კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შშმ მსჯავრდებულთა უფლებები პენიტენციურ დაწესებულებაში

9 მარტი, 2020
Penalreform.org
ვტორი - ლანა გიორგიძე

შვიდი წელია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ და ამდენივე წელია, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობ.

მიუხედავად იმისა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში არაერთი საკითხია, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატი ამახვილებენ ყურადღებას, მინდა, გამოვყო შშმ მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხი.

ს.ს. პრობაციონერია, მკერდს ქვემოთ პარალიზებული, ამჯერად საზოგადოებასა და მთავრობაზე განაწყენებული, რათა ფიქრობს, რომ წაართვეს უფლება მკურნალობის, ჯანმრთელობის და უბრალოდ – ნორმალურად ცხოვრების. იგი სამკურნალო დაწესებულებაში იხდიდა სასჯელს, რა დროსაც მის სიცოცხლეს ბევრჯერ დაემუქრა საფრთხე.  ბევრჯერ ყოფილა მოლოდინში, რომ ვინმე დახმარებოდა დაბანაში ან თავის მოვლაში, რათა არაადამიანურ და ღირსებისშემლახავ პირობებში არ მოეხადა სასჯელი.

 ს.ს. ამჟამად პრობაციონერია, არ ჰყავს დამხმარე, ცხოვრობს პენსიონერ დედასთან და მოკლებულია შანსს, რომ დატოვოს ქვეყანა და წავიდეს სამკურნალოდ, რაც მის ტკვილებს შეამსუბუქებდა, დედას კი არ მოუხდებოდა შვილის კანგადაცლილი ხერხემლის მზერა.

სამწუხაროდ, ს.ს. არ არის ერთადერთი, რომელმაც სამკურნალო დაწესებულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა ჩემთან. აკაკი თოხაძე, რომელიც შშმ პირია, აღნიშნავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სრულიად ჯანმრთელი შევიდა, თუმცა ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის ორმა მძიმე წელმა იგი სამუდამოდ ეტლს მიაჯაჭვა. როდესაც შშმ პირთა უფლებებზე ვწერთ, არსებობს სტანდარტები, მათ შორის ერთ-ერთი – სამედიცინო დიაგნოზის დაწერისგან თავის არიდებაა, თუმცა, ამჯერად, სტანდარტების მცირედ გვერდით ავლით გეტყვით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში აკაკი თოხაძე, რომელსაც ფეხები სრულად პარალიზებული აქვს, ხოლო ხელები ნაწილობრივ, მძიმე პირობებში იხდიდა სასჯელს.

სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც შშმ პატიმრები იხდიან სასჯელს, არ არის ადაპტირებული გარემო, საკანში სამი საწოლია, რაც შშმ პირთათვის პრობლემას წარმოადგენს, მას ზოგჯერ საშუალებაც კი არ ჰქონდა, ეტლი ემოძრავებინა, თავისუფლად ვერ გადაადგილდებოდა, თუმცა პრობლემები ამით არ დასრულებულა. აკაკი სამკურნალო დაწესებულებაში შხაპის მიღების დროს შექმნილ დისკომფორტსაც უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ სხვა პატიმრების დახმარებით გადაჯდებოდა სკამზე, სადაც იქამდე სხვა პატიმრები იღებდნენ შხაპს.  არაჰიგიენური პირობებთან ერთად იყო რისკი, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე შექმნოდა, თუ სკამი წყალში გაცურდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დამხმარე შეეძლო ჰყოლოდა, სამკურნალო დაწესებულებაში დამხმარეთა რაოდენობა არ იყო საკმარისი და ადეკვატური.

პატიმართა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებდა სასჯელი მოეხადა არასამკურნალო დაწესებულებაში, სადაც შესაძლებლობა მიეცემოდათ ჰაერზე გასულიყვნენ და კედლებისთვის ცოტა ხნით მაინც დაეღწიათ თავი. აკაკი თოხაძემ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებს უფრო მეტად ესაჭიროებათ სუფთა ჰაერზე გასვლა, ისინი კი ამის ნაცვლად, მუდმივად, ოთხ კედელში გამოკეტილები იყვნენ.

მიუხედავად იმისა, რომ აკაკი თოხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველ წელს უფრო მძიმდება, კანონი სასჯელისგან მის გათავისუფლებას არ ითვალისწინებს, მას სასჯელი გადაუვადეს და 2020 წლის ივნისის თვეში თუ იგი ექპერტიზას ვერ ჩაიტარებს, რომელიც 1 500 ლარი ღირს, (თოხაძე კი სოციალურად დაუცველია) კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნდება. მით, უფრო, რომ მსგავსი შემთხვევა უკვე 2019 წელს მოხდა. თოხაძე ირონიით მპასუხობს, რომ სასჯელაღსრულება ვერ ელევა მას და მუდმივად ცდილობს, უკან დააბრუნოს. საკანომდებლო ხარვეზის გამო აკაკი თოხაძე მოჯადოებულ წრეზე ტრიალებს, საპატიმროდან – საპატიმრომდე, შემდეგ იწყება თავიდან: ექსპერტიზა, პასუხი, ციხის დატოვება და კვლავ განმეორებითი რისკი და შიში – უკან დაბრუნების.

ანგარიშის –  „უვადო თავისუფლებააღკვეთილ და მაღალი რისკის პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა პენიტენციურ სისტემაში“ თანახმად,  გაერთიანებული ერების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია ითვალისწინებს სახელმწიფოთა ვალდებულებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, უზრუნველყონ ისინი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული თანაბარი გარანტიებით და გამოიყენონ კონვენციით გათვალისწინებული პრინციპები, გონივრული მისადაგების უზრუნველყოფის ჩათვლით.

ნელსონ მანდელას წესების თანახმად, ციხის ადმინისტრაციამ გონივრულად უნდა მიუსადაგოს ფიზიკური თუ ფსიქიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმრებს საცხოვრებელი და სხვა პირობები, რათა მათ სხვების თანაბრად, სრულად და ქმედითად მიუწვდებოდეთ ხელი ციხის ცხოვრებაზე.

დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის პრაქტიკულად განსახორციელებლად, ციხის ადმინისტრაციამ უნდა გაითვალისწინოს პატიმრების, განსაკუთრებით, ციხის კონტექსტში ყველაზე მოწყვლადი კატეგორიების ინდივიდუალური საჭიროებები.

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი ანგარიშის თანახმად, როდესაც მიიღება გადაწყვეტილება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს აღეკვეთოს თავისუფლება, ხელისუფლებამ განსაკუთრებულად უნდა იზრუნოს ამ პირებზე, რათა უზრუნველყოს რომ მათი პატიმრობის პირობები შეესაბამება შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე სპეციალურ საჭიროებებს.

მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა, შშმ პირები დღემდე  ღირსებისშემლახავ პირობებში იხდიან სასჯელს. თუმცა, ისინი აღნიშნავენ, რომ როდესაც შშმ პატიმარზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, მაშინ ციხის ადმინისტრაცია განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევა მსგავსი მსჯავრდებულების მიმართ.

ადაპტირებული გარემო, დამხმარეთა რაოდენობის გაზრდა სამკურნალო დაწესებულებაში, სუფთა ჰაერზე ყოველდღიურად გასვლის შესაძლებლობა, დისკრიმინაციის აღმოფხვრა – აი, ესაა შშმ მსჯავრდებულთა მოთხოვნები, რაც მათ საშუალებას მისცემთ სხვების თანაბრად, სრულად და ქმედითად მიუწვდებოდეთ ხელი ციხის ცხოვრებაზე.

ახალი ამბები