კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ამომრჩეველთა უპრეცედენტო მოსყიდვის ფაქტად აფასებენ

21 ნოემბერი, 2018
ლანა გიორგიძე 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. არჩევნებამდე 9 დღით ადრე კი მმართველმა პარტიამ საზოგადოებას ახალი ინიციატივის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება 31 დეკემბრამდე გაუნულდება. 

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება  და 31 დეკემბრამდე დასრულდება. ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვალების განულების პროცესი ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

„მადლობა ფონდ „ქართუს“. რომ არა ფონდის მხარდაჭერა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივის რეალიზება ვერ მოხდებოდა. მინდა, განვუმარტო საზოგადოებას – ე.წ. „შავ სიაში“ დაფიქსირებული ვალების თითქმის 95 პროცენტი შედგება სესხებიდან, რომლის ძირი თანხა არ აღემატება 2000 ლარს. საუბარია 600 000-ზე მეტი მოქალაქის ფინანსურ ვალდებულებაზე, ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების თუ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტის მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს, დაახლოებით, მილიარდ-ნახევარ ლარს. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს დავალიანება უნულდება ჩვენს მოქალაქეებს. აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედიან სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები. მიმდინარეობს  მუშაობა მოვალეთა რეესტრის ბაზებზე. ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალი ინიციატივა, რომელიც პრემიერ-მინისტრმა სიღარიბის დამარცხების საშუალებად მოიხსენია, საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამომრჩევლთა უპრეცედენტო მასშტაბის შესაძლო მოსყიდვად შეაფასეს.

„ხელისუფლების მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს და მიმართულია  მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ მეორე ტურში ამომრჩეველთა გულის მოგებისკენ. საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსის” თანახმად,  საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.“ აღსანიშნავია, რომ მსგავსი მასშტაბის ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი საქართველოსთვის უპრეცედენტოა. აღნიშნული ინიციატივა თავისი მასშტაბებით უდავოდ მოახდენს გავლენას არჩევნების შედეგებზე.

მართალია, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა „ქართუ“ ჯგუფის სარეგისტრაციო დოკუმენტებში არ ფიგურირებს, საზოგადოებისთვის ეს ორგანიზაცია სწორედ მასთან და მის ოჯახთან ასოცირდება. გარდა ამისა, ფონდი „ქართუს” გამგეობის თავმჯდომარე პირდაპირ ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო. შესაბამისად, არჩევნების მეორე ტურის წინ „ქართუ“ ჯგუფის მიერ მსგავსი მასშტაბის და ოდენობის ფინანსური სესხის დაფარვაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება, ბუნებრივად ასოცირებული იქნება ბიძინა ივანიშვილთან და მის მიერ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წარმოებულ კამპანიასთან“, - ნათქვამია სამი არასამთავრობო ორგანიზაციის: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის ინიციატივა ვალების ჩამოწერის შესახებ ამომრჩევლის მოსყიდვაა. მისივე თქმით, 100 ლარზე მეტი ოდენობის თანხით მოსყიდვაზე პასუხისმგებელია პროკურატურა და უწყება საქმით უნდა დაინტერესდეს.

საპარლამენტო უმცირესობა კი,  პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ვალების ჩამოწერის საკითხზე პარლამენტში იბარებს. ოპოზიციის წარმომადგენლები მათგან დეტალურ განმარტებას ითხოვენ - რას ნიშნავს მთავრობის ინიციატივა ვალის ჩამოწერის თაობაზე და როგორია მათი გეგმა. ოპოზიციის აზრით, მსგავსი ტიპის დაპირებები წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, მიზანი კი, ამომრჩევლის ხმების მათთვის სასარგებლოდ მობილიზებაა.

კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია მიიჩნევს, რომ მმართველის პარტიის ინიციატივა ცალსახად ამომრჩევლის მოსყიდვაა.

 „როდესაც ეს დაპირება ჩნდება არჩევნებამდე რამდენიმე დღის წინ, ეს აშკარად აჩენს ხელისუფლების განზრახვას, რომ მასობრივი კმაყოფილება, მასობრივი ლოიალობა გამოიწვიოს და ამ ძალისხმევის სანაცვლოდ არჩევნებში ხმები შეიძინოს. ამდენად, ცხადია რომ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა და 600 000 ადამიანზეა საუბარი. 
ეს ინიციატივა ასევე უთანასწორო და დისკრიმინაციულია იმ მოქალაქეების მისამართით, რომელთაც შეიძლება ძალიან ბევრ რამეს იკლებდნენ, მაგრამ ბანკის ვალებს პატიოსნად იხდიდნენ და ახლა „ოცნებამ“ ისინი სულელების როლში გამოიყვანა და გააჩინა განცდა, რომ შესაძლოა აიღო ვალი და არ გადაიხადო.
თუ მათი მიზანი იყო ადამიანი, რასაც ისინი აცხადებენ, უნდა ყოფილიყო პოლიტიკურად ნეიტრალური. განცხადება უნდა გაკეთებულიყო 30 ნოემბერს, რაკიღა დეკემბრიდან იწყება ეს ყველაფერი. როდესაც ეს წინასაარჩევნოდ კეთდება, ეს ამომრჩევლის ჩვეულებრივი მოსყიდვაა. მათ შორის დისკრიმინაციულიც“, - განაცხადა არჩილ გამზარდიამ.

პრემიერის ინიციატივას ამომრჩევლის მოსყიდვას უწოდებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი.

„საარჩევნო კოდექსში პირდაპირ არის მითითებული, რომ ამომრჩევლის ფინანსური სახსრებით დაინტერესება წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას. ამიტომ მიმაჩნია, რომ პრემიერის ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა. 

იურისტმა ასევე განმარტა, რომ საარჩევნო მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა, ან წინასწარი შეცნობით ასეთის მიღება, ანდა კანონით დადგენილი შეზღუდვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ან ჯარიმით.

არასამთავრობო ორგანიზაციების: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო და  სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების განცხადებით, ვალების ჩამოწერის ინიციატივა ნაკარნახევია ვიწრო პარტიული და პოლიტიკური ინტერესებით, რაც უარყოფით გავლენას ახდენს არამარტო საარჩევნო გარემოზე, არამედ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე. პოლიტიკური პარტიის მიერ ამომრჩეველთა მძიმე სოციალური პირობების საარჩევნო მიზნით გამოყენება მიუღებელია და დაბალ პოლიტიკურ კულტურაზე მიუთითებს. 

ორგანიზაციები მოუწოდებენ: 
ხელისუფლებას, თავი შეიკავოს პოპულისტური და ვიწროდ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისგან და ამომრჩეველთა ფინანსური პრობლემებით მანიპულირების ნაცვლად მოქალაქეთა სიღარიბის დაძლევის ფუნდამენტური მიდგომა შეიმუშავოს; 
ყველა პოლიტიკურ პარტიას, გაიაზრონ მათი როლი და პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ მსგავსი პოპულისტური განცხადებებისგან; 
საქართველოს პროკურატურას, დროულად და ობიექტურად გამოიძიოს და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს მოცემულ ფაქტზე.

პრემიერის ინიციატივას გამოეხმაურა საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ ჭარბვალიანობის პრობლემაზე თვითონაც საუბრობდა და ბედნიერია ამ ინიციატივით. 

„მე, არაერთხელ მაქვს ჩემი აზრი გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩემს სამაჟორიტარო წინასაარჩევნო კამპანიაშიც ვსაუბრობდი ამ საკითხზე თუ რამდენად რთულია ეს პრობლემა ასეთ ქვეყანაში, როდესაც მაგალითად ინტერნეტით შეიძლება მცირე კრედიტების აღება. ამ ყველაფერს სჭირდება რეგულაცია და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ გზით მივდივართ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა მედიასთან საუბრისას.

საქართველოს მთავარი პროკურატურა კერძო ხასიათის შეთანხმებას უწოდებს ე.წ. შავ სიაში შესული მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას. თუმცა უწყება „ნეტგაზეთთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საკითხს შეისწავლის და დანაშაულის არსებობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ნოემბერს არის ჩანიშნული, სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, მოახდენს თუ არა ამომრჩეველზე გავლენას პრემიერის ინიციატივა ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით და გაიმარჯვებს თუ არა ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ხმათა, დაახლოებით, 39 % მოიპოვა.

ახალი ამბები