14:10, Thursday, 23.11.2017
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დაკარგული ბავშვობა - ადრეული ქორწინების მზარდი სტატისტიკა

31.10.2017

ილუსტრაცია - კავშირ 'საფარის' პლაკატი
 ლანა გიორგიძე

ადრეული ქორწინება არის ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორი ადამიანისა, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც ჯერ არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის. ადრეული ქორწინება მიიჩნევა, ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და, კერძოდ, ბავშთა უფლებების დარღვევად, რადგან ითვლება, რომ ბავშვს არ შეუძლია მისცეს გააზრებული თანხმობა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული სპეციალური ანგარიშის -  „ადრეულ ასაკში ქორწინება - გამოწვევები და გადაჭრის გზები“ (2016წ) - თანახმად, 2015 წელს სკოლა, ოჯახის შექმნის მიზეზით, 13 წლის ასაკის ერთმა ბავშვმა დატოვა. მონაცემები იზრდება ასაკის მიხედვით: 14 წლის - 16, 15 წლის - 65, 16 წლის - 143, ხოლო 17 წლის ასაკის 183-მა ბავშვმა შეწყვიტა სწავლა ოჯახის შექმნის მიზეზით.
თუმცა, ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული მონაცემები ზუსტი არაა: „აღსანიშნავია, რომ სავარაუდოდ, ეს მონაცემები ზუსტი არ არის, ვინაიდან ქვემო ქართლის მუნიციპალურ ერთეულებში ჩატარებული შეხვედრების დროს, სკოლის პედაგოგები და დირექტორები არ იყვნენ ინფორმირებულნი იმის შესახებ, რომ აუცილებელია ბავშვთა სკოლის მიტოვების მიზეზების შესახებ სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი შეტყობინების გაკეთება. თუმცა კი, შეხვედრაზე დამსწრეთა უმრავლესობა აღნიშნავდა, რომ მათ სოფლებში თითქმის არც ერთი გოგონა არ ამთავრებს სკოლას სწორედ იმიტომ, რომ ქორწინდება. ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ აღრიცხვიანობის სისტემის საბოლოო დანერგვის შემდეგ, მონაცემები შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს”.

ადრეული ქორწინება - სამართლებრივი მექანიზმები

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია სრულწლოვანი პირის სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან. მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტები კვლავ ხდება. ამის შესახებ კი საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ.
 
„სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა კრძალავს არასრუწლოვანთა ქორწინებას და მკაცრად იცავს არასრულწლოვანი პირის სქესობრივ თავისუფლებას და ხელშეუხებლობას, ტრადიცია ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდის მასთან. საქართველოში ადრეული ქორწინების ტრადიცია განსხვავდება რეგიონების, კულტურისა და ტრადიციების  მიხედვით.  როდესაც ვსაუბრობთ ადრეულ ქორწინებაზე, განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს მისი იდენტიფიცირება, რადგან ხშირად არასრულწლოვანთა მოტაცება და ოჯახის შექმნით „დაგვირგვინება“ სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირების გარეშე ხდება. ესეც განპირობებულია კულტურული და ტრადიციული ფაქტორებით, თავად ოჯახი ცდილობს არ გაახმაუროს ფაქტი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაც არ აწვდის ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს და  ამიტომაც სახელმწიფო ვერ ახდენს მსგავს ფაქტებზე დროულ და ეფექტურ რეაგირებას“, - აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი, ანა თავხელიძე. 

ანა თავხელიძე Humanrights.ge -სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ  ტერმინი „ადრეული ქორწინება“ გულისხმობს როგორც რეგისტრირებულ, ასევე არარეგისტრირებულ ქორწინებას.

„სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში კვლავაც პრობლემად რჩება ადრეული ქორწინება. ტერმინში „ადრეული ქორწინება“ მოიაზრება როგორც რეგისტრირებული, ასევე არარეგისტრირებული ქორწინება.  რეგისტრირებული ქორწინების საკითხს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის მიხედვითაც, ქორწინების წინაპირობებს წარმოადგენს საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა. 2017 წლის პირველი იანვრიდან  საქორწინო ასაკად განისაზღვრა  18 წელი, რაც იმას ნიშნავს, რომ 18 წლამდე პირთა ქორწინება დაუშვებელია. დასაქორწინებელ პირთა თანხმობა კი გულისხმობს, რომ მათ თავისუფალი ნება უნდა გამოხატონ ქორწინებაზე, რასაც სხვა პირი, მაგალითად, მშობელი ვერ გააკეთებს“, - აცხადებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი. 

თავხელიძის თქმით, მაშინ, როდესაც ორი არასრულწლოვანი ნებით (და არა იძულებით) იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში, არცერთი მათგანის  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა  არ დგება: „სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც მშობლები აიძულებენ გოგონებს ადრეულ ასაკში დაქორწინებას. ამ მავნე ტრადიციის აღმოსაფხვრელად სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ქორწინების იძულებას (მათ შორის არარეგისტრირებული ქორწინების), და  სასჯელის სახით განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ოთხ წლამდე”.

შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვანს, ცოლად შერთვის მიზნით, იტაცებენ:
„ადამიანის გატაცება, ცალსახად, წარმოადგენს დანაშაულს და ცოლად შერთვის მიზანი პასუხისმგებლობას არ ამსუბუქებს. როდესაც ერთი არასრულწლოვანი მეორეს იტაცებს, მას პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეულია, ანუ არის 14 წლის. 14 წლამდე პირს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ ეკისრება“, - აცხადებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი.

ანა თავხელიძის განცხადებით, ეროვნული კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია, როდესაც ბიჭი არის სრულწლოვანი და მას შეცნობილი აქვს, რომ  გოგო 16 წლის ასაკს მიუღწეველია და მასთან ამყარებს სქესობრივ კავშირს. ასეთ შემთხვევაში ბიჭს ეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით. სანქცია საკმაოდ მაღალია - შვიდიდან-ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა, თუ გოგო 16 წლის ასაკს მიღწეულია, მას უკვე აქვს უფლება, თავად დაგეგმოს სქესობრივი ცხოვრება და ასეთ შემთხვევაში ბიჭის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება: „განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს მოტაცებით ქორწინების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რა ასაკის არის გოგო, ბიჭს მაინც ეკისრება პასუხისმგებლობა, ცალკე მოტაცებისთვის, რაც სისხლის სამართლის კანონმდებლობის ენაზე წარმოადგენს თავისუფლების უკანონო აღკვეთას. ხოლო, თუ მოტაცებასთან ერთად, ბიჭმა იძულებით დაამყარა სქესობრივი კავშირი, მას დამატებით გაუპატიურების ან სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულისათვის დაეკისრება პასუხისმგებლობა. თითოეული დანაშაულისათვის კანონმდებლობა უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას”.

ადრეული ქორწინების გეოგრაფიული არეალი

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტი, თამარ გოლიჯაშვილი ადრეული ქორწინების გეოგრაფიულ არეალზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა აჭარისა და ქვემო ქართლის რეგიონები.

„დღეს, საქართველოს ბევრ რეგიონში ვხვდებით ამ პრობლემას, განსაკუთრებით, გამოირჩევა აჭარის რეგიონი, ქვემო ქართლი და უმცირესობებით დასახლებული რეგიონები.  ხშირი შემთხვევაა, როდესაც წყვილს შორის ორივე არასრულწლოვანია, ან გოგონაა მხოლოდ არასრულწლოვანი. აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საქართველო მეორე ადგილზეა 18 წლამდე გოგონათა ქორწინების მაჩვენებლით“, - აღნიშნა თამარ გოლიჯაშვილმა.

გოლიჯაშვილის თქმით, ორგანიზაცია „საფარი“ ადრეული ქორწინების თემაზე ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
„ჩვენ,სწორედ, განათლების ნაკლებობაში ვხედავთ პრობლემებს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, არასრულწლოვნებმა და მათმა მშობლებმა არ იციან, რა პრობლემები შეიძლება, მოჰყვეს ნაადრევ ქორწინებას. ადრეული ქორწინების დროს გოგონებს არ ეძლევათ საშუალება, მიიღონ განათლება. რადგან მათ არ აქვთ ცოდნა, ისინი ვერ იწყებენ მუშაობას, არ აქვთ კარიერული წინსვლის პერსპექტივა. ხშირ შემთხვევაში, ისინი ხდებიან  ქმრის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები“, - აცხადებს თამარ გოლიჯაშვილი humanrights.ge-სთან საუბრისას.

სკოლის როლი ადრეული ქორწინების პროცენტული მაჩვენებლის შესამცირებლად

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის ქვემო ქართლის ოფისის კოორდინატორი, თამარ ლუკავა აღნიშნავს, რომ სკოლის ადმინისტრაცია ვალდებულია აღრიცხოს, თუ რამდენმა მოსწავლემ შეწყვიტა სწავლა და რა მიზეზით. აღნიშნული კი არასრულწლოვანთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენას დაეხმარება.

„ხშირად დავდივართ რეგიონებში და ვეცნობით მოსახლეობის პრობლემებს.  თუმცა, ორგანიზაციის რუსთავის ოფისში წარმოებაში არ გვაქვს ადრეული ქორწინების საქმეები. ამას კი თემის ჩაკეტილობით ვხსნი, რადგან ამ საკითხზე ღიად არავინ საუბრობს. სოფელში ყველამ იცის არასრულწლოვანის ქორწინების ფაქტის შესახებ, თუმცა არც სამართალდამცავებს მიმართავენ და არც არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ერთი წლის წინ გვქონდა შეხვედრა ბოლნისში სკოლის მოსწავლეებთან. მასწავლებელმა მოგვიყვანა  მოსწავლე გოგოები, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ იცოდნენ ადრეული ქორწინების შესახებ, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე სამედიცინო საფრთხეების შესახებ. მათ გვითხრეს, რომ თანაკლასელებს გათხოვება არ უნდოდათ, თუმცა, უმეტესად, ოჯახის წევრებმა, კერძოდ, კი ბებია-ბაბუებმა დააძალეს ოჯახის შექმნა. სკოლის მოსწავლეების თქმით,  ბებია-ბაბუები ხშირად ეუბნებიან მათ, რომ უკვე დროა გათხოვდნენ და საკუთარი ოჯახი შექმნან. პრობლემა, ძირითადად, ტრადიციებშია. მეორე პრობლემა კი იყო ის, რომ ადრე არ ხდებოდა აღრიცხვა, თუ რატომ წყვეტდნენ სწავლას გოგონები. თუმცა, განათლების სამინისტრომ სკოლები დაავალდებულა, გამოიკვლიონ თუ რატომ შეწყვიტა სწავლა მოსწავლემ, თუმცა, რამდენად ასრულებს სკოლის ადმინისტრაცია, ეს ცალკე საკითხია“, - აღნიშნა თამარ ლუკავამ.

სკოლის როლზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელიც, რომელიც აღნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია, აუცილებელია, მასწავლებლებიც ინფორმირებულები იყვნენ, რათა შემდეგ საუბრისას, თემა უფრო გაშალონ და აუხსნან მოსწავლეებს მოსალოდნელი საფრთხეებისა და პრობლემების შესახებ.

„საფარი აზერბაიჯანულ ენოვან სკოლებში მართავს შეხვედრებს, რომლის მიზანია,  მოსწავლეებს ავუხსნათ, რატომაა ცუდი ადრეული ქორწინება. ყველაზე დიდი როლი აქვს სკოლას, რომელიც აყალიბებს მათ პიროვნებას. თუმცა სკოლასთან ერთად მნიშვნელოვანია მშობლის როლიც. მშობლებსაც უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი ინფორმაცია, რათა დაიცვან თავიანთი შვილები. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობაც, რათა განახორციელოს საინფორმაციო კამპანიები, ხმა მიაწვდინოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს, რათა მათ არ გადადგან მსგავსი ნაბიჯი“, -განაცხადა თამარ გოლიჯაშვილმა.

ფსიქოლოგიური და სამედიცინო პრობლემები

ადრეული ქორწინება, გარდა იმისა, რომ ისჯება კანონით და განათლების მიღების საშუალებას ართმევს ადრეულ ასაკში დაოჯახებულებს, იგი ასევე იწვევს ფსიქოლოგიურ და სამედიცინო პრობლემებს. 

გაგუას კლინიკის მიმღები განყოფილების ხელმძღვანელის, პაატა მახარაშვილის თქმით, კლინიკაში 16-17 წლის მშობიარეები, ძირითადად, ეთნიკურად აზერბაიჯანელი გოგოები მიიღეს.

„ადრეულ ასაკში სექსუალური ცხოვრების დაწყებისას  ხშირია ტრავმატიზმი. ხშირად გვიხდება საშოს მთლიანობის აღდგენა,  რადგან სერიოზული ჩახევები აღენიშნება არასრულწლოვანს. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ჯერ კიდევ არ არის ანატომიური სიმწიფე და ამიტომ არ არის მიზანშეწონილი სექსუალური ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში. უმჯობესია,  რომ ქალი 18 წლის ასაკის შემდეგ დაქორწინდეს და გააჩინოს შვილი, რადგან ადრეული ასაკი მშობიარობისთვის მომატებული რისკ-ფაქტორია. როდესაც  18 წლამდე მშობიარეს ვიღებთ, ვამოწმებთ საბუთებს, რადგან კანონმდებლობა გამკაცრებულია და ეს საკითხი, გასულ წლებთან შედარებით, დარეგულირებულია“, - განაცხადა პაატა მახარაშვილმა.

ასოციაცია „თანადგომის“ ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი humanrights,ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ გარდა სამედიცინო ტრავმებისა, ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნა იწვევს ფსიქოლოგურ პრობლემებსაც.

„მოზარდობის ასაკი ძალიან ბობოქარი ასაკია, ჰორმონების მოზღვავებაა. ბედნიერების განსაცდელად კი აუცილებელი არ არის ოჯახის შექმნა ადრეულ ასაკში. მით უფრო, რომ ბედნიერების ხანა გრძელდება მცირე დროით და შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზრდება ტრაგედიაში, რადგან ამ ყველაფერს ახლავს უამრავი სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორი. ხშირად, ადრეულ ასაკში დაოჯახებულებს ერთმევათ განათლების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, მხოლოდ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებსა და ემოციებზე დაფუძნებული ოჯახი, ადრე თუ გვიან,  თავის შედეგს მოიტანს.  პიროვნებებს შორის მთავარი ღირებულებათა ერთობაა, ის უნდა იყოს შენი მეგობარი, მოკავშირე.  წინააღმდეგი ვარ, რომ ადრეულ ასაკში მოხდეს დაქორწინება. მხოლოდ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები ამართლებენ ადრეულ ასაკში ქორწინებას, ამბობენ, რა კარგია, ადრეულ ასაკში გახდება ბებია და ასე შემდეგ, რაც  დიდი სისულელეა“, - აცხადებს ფსიქოლოგი.

მაია ჯიბუტის თქმით, ადრეული ქორწინების მიზეზები მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს, სიღარიბე, ან მშობლების მხრიდან შევიწროება, ძალადობა: „ხშირად გოგონა ილუზიას იქმნის, რომ თუ სხვა გარემოში წავა, ის კარგად იქნება. თუმცა, ეს შეცდომაა. როგორც წესი, ადრეულ ასაკში შექმნილი ოჯახების დაშლის პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ არასრულწლოვანი გოგო, ხშირად, უფრო მძიმე სიტუაციაში ხვდება. ის ოჯახის წევრებისთვის, იქნება ეს მეუღლე, დედამთილი თუ მამამთილი, გადაიქცევა მოახლედ. მას იძულებულს ხდიან, მოემსახუროს ოჯახში მყოფ მოხუცებსა თუ ბავშვებს.  რა თქმა უნდა, გოგო მუდმივი ზეწოლისა და სტრესის ქვეშაა, რადგან ეგონა, რომ მოხვდებოდა უკეთეს გარემოში, მაგრამ მოხვდა - უარესში”.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებულ სპეციალურ ანგარიშში ვკითხულობთ: „ადრეულ ასაკში ქორწინების შედეგად ბავშვები/არასრულწლოვნები დგებიან ისეთი საფრთხეების წინაშე, როგორიც არის ოჯახში ძალადობა. ისინი გაცილებით მოწყვლადები არიან და ნაკლები ინფორმაცია აქვთ დაცვის მექანიზმების შესახებ. ამასთან, ძალადობას იღებენ უკვე როგორც მოცემულ, გამოუვალ მდგომარეობას და შესაბამისად, უძნელდებათ თავის დაღწევა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში არსებულ სოციალურ ასპექტებს და მოთხოვნებს, რომლებიც გენდერული უთანასწორობის პრინციპებიდან იღებს სათავეს; როგორიც არის მაგალითად, გოგოს, ქალის მიმართ საზოგადოების მხრიდან დაწესებული არაფორმალური მოთხოვნები - პატიოსნების, უბიწობის და შემდეგ უკვე ოჯახის შენარჩუნების და თმენის ვალდებულებების შესახებ”.

სტატია მომზადდა პროექტის „ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს მიერ დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში. სტატიაში გამოთქმული თვალსაზრისი ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსაზრებას.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორი წესით უნდა მოხდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევა?
პირდაპირი არჩევნების გზით (ხალხის მიერ) არაპირდაპირი არჩევნების გზით (საქართველოს პარლამენტის მიერ)

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2017 HRIDC