07:51, Thursday, 16.08.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

შეწყალების მექანიზმის გასაუმჯობესებლად კონსულტაციები მიმდინარეობს

15.05.2018

 
ლანა გიორგიძე 

16 აპრილიდან შეწყალების კომისიამ დროებით შეწყვიტა იმ  მსჯავრდებულთა განცხადებების განხილვა,  რომლებიც ოჯახში ძალადობის ბრალდებით არიან გასამართლებული. აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ მიიღო. საქმე ისაა, რომ 25 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებული ვეფხვია ბაქრაძე, შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე, პრეზიდენტმა შეიწყალა. ბაქრაძე წარსულში სწორედ ოჯახში ძალადობის ბრალდებით იყო ნასამართლევი. 

ამ ფაქტთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მედიასთან განუცხადა, რომ მზად არის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები დაიწყოს. პრეზიდენტმა განმარტა, თუ რის საფუძველზე გაუნახევრდა სასჯელი ვეფხია ბაქრაძეს. მისი თქმით, რომც არ მომხდარიყო ბაქრაძის შეწყალება, ის ამ დროისთვის მაინც იქნებოდა თავისუფალი, რადგან სასჯელის ვადას რამდენიმე თვის წინ სრულად მოიხდიდა.

„საზოგადოებას გაუჩნდა კითხვები სრულიად ლეგიტიმურად... 2014 წლის აგვისტოში მსჯავრდებულმა ჩაიდინა ძალადობის აქტი მეუღლის მიმართ, მაგრამ მაშინ ეს ადამიანი არ იყო დაპატიმრებული და მხოლოდ ოთხთვენახევრის შემდეგ, დეკემბერში ჩადენილი ავარიის გამო, დააპატიმრეს და შემდეგ ორივე დანაშაულზე მიესაჯა სასჯელი. მან ერთხელ მიმართა კომისიას და მისი თხოვნა არ დაკმაყოფილდა. მეორე მიმართვისას კომისიაში შესული იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი საბუთი, რომელთაგანაც აღსანიშნავია სასჯელაღსრულების ცნობა, ფსიქოლოგის დადებითი დასკვნა, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების დადებითი დასკვნა და სამედიცინო ცნობა, რომელშიც არ არის მითითებული რაიმე სულიერი აშლილობის თაობაზე. თან ერთვოდა მსჯავრდებულის აღიარება და იმ ფაქტის აღწერა, რომ იგი ოთხი შვილის მამა იყო. აქვე დავამატებ, რომ თან ერთვოდა ამ თხოვნას ოჯახის გამოხატული სურვილი ბრალდებულის გათავისუფლების თაობაზე და ეს ერთადერთი დეტალია, რომელშიც მეტ კონკრეტიკას ვერ მოგაწოდებთ, პიროვნული ხასიათიდან გამომდინარე. მაშინ კომისიამ მე მომმართა, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სრულად ამ ადამიანის გათავისუფლების შესახებ. ეს ჩვენთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო, რომელშიც ყველა ინფორმაცია გაგაცანით, მე გავანახევრე მხოლოდ სასჯელი“, - განაცხადა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 16 აპრილს მედიასთან საუბრისას.

ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით განმარტებები შეწყალების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემაც გააკეთა. ქორიძის თქმით, ვეფხია ბაქრაძეს დადებითად ახასიათებდა როგორც ფსიქოლოგი, ასევე სამედიცინო პერსონალი.

„შეწყალების პროცედურა პირველად 2015 წლის ივლისის კომისიაზე იხილებოდა. მაშინ შეწყალების კომისიამ უარყოფითი დასკვნა გასცა პრეზიდენტთან. რაც შეეხება 2016 წლის ოქტომბერს, ამ დროს კომისიამ მიაწოდა დადებითი რეკომენდაცია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმ მონაცემების გათვალისწინებით, რაც გვქონდა ჩვენ. პრეზიდენტმა სასჯელი ვეფხია ბაქრაძეს მაშინ გაუნახევრა. წელიწადი და ორი თვე იყო დარჩენილი სასჯელის ამოწურვამდე, 2017 წლის 28 დეკემბერს უნდა დაეტოვებინა მას დაწესებულება, მაგრამ შეწყალების მექანიზმის გამოყენებით მან საპატიმრო დაწესებულება დატოვა 2017 წლის 25 მაისს“, - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

ზვიად ქორიძის განცხადებით, აღნიშნული ფაქტის შემდეგ ბაქრაძემ 6-ჯერ მიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, თუმცა მან ექვსჯერვე უარი მიიღო. 

„სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან მოვისმინეთ, რომ ისინი ეყრდნობოდნენ უარყოფით დახასიათებას. მაშინ გვიჩნდება კითხვა, რომ თუ უარყოფითად ხასიათდება ეს მსჯავრდებული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, რვა თვით ადრე რატომ ხასიათდებოდა ასე დადებითად და რატომ მოგვივიდა ჩვენ ასეთი დასკვნა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროდან? რა, ეს განგებ გააკეთეს?", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე დარახველიძის თქმით კი, პრეზიდენტის შეწყალების კომისიასა და ე.წ. „უდოს კომისიაში“ იდენტური ტიპის დახასიათებები იგზავნება.

„რაიმე ტიპის დადებით ან უარყოფით ტიპის დახასიათებაზე საუბარი, ჩემი აზრით, არასწორია, ვინაიდან მითითება ან მინიშნება იმაზეც კი, რომ დაწესებულება უწევდა რეკომენდაციას შეწყალებასთან დაკავშირებით ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვერ დავადასტურებ. დანაშაულის ხასიათი, რომელიც მას ჰქონდა ჩადენილი და სხვა დანაშაული, რომელიც მას ჰქონდა ჩადენილი, ასევე დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა... კი გასაგებია, რომ ის დასჯილი არ იყო, მაგრამ არც წახალისება არ ყოფილა, ასევე, დაზარალებულთან დამოკიდებულება. ამაზე დაყრდნობით მივიჩნიეთ, რომ მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება საერთოდ არ იყო მიზანშეწონილი“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

უმრავლესობის დეპუტატები პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებენ. დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის თქმით, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პრეზიდენტი ასეთი შეცდომის მერე გადადგებოდა. „ჩვენ ვიხილეთ უპასუხისმგებლო განცხადებები, სადაც ის ყველასკენ იშვერს ხელს ოღონდ თვითონ არ აიღოს პასუხისმგებლობა, ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტის მერ წარგზავნილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც შეეცადა საბჭოში ჩემი მეუღლის ხსენებით პრეზიდენტის არაკვალიფიციური და სუბიექტური შეწყალებები "გაეპრავებინა". ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში პრეზიდენტი ასეთი შეცდომის შემდეგ გადადგებოდა", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

„არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული“, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პრეზიდენტის მიერ 25 წლის ქალის მოვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძის შეწყალების საკითხს. მისი თქმით, შსს-ს მკაცრი პოლიტიკა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან მიმართებაში ვერ აღსრულდება, თუ ყველა უწყება და მათ შორის პრეზიდენტი, არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას ასეთ დანაშაულთან. 

„ამ ადამიანს წარსულში ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობისთვის. მან მაშინ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა მეუღლეს, რომლის შვილის მკვლელობაშიც ახლა ბრალი ედება. არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის შეწყალება ამ შემთხვევაში იყო გამართლებული. ზოგადად, მიდგომა შინაგან საქმეთა სამინისტროსი ამ კატეგორიის დანაშაულთან დაკავშირებუთ არის საკმაოდ მკაცრი. ვერ მოხდება ჩვენი მკაცრი პოლიტიკის აღსრულება პრაქტიკაში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების ეფექტურად დაცვა, თუ ყველა უწყება და მათ შორის პრეზიდენტი არ გაატარებს მკაცრ პოლიტიკას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებთან მიმართებით”, -
განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა მედიასთან საუბრისას. 

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თამარ ჩუგოშვილი მიუთითებს, რომ ძალადობრივ დანაშაულთან დაკავშირებით კიდევ უფრო განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია: „ახლა თუ შეწყვეტს და შეაჩერებს, ეს კონკრეტულ მსხვერპლსა და კონკრეტულ ადამიანს სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს“.

19 აპრილს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და შეწყალების კომისიის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მსჯავრდებულთა შეწყალების მექანიზმთან და შეწყალების კომისიის მუშაობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის საერთო სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ყველა იმ ტექნიკურ დეტალზე იმუშავებს, რომელიც უწყებებს შორის კომუნიკაციისა და შეწყალების პროცესს გააუმჯობესებს. ასევე აღინიშნა, რომ შეწყალების კომისია გაფართოვდება და მის მუშაობაში სასჯელაღსრულების სამინისტროს წარმომადგენელი ჩაერთვება.

სტატია მომზადდა პროექტის "სასამართლო მონიტორინგი ქალებისთვის" ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს ბულგარეთის განვითარების ფონდთან ერთად. სტატიაში მოცემული ინფორმაცია შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას, შესაბამისად, იგი არ არის პასუხისმგებელი გამოქვეყნებული სტატიის შინაარსზე.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ემხრობით თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას?
კი არა არ ვიცი

ბლოგი

კუდები გვაკვირვებს
ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებისთვის თვალშისაცემია კამპანია „ეს შენ გეხებას“ გააქტიურება. კამპანიის ცნობილ მარკაზე გაჩნდა ახალი წარწერა - „ისევ გვისმენენ - ისევ გვითვალთვალებენ“. ეს
ვრცლად...
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC