კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“

6 სექტემბერი, 2018
ლანა გიორგიძე

1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 

მსოფლიო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დღეს 30 აგვისტოს აღნიშნავს. საქართველოში, 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, 2400-ზე მეტი ადამიანია გაუჩინარებული, რომელთა ოჯახები დღემდე გაურკვევლობაში არიან. ყველაზე მძიმე კი გაურკვევლობაში ყოფნაა, როდესაც არ იცი, გამოიგლოვო ადამიანი თუ კიდევ გქონდეს იმედი მისი პოვნის. 

2018 წლის 30 აგვისტოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციამ უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს ფოტოგამოფენა მიუძღვნა, სახელწოდებით - „არ დამივიწყო“. ამ დღეს იკრიბებიან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები და ნათესავები და კიდევ ერთხელ, საჯაროდ იხსენებენ ტკივილიან დღეებს, მაშინ, როდესაც დაკარგეს ახლობელი ადამიანი, თუმცა უმრავლესობას არ დაუკარგავს იმედი - პოვნის.

უგზო-უკვლოდ რომ გეკარგება ოჯახის წევრი, ეს რომ დიდი ტრაგედიაა, ამას საკუთარ თავზე სანამ არ გამოცდი, მანამდე ბოლომდე ვერ მიხვდები ადამიანი. თუმცა, დაკარგულთა რაოდენობა აღარასოდეს მინდა, რომ გაიზარდოს, ეს არის ოჯახების და ქვეყნის ტრაგედია, როდესაც უმისამართოდ ეძებ ადამიანებს: ბავშვებს, მოზარდებსა თუ მოხუცებს. 

ჩემი ოჯახის უგზო-უკვლოდ დაკარგული წევრი ვეძებეთ ყველგან, მდინარეებში, მთებში, ბუჩქებში, კარდაკარ, სოფელ-სოფელ, მოხუცთა თავშესაფრებში, თუმცა ამაოდ. თითქოს, მიწამ უყო პირი. ამ დროს თითოეული ადამიანის ქმედებაზე ფიქრობ, თითოეულის თანადგომა გშველის, თითოეულის სიყალბე გაღიზიანებს. და მაინც, მინდა გიამბოთ, დედაზე, რომელიც თავის დაკარგულ დედას დასტირის და გულში მაინც აქვს იმედი, რომ სახლში მისულს გამოეგებება თავისი დედა და ეტყვის - მე დავბრუნდი. მეზობლებზეც გიამბობთ, კეთილებზე, დაუზოგავებზე, რომლებიც ყველგან ეძებდნენ და განიცდიდნენ და ისეთებზეც, რომლებიც ჭორებს ავრცელებდნენ, ენებს იქავებდნენ ათასი ვერსიის მოგონებით, ყალბი თანადგომით. პოლიციაზეც მინდა გიამბოთ, რომელიც ამბობს, რომ კინოლოგები არ ჰყავთ, 3 კვირის შემდეგ კი, შენივე დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, კინოლოგი მოჰყავთ და ტყუილად ეძებენ კვალგამქრალ ქალს. ნათესავებზეც გიამბობთ, მეზობლების მსგავსად ორ კატეგორიად რომ იყოფიან - ყალბი თანაგრძნობითა და ნამდვილი გვერდით დგომით. ზოგ ისეთ ადამიანზეც გიამბობთ, რომ ჰგონიათ, შვილმა რამე მოქმედება დააკლო დედის ძიებას და გაოცებული რომ აღმოაჩენენ, რომ რაც მათ არ უფიქრიათ ისიც რომ გაუკეთებია შვილს...

სოფლის „ნათელმხილველებზეც“ გიამბობთ, რომ გირეკავენ და გეუბნებიან, ხილვა ვნახე ბებო სადღაც სოფელშიაო, 2 დღეში ხილვას ცვლიან და მდინარის ტალღებში ეძებეთო. ფუჭი ადამიანები ამ დროს უფრო მეტად ამოფუთფუთდებიან და დაიწყებენ საქმის ძიებას, რადგან ამ დროს თავის საჭიროებას გრძნობენ შერლოკ ჰოლმსები. 

მედიაზეც მინდა გიამბოთ, რომელიც 73 წლის ქალის ბედით დაინტერესდა, გააშუქა და გვერდით დაგვიდგა. ოჯახის წევრებზე, მეგობრებსა და თანამშრომლებზეც ვწერ, რომლებიც ნამდვილად წუხან და გვერდით დგანან, ქმედით ნაბიჯებს დგამენ და ცდილობენ დახმარებას. 

ყველა ადამიანზე ვწერ, რომელიც უმისამართოდ დაიკარგა, ყველას ამბავი დიდი ტრაგედიაა და ვიმედოვნებ, სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთვება ადამიანების ძებნის პროცესში, არ დაყოფს მათ კატეგორიებად, არ უგულებელყოფს ძიების პროცესს იმიტომ, რომ მოხუცია, რადგან ყველა ადამიანი თანაბარი უფლებით სარგებლობს და სახელმწიფო თითოეულის წინაშე ვალდებულია, საჭირო ღონისძიებები გაატაროს.

ახალი ამბები