კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციის თანამშრომლებმა Qartli.ge-ს რედაქტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

11 ივნისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

Qartli.ge-ის რედაქტორი, საბა წიწიკაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს. ჟურნალისტსა და სამართალდამცველებს შორის ინციდენტი 10 ივნისს, ღამის სამ საათზე, მოხდა, როდესაც წიწიკაშვილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, მდინარე ლიახვის ხიდზე, პოლიციის ამოტრიალებული ავტომობილის გადასაღებად მივიდა.

ჟურნალისტის განცხადებით, მას სამართალდამცველები პროფესიულ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, გადაღებას უკრძალავდნენ და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.

,,თავს 10-მდე პოლიციელი დამესხა. ერთმა ტელეფონის წართმევა სცადა, მეორემ ხელი მკრა და მხრებში ჩამარტყა. დანარჩენებმა ძალის გამოყენებით დამატოვებინეს ტერიტორია. არ უნდოდათ, რომ ავარია გადამეღო. სავარაუდოდ, დაფარვა სურდათ, არც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ავტობანის მეორე მხარეს გადავედი და მაინც გადავიღე“, - აცხადებს საბა წიწიკაშვილი, რომელიც ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს, საიდანაც ნათლად ჩანს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა და ფიზიკური ძალადობა. 

გავრცელებულ ვიდეომასალაში პოლიციის ორი თანამშრომლის იდენტიფიცირება ხდება: ერთ-ერთი მათგანი რამაზ გრიგალაშვილია, რომელიც, წიწიკაშვილის თქმით, ცდილობდა მისთვის ტელეფონის წართმევას, მეორე პოლიციელის ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია.

 ჟურნალისტსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარ ინციდენტს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა, სადაც წერია, რომ საბა წიწიკაშვილის მიმართვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას, ადგილი ჰქონდა თუ არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის შესაძლო ფაქტს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გუშინ, ღამის საათებში ტარდებოდა ოპერატიული ღონისძიება, რა დროსაც სამინისტროს ბალანსზე რიცხული ოპერატიული ავტომობილი თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ამოტრიალდა და დაზიანდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. აღნიშნული ფაქტის გაშუქების მიზნით ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე, მივიდა ადგილობრივი მედიასაშუალების "Qartli.ge"-ს რედაქტორი. მოგვიანებით მან გაავრცელა ინფორმაცია, რომ ადგილი ჰქონდა მის საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტს. მომართვის შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია დაიწყებს შესწავლას, ადგილი ჰქონდა თუ არა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელისშეშლის შესაძლო ფაქტს“, - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

Qartli.ge-ს რედაქტორის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტი ალექსი მერებაშვილი დაიცავს. იურისტის განაცხადებით, გავრცელებული ვიდეომასალიდან აშკარად ჩანს სამართალდამცველების მხრიდან ჟურნალისტისთვის როგორც პროფესიულ მოვალეობაში ხელის შეშლის, ისე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები.
,,საბა წიწიკაშვილის მიმართ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. იკვეთება პოლიციეთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უნდა შემოიფარგლოს ამ პოლიციელთა მიმართ მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებით და აუცილებელია მათი ქმედებების სისხლისსამართლებრივი შეფასებაც", - აცხადებს ალექსი მერებაშვილი.
 
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი შსს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე 11 ივნისს დაიბარეს.

ახალი ამბები