კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილი ოჯახი ხელისუფლებას ერთვიან ვადას აძლევს

9 ივლისი, 2018
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ერედვიდან დევნილი ღამბაშიძეების ოჯახი, რომელიც ორი კვირის წინ, გორში დევნილებისთვის აშენებულ კორპუსების  ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უნებართვოდ შეიჭრა, 5 ივლისს დევნილთა სამინისტრომ გამოასახლა.  ოჯახის წევრების ნაწილმა ის ღამე ღია ცისქვეშ გაათენა. გვიან ღამემდე გარეთ იყვნენ მცირეწლოვანი ბავშვებიც.

,,მთელმა მსოფლიომ დაინახოს, როგორ ექცევიან საქართველოში დევნილებს. დევნილთა სამინისტრომ დაინახოს, რა დღეში არიან ბავშვები. ჩვენ წასასვლელი არსად არ გვაქვს და დევნილთა სამინისტროს უყურადღებობამ მაიძულა იმ ბინის კარი შეგვემტვრია და შევსულიყავით, რომელიც ჯერ კიდევ სახელმწიფო ბალანსზეა", - ეს განცხადება ქეთევან ღამბაშიძემ იმ დროს გააკეთა, როდესაც მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად ღია ცისქვეშ იმყოფებოდა და სახლში აღარ უშვებდნენ.

ღია ცისქვეშ დარჩენილ დევნილ ოჯახთან გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი მივიდა და მათ რამდენიმე დღით თავშესაფრით უზრუნველყოფა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო, თუმცა 6 ივლისს  გორის მერის შემოთავაზებას ღია ცისქვეშ დარჩენილი ოჯახი დათანხმდა. გორის მერიამ ხუთ სულიან დევნილ ოჯახს თავშესაფარი უსახლკაროებისთვის აშენებულ ერთოთახიან ბინაში, ერთი თვის ვადით,  გამოუყო.

,,ეს საცხოვრისი არის უსახლკაროებისთვის განკუთვნილი, ჩვენ დროებით შევუშვით ეს ოჯახი, ამის შემდეგ ალბათ დევნილთა სამინიტრო დააკმაყოფილებს ამ ოჯახს", - განცხადა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

ღაბაშიძეების განცხადებით,  2011 წელს ხელისუფლებამ ისინი წაიყვანა და მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში, ყოფილ სამხედრო ობიექტზე არსებულ შენობაში შეასახლა. შაუმიანში ღაბაშიძეებმა  ერთი წელი გაატარეს და შემდეგ ქირით გორში დაბრუნდნენ. მათ უარი თქვეს სამინისტროს შეთავაზებაზე,  აღნიშნული ფართის მათ საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რადგან მათი თქმით, იქ საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობები იყო და ამიტომ ითხოვდნენ ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას.

,,არაერთხელ ვიყავი დევნილთა სამინისტროში და იციან, თუ რა პირობები იყო შაუმიანში. ვითხოვდით, რომ გორში გადმოეცათ ჩვენთვის საცხოვრებელი სახლი ამის შესახებ წერილი მივწერე დევნილთა სამინისტროს და გვიპასუხეს, რომ ერთოთახიანი ბინები აღარ გვაქვსო, ჩვენ ვართ ხუთ სულიანი ოჯახი და ერთოთახიანი ბინა საკმარისია ჩვენთვის? ამის შემდეგ გავარკვიეთ, რომ გორში სამოთახიანი ბინები გასანაწილებელი იყო და ერთ-ერთ ბინაში შევედით, რადგან სხვა გზა არ დაგვიტოვეს", - აცხადებს ქეთევან ღამბაშიძე.

დევნილთა სამინიტროს წარმომადგენელის, ბერდია ფიცხელაურის თქმით, ღამბაშიძეები მარნეულის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული და გორში ბინას ვერ მიიღებდნენ. მისივე თქმით, ბინის მისაღებად აუცილებელი იყო აპლიკაციის შევსება, რაც მათ არ ჰქონდათ გაკეთებული. 

 „შაუმიანში საცხოვრებლად კარგი პირობები არ არის, სამინისტრო მომავალში ან პირობებს გააუმჯობესებს, ან ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს იმ მცხოვრებთ“, - განაცხადა ბერდია ფიცხელაურმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის განცხადებით, დევნილთა სამინისტრო საკუთარ პასუხიმგებლობას გაურბის და დევნილებს აიძულებს, რომ კანონი დაარღვიონ.

,,ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელთა აპელირება პროცედურულ და ბიუროკრატიულ საკითხებზე წარმოადგენს პასუხისმგებლობის არიდების მცდელობას. დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სახელმწიფოს და შესაბამისად სამინისტროს, აქვს ვალდებულება, უმოკლეს ვადაში დააკმაყოფილოს დევნილი ოჯახი სათანადო, ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი, მათ შორის, უსაფრთხოებისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელი პირობებით უზრუველყოფილი საცხოვრებლით", - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი, ალექსი მერებაშვილი.

ქეთევან ღამბაშიძე ხელისუფლებასა და დევნილთა სამინისტროს ერთვიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ მათი დაკმაყოფილება მოხდეს საცხოვრებელი ბინით, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროტესტის ნიშნად, დევნილებისთვის აშენებული კორპუსების წინ კარვის გაშლა აპირებს.  

ახალი ამბები