კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია ქვემეხების გასროლის ფონზე გაიმართება

14 დეკემბერი, 2018
ლანა გიორგიძე 

თელავში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დროს, ქვემეხებიდან სამჯერ გაისვრიან. ამის შესახებ თელავის მერია განცხადებას სოციალური ქსელით ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციასთან დაკავშირებით, 2018 წლის 14, 15 და 16 დეკემბერს, 13:00 სთ-დან 15:00 სთ-მდე პერიოდში, მოხდება ქვემეხებიდან ერთობლივი გასროლა. გთხოვთ, გაავრცელოთ აღნიშნული ინფორმაცია”, – ამბობს უწყება.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, ერეკლე მე-2-ის სასახლეში 16 დეკემბერს გაიმართება, მანამდე კი, პრემიერ-მინისტრის 6 დეკემბრის  ბრძანებით, ღონისძიების მოსამზადებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. კომისიის თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილია, ხოლო მოადგილეები არიან: გიორგი ჭოლაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი და ალექსანდრე დარახველიძე - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე.

ოფიციალური ღონისძიება თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში გაიმართება, ოფიციალური ცერემონიის სხვადასხვა ღონისძიების ადგილებად კი თბილისის და წინანდლის მამულიც განიხილება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, კახა კახიშვილმა ისაუბრა.

„არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ფიცს თელავში დადებს, ინაუგურაციის მეორე ნაწილი კი, შესაძლოა, წინანდალში გაიმართოს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან, ინაუგურაციის საორგანიზაციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, ინაუგურაციის მოსამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელმა კახა კახიშვილმა.

კახიშვილის თქმით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია იქნება ლამაზი, თუმცა - არა პომპეზური.

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს ჰიმნთან ერთად კახური მრავალჟამიერი შესრულდება, – ამის შესახებ რეჟისორმა ბასა ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს თელავში, სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

„სტილისტიკა იქნება ზომიერი, ელეგანტური, ღირსეული და ისეთი, რომელიც საქართველოს კულტურას შეეფერება. არასდროს საქართველოს არც არქიტექტურული ძეგლები, არც ლანდშაფტი, პომპეზური არ არის. საქართველოს ხელოვნებასა და კულტურაში ყოველთვის იყო დაცული ზომიერება და ღვთაებრივ სისადავეს რასაც ეძახიან. ჩვენ შევეცდებით, რომ ყველაფერი ეს მისადაგებული იყოს ქართულ კულტურასთან. საქართველო ყოველთვის იყო ევროპული კულტურის ნაწილი და ქართული კულტურა მოიცავს ევროპულ ელემენტებს. მუსიკალური მხარე ინაუგურაციაზე არის ჰიმნი და მინდა, რომ მრავალჟამიერი შესრულდეს. ამ საოცარი კავკასიონის ფონზე კახური მრავალჟამიერი რომ არ შესრულდეს, არ შეიძლება“, – განაცხადა ფოცხიშვილმა.

საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ისტორიას დარჩება. მისივე თქმით, ღონისძიებას ბევრი სტუმარი დაესწრება, როგორც პროტოკოლით გათვალისწინებული, ისე მისი პირადი კონტაქტებით, უცხოეთიდან მოწვეული.

„ვფიქრობ, ინაუგურაციაზე საკმაოდ ბევრი სტუმარი იქნება. ერთის მხრივ, პროტოკოლით გათვალისწინებული სტუმრები, ჩვენი საგარეო უწყების პროტოკოლი გზავნის მოსაწვევებს ყველა იმ ქვეყნის პირველ პირთან, რომლებიც არიან ჩვენი პარტნიორები ან აკრედიტებული. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჩამოვა, ამისთვის ძალიან მცირე დროა, მაგრამ იმედი მაქვს, თუნდაც ქალთა წარმომადგენლობა იქნება შესატყვისი იმ ფაქტის, რომ საქართველოში პირველად აირჩიეს ქალი პრეზიდენტი.

მეც მეყოლება ჩემი პირადი სტუმრები, იმ კონტაქტებით, რაც უცხოეთში მაქვს. ვფიქრობ, სასურველია, მათაც გავაცნოთ საქართველო და ამითაც გამოვიყენო ეს ღონისძიება, რომ გაიცნონ საქართველო, თელავი და კახეთი.

ბუნებრივია, მაქვს დიდი მოლოდინი, რომ კარგად ჩაივლის და ეს იქნება ყველასთვის დასამახსოვრებელი დღე, რომელიც დარჩება ისტორიაში, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტის ინაუგურაცია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან.

პრეზიდენტის ინაუგურაციის თელავში ჩატარების საკითხს გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი და „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რომ „თელავი სიმბოლურად ქართული მონარქიის, ანუ სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება".

ხუხაშვილის შეფასებით, ინაუგურაციის თელავში გამართვა საპრეზიდენტო ეპოქის დასასრულის ასოციაციებს იწვევს.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებები მიიღება. თუ სიმბოლიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ ეს სიმბოლიკა უფრო ნეგატიურია, ვიდრე პოზიტიური. ეს ქალაქი სიმბოლურად ქართული მონარქიის ანუ სახელმწიფოებრიობის დასრულებასთან ასოცირდება. თელავი რა თქმა უნდა, ნამდვილად არის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი და ძალიან მიყვარს, მაგრამ სიმბოლიკა ძირითადად მაინც სევდიანი და ნეგატიური აქვს. თუ პატარა კახზე ვსაუბრობთ, მაშინ ასოციაციები ჩნდება რუსეთთან დადებულ ტრაქტატსა და იმპერიაში ინტეგრაციაზე", - ამბობს ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან".

მიუხედავად პოლიტოლოგის ასოციაციებისა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი 16 დეკემბერს თელავში მიმართავს ხალხს და დადებს ფიცს: „მე, საქართველოს პრეზიდენტი, ღვთისა და ერის წინაშე ვაცხადებ, რომ დავიცავ საქართველოს კონსტიტუციას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ერთიანობასა და განუყოფლობას, კეთილსინდისიერად აღვასრულებ პრეზიდენტის მოვალეობას, ვიზრუნებ ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისათვის, ჩემი ხალხისა და მამულის აღორძინებისა და ძლევამოსილებისათვის.“

პრეზიდენტის ინაგურაციისთანავე ამოქმედდება კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის თანახმად,  პრეზიდენტს აღარ ეყოლება უშიშროების საბჭო, რომელიც პირველად კონსტიტუციაში 1995 წელს გაჩნდა როგორც პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. მეხუთე პრეზიდენტი იქნება პირველი, ვინც ამით არ ისარგებლებს. ომის დროს იქმნება თავდაცის საბჭო, რომელსაც უხელმძღვანელებს პრეზიდენტი. 

შეწყალება რჩება პრეზიდენტის ერთადერთ შეუზღუდავ უფლებად. 1995 წლიდან მოყოლებული ამ ნაწილში არაფერი შეცვლილა. მოქალაქეობის მინიჭების უფლება რჩება, თუმცა, კანონი მას არეგულირებს.

ახალი კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე, პრეზიდენტის უფლებამოსილებები რამდენიმეჯერ შეიცვალა. კერძოდ, კონსტიტუციის თავდაპირველი რედაქციით პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, ის წარმართავდა და ახორციელებდა სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, ამასთან იყო ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში; პრეზიდენტს ეკრძალებოდა პარალელურად სხვა თანამდებობის დაკავება. 2004 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით, მთავრობის ინსტიტუტის შემოღებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიზღუდა მთავრობის სასარგებლოდ, თუმცა აღმასრულებელ ხელისუფლებაში შეინარჩუნა გარკვეული ფუნქციები; დაშვებულ იქნა პარალელურად პარტიული თანამდებობის დაკავება; ამავე პერიოდში შემოღებულ იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინსტიტუტი. 2010 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებით კვლავ შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილება, ამჯერად მთავრობისა და პარლამენტის სასარგებლოდ; პრეზიდენტს ჩამოშორდა აღმასრულებელი ხელისუფლების პრაქტიკულად ყველა უფლებამოსილება და კვლავ აეკრძალა პარტიული თანამდებობის დაკავება; პრეზიდენტის უფლებამოსილებაში დარჩა სახელმწიფოს მეთაურის და საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, შეუძლებელია ინაუგურაციის ჩატარება, როცა საქართველოს არ ჰყავს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი. „ამიტომ ეს შოუ სადაც უნდა იქ ჩაატარონ“ - უთხრა ჟურნალისტებს გრიგოლ ვაშაძემ.

ინაუგურაციის დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ აქციის ჩატარება გადაწყვიტა და თელავის მერიას მიმართა, თუმცა  მერიამ უარი უთხრა მათ მიერ მოთხოვნილ ადგილზე, ერეკლე მეორის ძეგლსა და მრავალწლოვან ჭადრებს შორის პერიმეტრზე, აქციის გამართვაზე და დაანონსებული აქციისთვის ოპოზიციონერებს ალტერნატიული ტერიტორია შესთავაზა.

„ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს უკვე გაუგზავნეს ოფიციალური შეტყობინება, სადაც აქციისთვის 9 აპრილის ქუჩა არის მითითებული.

„ჩვენ ვთავაზობთ მათ ალტერნატიულ ადგილს, ვინაიდან ის ადგილი, რომელიც მათ ჰქონდათ მოთხოვნილი, შედის ღონისძიების ერთ-ერთ შემადგენელ ტერიტორიად. იცით, რომ ამ ღონისძიებაში იღებს ძალიან ბევრი უცხოელი დელეგატი მონაწილეობას და თვითონ ის სამსახურები, რომლებიც ახორციელებენ ამ ღონისძიების უსაფრთხოებას და დაცვას, ვინაიდან ეს ადგილი მოექცა ერთ-ერთ მთავარ ადგილად, სადაც უნდა მოხდეს გადაადგილება ამ დელეგაციების, მათთან კონსულტაციის შემდეგ ჩვენ შევთავაზეთ ალტერნატიული ტერიტორია“, - განაცხადა თელავის მერმა ოფიციალურ განცხადებაში.

ინფორმაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის  წარმომადგენლმა, გიორგი ბოტკოველმა „ლიბერალს“ დაუდასტურა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზოცია აპირებს ჩაატაროს მშვიდობიანი აქცია იმ  მოედანზე, სადაც აქამდე ჰქონდათ დაგეგმილი.

საპროტესტო აქცია ინაუგურაციის დღეს არახალია. 2013 წელს საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაგურაციის პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ ორი აქცია გაიმართა: შალვა ნათელაშვილმა “გაყალებებული არჩევნები” გააპროტესტა, ხოლო ლაშა ჩხარტიშვილმა და გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფმა – ხუდონჰესი.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ,რომელიც საქართველოში შეხვედრებს მართავს, გრიგოლ ვაშაძეს მედიის საშუალებით მიმართა და განაცხადა, რომ არჩევნები არის გამყოფი და მაღლა წევს პოლიტიკურ ტემპერატურას, მაგრამ ახლა დროა, ქვეყანა გაერთიანდეს, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ პატივი სცეს ერთმანეთს.

გაერთიანებული ოპოზიცია, სავარაუდოდ, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის რჩევას არ გაითვალისწინებს და საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის პარალელურად მშვიდობიან აქციას გამართავს. 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის წინამორბედების ინაუგურაცია თბილისში, პარლამენტის ეზოში გაიმართა. რა სიმბოლური დატვირთვა აქვს თელავს ქართული ოცნებისთვის - ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ერეკლეს თუ მეზარბაზნეები აღარ ჰყავდა, საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს - ჰყავს, რომლის არჩევას თელავი და თელაველები ქვემეხების გასროლის ფონზე 16 დეკემბერს აღნიშნავენ.

ახალი ამბები