კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი მოქალაქეები​

18 აპრილი, 2019
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

84 წლის დათა ვანიშვილის ცხოვრება მას შემდეგ გართულდა, რაც მისი საცხოვრებელი სახლი სოფელ ხურვალეთში ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. მავთულხლართებით გაყოფილ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრება ძალიან გაუჭირდა. საოკუპაციო ძალების შემოთავაზების მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეობაზე უარი არ თქვა, არც რუსული პენსიის დანიშვნის დაპირებამ შეაცვლევინა გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეების საპენსიო თანხაზე 2-ჯერ მეტია.  სიძნელეების მიუხედავად, სახლის მიტოვება არ უფიქრია, თუმცა მისი ცხოვრება ოკუპირებულ ტერიტორიაზე დღითიდღე გაუსაძლისი ხდება, ყველაზე მძიმედ რასაც განიცდის  ჯანდაცვასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემაა. 

,,ახალა მეუღლე მყავს ცუდად, არ მაძლევენ უფლებას, რომ გორის საავადმყოფოში წამოვიყვანო, მეუბნებიან ლენინგორის საავდმყოფოში წაიყვანე ან ცხინვალშიო, როგორ წავიყვანო იქ, ზურგზე ხომ არ ავიკიდებ", - ამბობს დათა ვანიშვილი.

დათა ვანიშვილს საგაზაფხულო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაუწყია, ამბობს, რომ მოხუცდა და ვეღარ შეძლებს რომ მიწა ტექნიკის გარეშე დაამუშაოს. ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ ნაჩუქარი ე.წ. „ხელის ტრაქტორის“ გამოყენებაც არ იცის.

,,მარტო ვართ მე და ჩემი მეუღლე, პრეზიდენტ მარგველაშვილის ნაჩუქარი ტრაქტორით მინდოდა მიწის დამუშავება თუმც მისი ჩართვაც არ ვიცი, რომ დავბარო ამის შესაძლებლობა კი აღარ მაქვს", - აღნიშნა დათა ვანიშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

დათა ვანიშვილი მისი გართულებული ცხოვრების პირობებზე ხურვალეთში მისულ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო დიპლომატებს ხშირად უამბობს. ასე მოხდა 15 აპრილსაც, როდესაც ხურვალეთში ჩასულ, საქართველოში ვიზიტით მყოფ, გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები მავთულხლართებთან საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან მივიდნენ, ოკუპირებული ტერიტორიიდან კი გამყოფ ხაზთან დათა ვანიშვილი იდგა. საუბარი იმ თვალსაჩინო საკითხს შეეხო, რაც დათა ვანიშვილს ელჩებთან დისტანციას აიძულებდა და ელჩებს კი ვანიშვილთან ახლოს არ უშვებდა. 

მავთულხლართებით გაყოფილი საქართველოს შესახებ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თანმდევ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ მდგომარეობაზე ელჩებმა ინფორმაცია უშუალოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები დათა ვანიშვილისა და გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძისგან მიიღეს.

 „ეს ის ელჩები არიან, რომლებსაც საქართველოში არა აქვთ საელჩო და ჩვენც მათ ქვეყნებში არა გვაქვს საელჩოები. ვიზიტის მიზანი არის, რომ მათ ნახონ საქართველო, ნახონ ის დადებითი მხარე და წარმატებები რითიც შეგვიძლია ვითანამშრომლოთ და ასევე ბუნებრივია ნახონ ის დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ეს გახლავთ ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება. ბუნებრივია ამ თემებზე საუბრების დროს ცენტრალურ თემად რჩება დეოკუპაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან ინფორმაცია მუდმივად ვრცელდება,  ძალიან მნიშვნელოვანია, ელჩებმა საკუთარი თვალით ნახონ აღნიშნული ვითარება”, - განაცხადა კახა იმნაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გაეროსთან ფინეთის, სენეგალის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინის სამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივი წარმომადგენლები საქართველოში 14 აპრილს ჩამოვიდნენ ოფიციალური ვიზიტით და ქვეყანას 21 აპრილს დატოვებენ.

 ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები უკვე გამართეს საგარეო უწყებაში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ სრული ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. ასევე, ელჩებმა  შეხვედრა გამართეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და  მოინახულეს ადგილნაცვალი პირების დასახლება წეროვანში. ვიზიტის ფარგლებში ელჩები შეხვდნენ ხელისუფლების მაღალი  რანგის წარმომადგენლებს როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს.

ახალი ამბები