კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციების განცხადება

9 იანვარი, 2019
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები ჟურნალისტისა და ბლოგერის – ირაკლი კორძაიას – მიმართ სავარაუდო ზეწოლისა და მუქარის ფაქტების გამოძიებას მოითხოვენ

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაციები ვეხმაურებით უფლებადამცველი ჟურნალისტის, ირაკლი კორძაიას მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს და მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმე დროულად და ეფექტურად გამოიძიოს.

უფლებადამცველი ჟურნალისტისა და ბლოგერის, ირაკლი კორძაიას განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მის მიმართ ზეწოლა 2018 წლის ნოემბერში განახლდა. ი. კორძაია 2012-2014 წწ-ში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა.  მისი განცხადებით, ამ პერიოდში მისთვის ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების შესახებ. მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საპატიმროდან საიდუმლოდ გაყვანა, რაზეც, სხვადასხვა მოწმეთა ჩვენებებით არსებობს დაარქივებული ვიდეო კადრები. ირაკლი კორძაიას განცხადებით, ამ და სხვა ფაქტებზე მისი კრიტიკული დამოკიდებულების გამო, სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან შეექმნა უთანხმოება და იძულებული გახდა დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა.

მას შემდეგ, ირაკლი კორძაია თავის ვიდეო ბლოგებში ღიად აკრიტიკებდა ხელისუფლებას, მიუთითებდა მათ მიერ ჩადენილ სხვადასხვა უფლებადარღვევებზე და საუბრობდა მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე, რაც ამ ფაქტებს დაადასტურებდა. კორძაიას განცხადებით, 2018 წელს მის მეგობარს საქართველოს მთავარი პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირი დაუკავშირდა და დაემუქრა, რათა ირაკლი კორძაიას შეეწყვიტა მისთვის ცნობილ ფაქტებზე საუბარი. გარდა ამისა, კორძაიას განცხადებით, თბილისში, მის სახლთან მიმდინარეობდა თვალთვალი. ამ ფაქტების გამო ი. კორძაია იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო.

ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო მუქარისა და ზეწოლის საქმეზე ირაკლი კორძაიას ინტერესებს თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი ორგანიზაცია, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს. ორგანიზაციის განცხადების მიუხედავად, ზემოაღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე დაწყებული არ არის.

შემაშფოთებელია ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტსა და ბლოგერზე განხორციელებული ნებისმიერი მუქარისა თუ ზეწოლის ფაქტი. სამწუხაროდ, ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან არაერთხელ მომხდარა უფლებადამცველი ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების დისკრედიტირება. ხელისუფლების მსგავსი აგრესიული რიტორიკა საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი აქტივისტებისა თუ უფლებადამცველების საქმიანობას საქართველოში. საქართველო, როგორც ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრი ქვეყანა, ვალდებულია პატივი სცეს უფლებადამცველების (მათ შორის უფლებადამცველი ჟურნალისტების) ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის მათ მიერ გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობას (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია 2225 (2018)).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
  • ირაკლი კორძაიას მიმართ განხორციელებული სავარაუდო მუქარისა და ზეწოლის ფაქტზე დაიწყოს სისხლის სამართლისგამოძიება და გამოძიება წარიმართოს სწრაფად, ეფექტურად და ობიექტურად;
  • უზრუნველყოს უფლებადამცველი ჟურნალისტის, მისი ოჯახის წევრებისა და მეგობრების უსაფრთხოების დაცვა.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT) წევრი ორგანიზაციების სახელით:
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC)
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • მედიის ინსტიტუტი
  • საფარი
  • წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)

ახალი ამბები