირობებში, გამოკითხვის ნებაყოფლობითი პროცედურა არაეფექტური და ნომინალური ხდება, რაც მთლიანად ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედების საჭიროებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

მოწმის დაკითხვის ახალი წესი შეუთავსებელია უშუალობის პრინციპთან, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების არსებით გამოკვლევას, მათი სანდოობის შემოწმებას საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის წინაშე.

ადამიანის უფლებათა ცენტის იურისტ-მონიტორების მიერ გამოკითხულ 50 ადვოკატთა შორის მხოლოდ რამდენიმე ადვოკატს ჰქონდა პრაქტიკაში მოწმის დაკითხვის ახალი წესის გამოყენება. 2016 წლის 20 თებერვლიდან დღემდე მაგისტრატ მოსამართლესთან დაიკითხა მხოლოდ 30 მოწმე. კვლევის ავტორთა შეფასებით, არსებული სტატისტიკური მონაცემები ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საგამოძიებო ორგანოს მხრიდან  სათანადოდ არ ხდება  მოქალაქეების  ინფორმირება გამოკითხვის ნებაყოფლობითობასთან დაკავშირებით. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტ-მონიტორის, გიორგი კაკუბავას თქმით, საგამოძიებო ორგანო სისხლის სამართლის სპეციალიზაციით მომუშავე ადვოკატების ბენეფიციარებს უმეტეს შემთხვევაში იბარებს ეკონომიკური დანაშაულებზე, ძირითადად  სისხლის სამართლის კოდექსის 177-187-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, ასევე,  სსკ-ის 126-ე მუხლზე, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.

„ადვოკატები ერთხმად აღნიშნავენ იმ ფაქტს, რომ როდესაც მოწმე მიდის საგამოძიებო ორგანოში, ადვოკატის გარეშე, ჩვენების მისაცემად, ხშირია შემთხვევები, როდესაც გამოსაკითხ პირს უფლება-მოვალეობებს არ განუმარტავენ. გამოსაკითხ პირს არ აქვს ინფორმაცია, რომ მას მოქმედი კანონი აძლევს უფლებას, უარი განაცხადოს გამოკითხვაზე და მოითხოვოს დაკითხვა სასამართლოში მაგსიტარტ მოსამართლის თანდასწრებით. ამასთან, იკვეთება ტენდენცია, რომ საგამოძიებო ორგანოში მისული მოწმე, რომელიც უარს განაცხადებს  გამომძიებელთან გამოკითხვაზე და მოითხოვს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვას, ასეთ ფაქტზე გამომძიებელი/პროკურორი უკმაყოფილებას გამოხატავენ და აღნიშნავენ, რომ ამით გამოსაკითხი პირი არსებულ სიტუაციას ართულებს. მოწმეს ასევე ეუბნებიან, რომ თუ იგი სასამართლოში, მაგსიტრატი მოსამართლის წინაშე მოინდომებს დაკითხვას, ასეთ შემთხვევაში მას მეტი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამგვარი სახის გამონათქვამები მოწმეზე ნეგატიუად მოქმედებს და გამოსაკითხი პირიც უარს ამბობს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვაზე“, - აცხადებს გიორგი კაკუბავა. 

ადვოკატ გიორგი მდინარაძის თქმით, პრაქტიკაში მას არ ჰქონია ისეთი შემთხვევა, რომ ახალი წესი გამოეყენებინოს რომელიმე მოწმეს. როგორც ადვოკატი აცხადებს, საზოგადოება არ ფლობს ინფორმაციას საკუთარი უფლებების შესახებ.

„თითქოს პრაქტიკაში არაფერი შეცვლილა. გამომძიებელი არ უმარტავს მოწმეს უფლებებს და, რეალურად, არც მომწე კითხულობს, რა უფლებები გააჩნია.  ეს ახალი წესი იმ მიზნით იყო მიღებული, რომ თითქოს პოლიციელს არ ეძალადა მოწმეზე, რეალობა კი განსხვავებულია. არანაირი პრევენციული სახე ამ ახალ წესს ჯერჯერობით არ მიუღია“, - აცხადებს გიორგი მდინარაძე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტ-მონიტორის, გიორგი კაკუბავას განცხადებით, მნიშვნელოვანია ადვოკატთა ნაწილის მოსაზრება, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არ იჩენენ ინიციატივას, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირი დაიკითხოს სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე: „ადვოკატთა თქმით, ისინი უმეტეს შემთხვევაში ამჯობინებენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფმა პირმა ჩვენება მისცეს საგამოძიებო ორგანოში და არა სასამართლოში, რადგან მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ საგამოძიებო ორგანოში იმოქმედონ  თავისუფლად და მოწმეს დაეხმარონ სწორი ჩვენების მიცემაში“.

კვლევის ავტორთა შეფასებით, ხარვეზების მიუხედავად, მოქმედი პრაქტიკოსი ადვოკატები ერთხმად აცხადებენ, რომ მოწმის დაკითხვის ახალი წესი, ქართულ სისხლის სამართალში წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა იქნეს მიჩნეული. 

ახალი ამბები