კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში მოკლული 9 წლის გოგო და მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ი.ნ.-ს საქმე

30 ოქტომბერი, 2018
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

25 ოქტომბერს, ქალაქ გორში, 9 წლის გოგონა სახლიდან 14:30 საათზე გადის, იგი 15:00 საათზე ცეკვის გაკვეთილზე უნდა მისულიყო, თუმცა მისი კვალი აქედან იკარგება.  დღის მეორე ნახევარში 9 წლის ნანა ბერიაშვილის ოჯახი უკვე პოლიციას მიმართავს და აქტიურად იწყება დაკარგული გოგონას სამძებრო სამუშაოები.  რამდენიმე საათიანი უშედეგო ძებნის შემდეგ,  საღამოს საათებში,  9 წლის გოგოს ცხედარი მისი საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, მდინარე ლიახვის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

 თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილს ფეხები  მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული. არსებობს ვარაუდი, რომ ბავშვი სწორედ ცელოფნის ტომრით გაგუდეს.

humanrights.ge-სთან საუბარში გარდაცვლილის ბაბუა ამბობს, რომ აღნიშნული ტერიტორია შეამოწმეს და იქ ბავშვის ცხედარი არ იყო, ოჯახის წევრები ეჭვობდნენ რომ გოგონას ცხედარი მდინარე ლიახვის სანაპიროზე მიიტანეს და დააგდეს. 

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა, მათი მოთხოვნა იყო ფაქტის დროული გამოძიება და დამნაშავის დასჯა. მათი თქმით, გოგონა მოკლული იყო. 

რამდენიმე საათის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შემთხვევის ადგილზე მივიდა შსს მინისტრის პირველი მოადგილე კახა საბანაძე, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამოძიება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფაქტის დროულად გამოძიება მოხდეს.

26 ოქტომბერს 10:30 საათზე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ სპეციალური განცხადება გორში გააკეთა.  კახა საბანაძის განცხადებით საქმე პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა და 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი, 1984 წელს დაბადებული ახალგაზრდა მამკაცი,  დააკავა. 

 „ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ასევე იმ მარშრუტის დადგენის საფუძველზე, რომლითაც სისტემატურად გადაადგილდებოდა ბავშვი, შესწავლილი იქნა დეტალურად თითოეული ბინა. ერთ-ერთ ბინაში  საეჭვო სისხლის კვალი აღმოაჩინეს. დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა. ზემოხსენებული მტკიცებულებების საფუძველზე, ასევე სხვა მტკიცებულების საფუძველზე, რომელიც არის საქმეში, დააკავეს ი.ნ. სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტის საფუძველზე“, – განაცხადა კახა საბანაძემ.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს განზრახ მკვლელობას "დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფისა". დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

როგორც ირკვევა, 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი პარალელურ ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული და შსს ინფორმაციით საეჭვო სისხლის კვალი სწორედ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. 

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები მკვლელობაში ეჭვმიტანილს არ იცნობენ. მათი ინფორმაციით, გოგონა სასტიკად არის ნაცემი და ჭრილობები თავის არეშიც აღენიშნება, თუმცა ექსპერტიზის პასუხები ამ დროისთვის არ არის ცნობილი. ასევე ამ დროისთვის მხოლოდ ვერსიების დონზე განიხილება ჰქონდა თუ არა ადგილი ბავშვზე სექსულურ ძალადობას.
გამოძიების ცნობით გორში 9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, 1984 წელს დაბადებული, მამაკაცი წარსულში ნასამართლევია.

ადვოკატ მამუკა ნოზაძის ინფორმაციით 2004 წელს, ი.ნ. დაკავებული იყო არასრულწლოვან ბავშვის გატაცების ბრალდებით. 

,,არასრულწლოვანი 11 წლის ზაქრო ბერძნიშვილი 2004 წელს გაიტაცეს და დღემდე ვერ იპოვეს. ი.ნ.-ს მამა, იმ  ოჯახს უშენებდა ავტოფარეხს, რომლის ბავშვიც გაიტაცეს. ი.ნ. ოჯახს სთხოვდა გამოსასყიდ თანხას. სასამართლომ ი.ნ. ფულის გამოძალვის ბრალდებით გაასამართლა, არასრულწლოვანის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში კი სასამართლომ გაამართლა", -აცხდებს ნოზაძე.

2004 წელს სახალხო დამცველის  რეგიონულმა წარმომადგენელმა წინასწარი დაკავების საკანში ი.ნ. სასტიკად ნაცემი ნახა, რომელიც აცხადებდა, რომ ბრალის აღიარების მიზნით, გორის შსს-ს თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და დაემუქრნენ, რომ ამ ფაქტის გახმაურების შემთხვევეაში, კვლავ ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.იმ დროისთვის აღნიშნული ფაქტი სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშშიც შევიდა. 

არსებული ინფორმაციით ი.ნ.-მ  საპატიმრო 9 თვის წინ დატოვა, იგი ბოლოს მოქალაქისთვის ტელეფონის წართმევის ბრალდებით გაასამართლეს. 

9 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის დედის, განცხადებით მის შვილს მკვლელობა არ ჩაუდენია და არც აღიარებს. დედის განცხადებით ი.ნ. პოლიციამ საცხოვრებელი სახლიდან აიყვანა, მისი ინფორმაციით მისი შვილი სახლში საღამოს 19:00 საათისთვის დაბრუნდა და პოლიციამ ღამის 24:00 საათისთვის აიყვანა სახლიდან. დაკავებულის დედა ადასტურებს, რომ მისი შვილი წარსულში ნასამართლევი იყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ი.ნ-ს. მოკლული 9 წლის გოგონას სურათები ჰქონდა ტელეფონში და მას უთვალთვალებდა, თუმცა ბრალდებულის დედის თქმით, მის შვილს უცნობი მცირეწლოვანი ბავშვების სურათები ტელეფონში ნამდვილად ჰქონდა მაგრამ ეს არ იყო მოკლული 9 წლის ბავშვის სურათები.

“ეგ ჩიპი ციხიდან ჰქონდა წამოღებული. ვიღაც ბავშვების სურათები იყო ჩაწერილი, თუმცა მითხრა,რომ ვიღაცას ათხოვა ცარიელი ჩიპი და ჩაუწერეს ფოტოები. ეს არის შეკერილი საქმე", - აცხადებს, 9 წლის გოგოს მკვლელობის ბრალდებით დაკავებულის დედა.

გორში მოკლული ცხრა წლის გოგონას ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ გოგონას ცხედარი ურიკით მიიტანეს მდინარე ლიახვის ნაპირზე. ექსპერტიზის პასუხები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

ახალი ამბები