კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში

18 ივლისი, 2019
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

17 ივლისს, მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრმა ხუთმა ორგანიზაციამ  სპეციალური ანგარიშის პრეზენტაცია - „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ - გამართა. ანგარიში მოამზადა კოალიციის წევრმა შემდეგმა ორგანიზაციებმა: ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, საერთაშორისო სამართლიანობა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT). 

ანგარიში მიზნად ისახავს, ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს დაწყებულ გამოძიებაზე, მის მიმდინარეობასა და დღეს არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.  
 
ანგარიშის პრეზენტაციაზე აღნიშნეს, რომ დაზარალებულთა ნაწილს საერთოდ არ გააჩნია ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ, ხოლო დაზარალებულთა მეორე ნაწილს არასწორი წარმოდგენა აქვს სასამართლოს შესახებ, მათ შორის, მათი მოლოდინი, ძირითადად, უკავშირდება სასამართლოსგან კომპენსაციის მიღებას ან/და სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას. 

,,სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების დაწყებიდან-დღემდე სამ წელზე მეტი გავიდა. სერიოზულ პრობლემად რჩება სასამართლოს პროკურორის ოფისის მხრიდან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებისა და დაზარალებული თემისთვის ინფორმაციის მიწოდება. გარდა ამისა, გამოძიება მნიშვნელოვნად ჭიანურდება თითქმის ყველა იმ სიტუაციასთან შედარებით, რომელიც სასამართლოს ამ დრომდე განუხილავს. გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე ათ წელზე მეტი გავიდა, ამ პერიოდში კი არაერთი დაზარალებული გარდაიცვალა და მტკიცებულებები განადგურდა.  პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ასევე წარმოადგენს რუსეთის უარი თანამშრომლობაზე. უარის არსებობის პირობებში კი მაღალია რისკი, რომ პროკურორის ოფისის მიერ ვერ მოხდება სრულყოფილი გამოძიების წარმოება", - აღნიშნულია ანგარიშში. 

ანგარიშში ასევე საუბარია ეროვნულ საგამოძიებო დონეზე არსებულ პრობლემებზე, კერძოდ კი იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომიდან დღემდე საქართველოს ეროვნული საგამოძიებო ორგანოები მხოლოდ დაზარალებულთა მცირე რაოდენობას დაუკავშირდა. შესაბამისად დაზარალებულთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიებისა და აღნიშნულ პროცესში მათი უფლებების შესახებ. ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, მოსამართლის შერჩევასა და წარდგენას ეხება. 

„მოსამართლის შერჩევასთან დაკავშირებით ეროვნულ დონეზე უნდა შეიქმნას სპეციალური კრიტერიუმები და პროცესი გამჭირვალედ და საჯაროდ უნდა წარიმართოს. უნდა მოხდეს დამოუკიდებელი და მაღალკვალიფიციური კანდიდატის შერჩევა, რომელიც იქნება ნომინირებული ჰააგის სასამართლოში მოსამართლედ. ასევე აუცილებელია, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოს ხელისუფლება, მისასალმებელია, რომ წარმომადგენელი უკვე გვყავს ჰააგაში, ასევე საჭიროა, რომ ნიუ-იორკშიც გვყავდეს, რადგან სასამართლოს ორი სამუშაო ჯგუფი ჰყავს, ერთი არის ჰააგაში და მეორე - ნიუ-იორკში“, - განაცხადა "საერთაშორისო სამართლიანობის" წარმომადგენელმა, ნიკა ჯეირანაშვილმა.

ანგარიში ასევე ასახავს დაზარალებულთა ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ. დევნილები ათი წლის შემდეგაც კვლავ რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრობენ. დევნილთა პრობლემები დასახლებების მიუხედავად იდენტურია. ყველაზე მეტ სირთულეს გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები, სამუშაო ადგილების არარსებობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყების შეუძლებლობა ქმნის. დევნილთა დასახლებებში ასევე მძიმეა ყოველდღიური პირობები ტრანსპორტირების, საგზაო თუ საირიგაციო ინფრასტრუქტურის, სამედიცინო სერვისებზე, სკოლამდელ და სასკოლო განათლებაზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო. გამოკითხულ დევნილთა მხოლოდ 0,02% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახს არანაირი პრობლემა არ აწუხებს.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი საუბრობს დევნილთა დასახლებებში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ.

,,დევნილები იმყოფებიან ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში. მძიმეა მათი საყოფაცხოვრებო პირობები. მათ პრობლემები აქვთ სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ასევე სერიოზულ პრობლემებს წარმოადგენს სამუშაო ადგილების არარსებობა. პრობლემა აქვთ განათლების ხელმისაწვდომობის კუთხითაც”,- აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, ნინო ცაგარეიშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, არსებული პრობლემების ფონზე საქართველოს სახელმწიფომ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მეტად უნდა იაქტიუროს. 

,,წლიდან-წლამდე მძიმდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირების და დევნილების უფლებრივი მდგომარეობა. ამის გათვალისწინებით, ერთადერთი ეფექტური გზა, რითიც შეიძლება, საქართველომ დაიცვას მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა, ეს არის სწორედ საერთაშორისო სასამართლოები და საერთაშორისო ასპარეზზე ამ საკითხების წამოწევა”, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.  
 
ანგარიშის დასკვნით ნაწილში წარმოდგენილია რეკომენდაციები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი ორგანოებისთვის. 

ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ შეიმუშავოს პროცედურა ეროვნულ დონეზე მოსამართლის კანდიდატურის შესარჩევად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ნომინირებისთვის და გამოიყენოს შერჩევის პროცესში დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომა რომის სტატუტის პრინციპების გათვალისწინებით; უზრუნველყოს ეფექტური მონაწილეობა ჰააგასა და ნიუ-იორკში წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სამუშაო ჯგუფებში; ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოში მიმდინარე გამოძიების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და რუსეთის მხრიდან თანამშრომლობაზე უარით გამოწვეულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, მათ შორის, სასამართლოს მიერ დაკავების ორდერების გამოცემის შემთხვევაში, მათი აღსრულების საკითხებზე. არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე მოუწოდებენ სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს, გაატარონ სათანადო ღონისძიებები დევნილთა დასახლებებში იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. ანგარიშში ასევე წარმოდგენილია რეკომენდაციები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი ორგანოებისა და დაზარალებულთა ნდობის ფონდის მიმართ. ორგანიზაციები მოუწოდებენ ნდობის ფონდს, უზრუნველყოს საჭიროებების შეფასების დროული განხორციელება და შემდგომ მხარდამჭერი მანდატის დაწყება დაზარალებული მოსახლეობისთვის.

ახალი ამბები