17:37, Sunday, 25.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანის უფლებათა ცენტრი თავდაცვის სამინისტროში სავარაუდო გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შესწავლას მოითხოვს

26.03.2019

 
ადამიანის უფლებათა ცენტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, ეკატერინე ქვლივიძის სამართლებრივ ინტერესებს. სამხედრო მფრინავი იძულებული გახდა, შეეწყვიტა კონტრაქტი და დაეტოვებინა თავდაცვის სამინისტრო. ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, სამინისტრომ სარჩელით მიმართა საქალაქო სასამართლოს და ყოფილი თანამშრომლისთვის ჯარიმის სახით 28 000 ლარის დაკისრება მოითხოვა.  

ეკატერინე ქვლივიძის მხრიდან კონტრაქტის შეწყვეტის მიზეზს თავდაცვის სამინისტროში შექმნილი მძიმე მდგომარეობა წარმოადგენდა. მფრინავი ქალი აცხადებს, რომ ხელმძღვანელები მას ავიწროებდნენ და არ აძლევდნენ შესაძლებლობას, სრულყოფილად განეხორციელებინა  საქმიანობა.

ეკატერინე ქვლივიძე თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალებში მფრინავად მსახურობდა 2007 წლიდან, 11 წელზე მეტი ვადით. 2008 წელს შესრულებული სამსახური ჩათვლილი აქვს  ნამსახურეობის 3 წლად. სამხედრო სამსახურში ყოფნისას კეთილსინდისიერად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს, რისთვისაც არაერთხელ გამოეცხადა მადლობა. 2017 წელს მიღებული აქვს II ხარისხის მედალი უმწიკვლო სამსახურისთვის. 

ეკატერინე ქვლივიძესა და თავდაცვის სამინისტროს შორის 2017  წლის 30 მაისს დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება (კონტრაქტი) თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა მივლინების შესახებ. 2017 წლის 30 მაისიდან 2018 წლის 9 თებერვლამდე ეკატერინე ქვლივიძე იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გადიოდა ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებს. საქართველოში დაბრუნებისას გაირკვა, რომ ეკატერინე ქვლივიძე გადაყვანილია წოდებრივად და თანამდებობრივად უფრო დაბალ შტატზე. ასევე, აღმოჩნდა, რომ ქალი მფრინავი აღარ იყო გათვალისწინებული საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული ესკადრილიის 2018 წლის საბრძოლო მომზადების გეგმაში. ეკატერინე ქვლივიძე აცხადებს, რომ ამ ცვლილებების მიზეზად ხელმძღვანელმა მას უთხრა, რომ ქალ მფრინავზე რესურსის დახარჯვას აზრი არ ჰქონდა, რის გამოც ვერ მოხვდა საბრძოლო მომზადების გეგმაში და  არც მომავალ წელს არ უნდა ჰქონოდა იმედი, რომ გეგმაში გაითვალისწინებდნენ.  

ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეკატერინე ქვლივიძის დაბრუნების შემდეგ  თავდაცვის სამინისტრომ, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქალი მფრინავი გადასულიყო  ქვეით ჯარში, რაზეც ქვლივიძემ გამოთქვა პროტესტი, რადგან ამით, პრაქტიკულად, სრულდებოდა მისი, როგორც მფრინავის, კარიერა. თუმცა, მას უარი არ უთქვამს, ჩაეტარებინა ტრენინგები კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე. ამავდროულად, ხელმძღვანელობას შესთავაზა, გაეგზავნათ ავღანეთის მისიაში, სადაც სრულად შეძლებდა აშშ-ში, ავიაციის კაპიტნის საკარიერო კურსებზე მიღებული გამოცდილების გამოყენებას, მაგრამ ამ შეთავაზებაზე უარი განუცხადეს.

ეკატერინე ქვლივიძემ 2018  წლის მარტიდან რამდენჯერმე დაწერა პატაკი სასწავლო შვებულების აღების მიზნით, მაგრამ პატაკები არ დაკმაყოფილდა. საბოლოოდ, თავდაცვის სამინისტრომ ეკატერინე ქვლივიძე იძულებული გახადა, მიემართა პატაკით ხელმძღვანელობისთვის სამსახურიდან გათავისუფლების თხოვნით, რადგან  გამუდმებით ირღვეოდა მისი უფლებები. 

2019 წლის 23 თებერვალს ეკატერინე ქვლივიძისათვის ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მისთვის 28 000 ლარის დაკისრება, კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ასევე - 28 000 ლარის 0.2% საურავის დაკისრება 2018 წ. 2 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის სრულ გადახდამდე. 

ნიშანდობლივია, რომ თავდაცვის სამინისტროდან არაერთი მოსამსახურე  გათავისუფლდა კონტრაქტის შეწყვეტით პატაკის საფუძველზე, მაგრამ ისე, რომ მათ მიმართ პრეტენზია არ ჰქონია. თავდაცვის სამინისტრო ყოფილ თანამშრომელს კონტრაქტის პირობების შეწყვეტაში ადანაშაულებს, მაშინ, როდესაც თავად სამინისტროს არ შეუსრულებია კონტრაქტის პირობები, კერძოდ - გადასახდელი აქვს 3 წლის სახელფასო დანამატი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, რეაგირება მოახდინოს ეკატერინე ქვლივიძის უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე და ჩაატაროს შიდა მოკვლევა, ხელმძღვანელი პირების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა სამსახურებრივ შევიწროებას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას. 

აღნიშნული საქმის მოკვლევამდე სამინისტრომ უკან გაიხმოს თბილისის საქალაქო სასამართლოში აღძრული ადმინისტრაციული სარჩელი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი, ასევე, მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს გენდერული ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის შესწავლის თხოვნით. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC