კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერიას კიდევ ერთი სამსახურის ხელმძღვანელი ტოვებს

29 იანვარი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2019 წლის 24 იანვარს გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსის, თემურ მანველიშვილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადების დაწერა იმ ინციდენტს უკავშირდება, რომელიც 2018 წლის 10 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან მოხდა, რა დროსაც ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე  სათლი ჩამოამხო.

სამოქალაქო აქტივისტებმა გორის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე გაკეთებული განცხადების: ,,აქედან რომ ვისროდით, ხომ შეიძლებოდა, იმათაც გამოეშვათ საპასუხო და აქ რა მოხდებოდა წარმოგიდგენიათ?" გასაპროტესტებლად მერიის შენობის წინ აქცია გამართეს, მათ მერის აღნიშნული პოზიციის საპასუხოდ ადმინისტრაციის კიბეზე ნაკელი და ხორბალი მიიტანეს.

აქციის დასრულების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტები დაყრილ ნაკელს სათლში ათავსებდნენ, ამ დროს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა, თემურ მანველიშვილმა გიგა მაქარაშვილს ის სათლი ჩამოამხო თავზე, სადაც ნარჩენები იყო მოთავსებული.

მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა რეაგირება არ ხდებოდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტი იმას უკავშირებდა, რომ მანველიშვილის სიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.  

 მომხდარ ინციდენტზე ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის მიმართ გორის მერიაში მხოლოდ საყვედურის გამოცხადებით შემოიფარგლნენ, რასაც მაქარაშვილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა და გორში მანველიშვილის საპროტესტო პლაკატები  გამოჩნდა, ,,დაუსჯელია".   სწორედ ამ აქციის შემდეგ მაქარაშვილი ამბობს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და მას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

"პროკურატურიდან სარჩელის გამოტანას არ ვაპირებ, რადგან საზოგადოების დაკვეთაა, რომ თემურ მანველიშვილმა პასუხი აგოს თავის ქმედებაზე", - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. ​

პოლიციამ მომხდარი ფაქტიდან ორი თვის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ კი, ადგილობრივი ტელევიზიებიდან განჩინების საფუძველზე გამოითხოვა ინციდენტის ამსახველი ვიდეო კადრები.

გორის მერის თქმით, მანველიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ პირადი განცხადებით მიმართა. თავზარაშვილი ამბობს, რომ ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელს გადაწყვეტილების შესაცვლელად 14-დღიანი ვადა აქვს.  

,,ამ განცხადებას რეზოლუციას არ დავადებ მომავალი 14 დღის განმავლობაში, რადგან მანველიშვილს არ უთხოვია თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლება. შესაბამისად, მან შეიძლება გადაიფიქროს და დარჩეს ამ თანამდებობაზე", - აცხადებს გორის მერი.

სოციალურ ქსელში უკვე შეიქმნა თემურ მანველიშვილის მხარდასაჭერი ჯგუფი, რომლის წევრები მოითხოვენ რომ ახალმა კანონმა, რომელსაც პარლამენტი ამზადებს, ერთხელ და სამუდამოდ, აკრძალოს ქვეყანაში სიცრუის, ცილისწამების გავრცელება და შეურაცხმყოფელი ფორმებით აქციების ჩატარება.

ახალი ამბები