კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უჩა ნანუაშვილმა, სახალხო დამცველის რანგში, ხუთწლიანი მუშაობა შეაფასა

15 დეკემბერი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

„არჩევამდე, პირდაპირ ეთერში ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დამისვა კითხვა, თუ ვის უფლებებს დაიცავდა სახალხო დამცველი. მაშინ ვთქვი, რომ ეს კითხვა უკვე იყო შეცდომა. მიხარია, რომ დღეს სახალხო დამცველის კანდიდატების მიმართ მსგავსი კითხვები არ ისმევა. სახალხო დამცველმა უნდა დაიცვას თითოეული ადამიანის უფლება. ჩვენ შევძელით, შეგვეცვალა მიდგომა და სტანდარტი და, ვფიქრობ, ეს გამოწვევა, რეალურად, აღარ არსებობს“, - ამ სიტყვებით დაამთავრა უჩა ნანუაშვილმა ხუთწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენა. 27 ნოემბერს საქართველოს უჩა ნანუაშვილმა საქართველოს პარლამენტის, სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს 2012-2017 წლების საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში გააცნო.

შევძელით ის, რომ ქვეყანაში აგვემაღლებინა ადამიანის უფლებათა სტანდარტები და სახალხო დამცველის ინსტიტუტი განვითარებულიყო - ასე აფასებს საქართველოს რიგით მეხუთე სახალხო დამცველი საკუთარ საქმიანობას. ომბუდსმენმა წარმოადგინა საქართველოს სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობა ინდივიდუალური საქმისწარმოების, მონიტორინგის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და განათლების, ასევე საერთაშორისო უფლებადაცვით ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით.

„შევძელით ის, რომ შეგვეცვალა მოსმენის ფორმატი, სახალხო დამცველის ანგარიშები და რეკომენდაციები ყოფილიყო გაზიარებული ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს მხრიდან და აღმასრულებელი ხელისუფლება ასევე ანგარიშვალდებული ყოფილიყო პარლამენტის წინაშე, რითაც საპარლამენტო ზედამხედველობის ხარისხი გაიზარდა. აპარატი გახდა უფრო მეტად პროაქტიული. ჩვენ არ ველოდებოდით კონკრეტულ განცხადებებსა და საჩივრებს მოქალაქეების მხრიდან, ასეულობით საქმე შემიძლია, დავასახელო, როდესაც საკუთარი ინიციატივით ვიწყებდით საქმის შესწავლას. ბოლო წლების განმავლობაში სახალხო დამცველი პირველად გახდა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსისა და ევროპული ქსელის მმართველი საბჭოების წარმომადგენელი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ომბუდსმენის განცხადებით, საანგარიში პერიოდში ორჯერ გაიზარდა სახალხო დამცველისადმი მიმართვიანობა; კერძოდ, 2012 წელს შემოვიდა 4 291 განცხადება, ხოლო 2017 წლის ნოემბრის მდგომარეობით კი, შემოსულია 7 697 განცხადება. 2012-2017 წლებში სახალხო დამცველის მიერ მომზადდა 74 სპეციალური ანგარიში, 14 საკანონმდებლო წინადადება, 35 კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრება გაიგზავნა 12 კონსტიტუციური სარჩელი.

როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რეგიონული ოფისების გაძლიერებას. ანგარიშის თანახმად, საანგარიშო პერიოდში გაიხსნა სამი ახალი ოფისი: თელავში ოზურგეთსა და მესტიაში. ამ დროისთვის რეგიონული ოფისების რაოდენობა 9-ს შეადგენს. ამასთან, საქართველოს რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვედრის მიზნით განხორციელდა 106 ვიზიტი.

არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან, რომელიც გამოწვეული იყო სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაფიქსირებული კრიტიკული შენიშვნების შედეგად - ასე შეაფასა უჩა ნანუაშვილმა ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან გამოთქმული კრიტიკა.

„ხელისუფლების რეაგირება არ ყოფილა ერთგვაროვანი. ვფიქრობ, რომ დასაწყისში იყო გაცილებით უფრო თანამშრომლობითი. მათ შორის, რეკომენდაციების შესრულების კუთხითაც იყო წინგადადგმული ნაბიჯი. განსაკუთრებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მე ვხედავ, რომ ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. ვფიქრობ, რომ ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებდით ყველა დარღვევას და ეს დარღვევები ეხებოდა სწორედ იმ სფეროებს, სადაც სისტემური პრობლემები ფიქსირდებოდა. ეს ეხება შსს-ს, პროკურატურას, სასამართლოსა და სხვა ორგანოებს, სადაც ყველაზე მეტად გამოვლინდა სერიოზული სახის დარღვევები”, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა. 

ხელისუფლების წარმომადგენელთა მხირდან უჩა ნანუაშვილის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ. 

„ვფიქრობ, სახალხო დამცველის მუშაობის შეფასების კარგი ლაკმუსი არის ხელისუფლების უკმაყოფილება. პოლიტიკური ხელისუფლება გამოთქვამს აქტიურ უკმაყოფილებას და გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითებენ. ეს, გარკვეულწილად, იმით არის განპირობებული, რომ სახალხო დამცველი თავის უფლებამოსილებას ჯეროვნად ახორციელებდა. შესაბამის კრიტიკას კი, ხელისუფლების მხრიდან გულისწყრომა მოჰყვა“, - განაცხადა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ადამიანის უფლებათა პროგრამის კოორდინატორმა, გიორგი ბურჯანაძემ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი, როდესაც სახალხო დამცველმა პოლიციაში მოქალაქის სავარაუდო ცემის ფაქტის გამოძიება მოითხოვა: „შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი იყო კრიმინალების მხარდამჭერი. ასეთი შეფასება მინისტრის მხრიდან შემაშფოთებელია. იმის ნაცვლად, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება დაინტერესებულიყო ასეთი ფაქტების გამოძიებით, პირიქით ხდება კვლავ ხელის დაფარება“.

უჩა ნანუშვილის მიერ შესრულებული საქმიანობა შეაფასეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა.

„ჩვენ, ამ ხუთი წლის განმავლობაში, ნაყოფიერად ვთანამშრომლობდით ომბუდსმენის ოფისთან. პრაქტიკულად არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც დევნილთა სამინისტროში იქნა მიღებული, დევნილთა უფლებებზე, ეკომიგრანტთა უფლებებსა თუ ლტოლვილთა უფლებებზე, და არ ყოფილიყო ომბუდსმენი ჩართული. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობდით ერთმანეთთან. რა თქმა უნდა, ჩვენ დადებითად ვაფასებთ უჩა ნანუაშვილის საქმიანობას“, - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ, გიგა გიორგაძემ.

„გასული ხუთი წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახალხო დამცველის პოზიციები არაერთი მიმართულებით. ჩვენ ბევრ საკითხთან დაკავშირებით ვმუშაობდით ერთად, მათ შორის გახმაურებულ შემთხვევებზე. სახალხო დამცველს ჰქონდა არაერთი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი კამპანია, მათ შორის ის უკავშირდებოდა პირადი ცხოვრების უფლების დაცვას, ასევე შრომის პირობების უსაფრთხოებას. სახალხო დამცველის აპარატის მუშაობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია პრინციპული და დამოუკიდებელი კადრი სახალხო დამცველის აპარატში“, - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, სოფო ვერძეულმა.

„გასული ხუთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა. ჩვენ სხვადასხვა თემაზე ერთნაირი პოზიციები გვქონდა, ერთობლივად მოვითხოვდით სხვადასხვა უფლებადარღვევაზე რეაგირებას. ასევე, ერთობლივად მოვითხოვდით სხვადასხვა საკანონმდებლო წინადადებით ვითარების შეცვლას“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა.

„შთამბეჭდავია ის შედეგები, რომლებიც წარმოადგინა სახალხო დამცველმა. ფაქტობრივად, გაორმაგებული არის ის სამუშაო და მიღწევები, რომლებიც აქამდე არსებობდა სახალხო დამცველის აპარატში. ასევე, მნიშვნელოვანი არის ის ზრდა, რომელიც მოჰყვა სახალხო დამცველის საქმიანობას“, - აღნიშნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა.

უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, თუ სად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას, უპასუხა, რომ რჩება იგივე სფეროში და ნებისმიერ ადგილას ადამიანის უფლებების დაცვას გააგრძელებს.

ახალი ამბები