17:51, Tuesday, 24.11.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჰააგის სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევი პროცესი გაუმჭვირვალედ და ხარვეზებით წარიმართა

20.03.2020

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი ეროვნულ დონეზე ხარვეზებით და გაუმჭვირვალედ წარიმართა, რაც ამცირებს ჰააგის სასამართლოში ნომინირებული კანდიდატის არჩევის შანსებს. 

2020 წლის 30 იანვარს, საქართველოს მთავრობამ ჰააგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესი დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, რომელიც საკონკურსო განაცხადების პირველად შერჩევასა და პროფესიული ტესტირების ადმინისტრირებას აწარმოებდა, 2020 წლის 3 თებერვალს საკონკურსო პირობები გამოაცხადა. განაცხადების მიღება 3 თებერვლიდან 21 თებერვლამდე მიმდინარეობდა. იუსტიციის სასწავლო ცენტრს საქართველოს მთავრობისთვის კანდიდატები 23 თებერვლამდე უნდა წარედგინა. აღნიშნული ვადა 6 მარტამდე გახანგრძლივდა. 

დადგენილების თავდაპირველი ვერსიის მიხედვით, იუსტიციის სასწავლო ცენტრს ტესტირების შედეგების საფუძველზე საქართველოს მთავრობისთვის უნდა წარედგინა ერთზე მეტი კანდიდატი, მაგრამ არაუმეტეს ხუთისა, ხოლო თავის მხრივ, მთავრობას პარლამენტისთვის 2 კანდიდატი უნდა წარედგინა. 2020 წლის 21 თებერვალს დადგენილებაში შესული ცვლილებების თანახმად, სასწავლო ცენტრს და მთავრობას მხოლოდ 1 კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობაც მიეცათ. 

როგორც საქართველოს პარლამენტის მიერ 2020 წლის 18 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს მიმართა წარდგინებით ჰააგის სასამართლოში ასარჩევად საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის გოჩა ლორთქიფანიძის თაობაზე. ინფორმაციის თანახმად, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ჯამში 10-მა კანდიდატმა წარადგინა განაცხადი. აქედან 7 მათგანი არ აკმაყოფილებდა განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ორმა მათგანმა მოგვიანებით უარი განაცხადეს ტესტირებაში მონაწილეობაზე, 1 მათგანს, გოჩა ლორთქიფანიძეს კი ჩაუტარდა ტესტირება, რომელიც შემდგომ ელექტრონულად იქნა შეფასებული ცენტრის მიერ მოწვეული კონსულტანტების მიერ. აღნიშნული შეფასების შედეგად ბატონმა ლორთქიფანიძემ 10-დან 6 ქულა მიიღო. შესაბამისად, მიმდინარე წლის 5 მარტს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა მთავრობას მხოლოდ გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურა წარუდგინა, რომელმაც თავის მხრივ, გადაწყვეტილების მიღების მიზნით, აღნიშნული კანდიდატი პარლამენტს წარუდგინა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წარდგენილ კანდიდატს 20 მარტს მოუსმენს. 

საქართველოს მთავრობის მიერ ეროვნულ დონეზე მოსამართლეთა შერჩევის წესის შემუშავება და შერჩევის პროცესი ისე წარიმართა, რომ საქართველოს კოალიციის მიერ გამოთქმული მზადყოფნის მიუხედავად, სფეროში მომუშავე ორგანიზაციები არ ვიყავით ჩართული მიმდინარე პროცესში. შერჩევის წესის შემუშავების შესახებ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა საქართველოს კოალიციას მხოლოდ 2020 წლის 3 თებერვალს შეატყობინა.  

მას შემდეგ, საქართველოს კოალიცია არაერთხელ გამოეხმაურა საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესს და პროცესს როგორც წერილობით, ასევე, 2020 წლის 11 თებერვალს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელთან გამართულ შეხვედრაზე დააფიქსირა მისი მოსაზრებები მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. 

წინამდებარე განცხადებით, ჩვენ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრ ორგანიზაციებს, გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ ხარვეზებს, რაც საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესის შემუშავებისას და ასევე, შერჩევის პროცესში გამოვლინდა: 

1. კანდიდატის ნომინირების ღია და გამჭირვალე წესის არარსებობა - შემუშავებული წესი უნდა ყოფილიყო კანდიდატების შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად ჩატარების გარანტი. ამის საპირისპიროდ, წესის შემუშავება მოხდა სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ჩართულობის გარეშე. ამასთან, განაცხადების და მთავრობისთვის კანდიდატების წარდგენის ვადა ისე გავიდა, რომ საქართველოს კოალიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, იუსტიციის სასწავლო ცენტრმა არ გამოაქვეყნა კონკურსში მონაწილე კანდიდატების და საკონკურსო განაცხადების პირველადი გადარჩევის შემდეგ არსებული სია. ცენტრს არც მთავრობისთვის წარდგენილი კანდიდატის ვინაობა გამოუქვეყნებია. ასევე, ბუნდოვანი დარჩა, რა მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით აარჩია მთავრობამ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მისთვის წარდგენილი კანდიდატი.

2. არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის ნაკლებობა - მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა იქნებოდა დამატებითი გარანტი პროცესის ღიად, გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვისათვის. ამის საპირისპიროდ, შემუშავებული წესი არასამთავრობო ორგანიზაციების როლს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის არც ერთ ეტაპზე არ ითვალისწინებდა; 

3. კანდიდატის შემფასებელი დამოუკიდებელი ორგანოს არარსებობა - საუკეთესო პრაქტიკის თანახმად, ეროვნულ დონეზე კანდიდატის შერჩევის პროცედურა და მათი კვალიფიკაციის შემოწმება უნდა განეხორციელებინა დამოუკიდებელ ორგანოს, რომელიც დაკომპლექტებული იქნებოდა გენდერულად დაბალანსებული, შესაბამისი გამოცდილების მქონე წევრებით, მათ შორის, სასამართლო, იურიდიული წრეების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით. ამის საპირისპიროდ, კანდიდატების შერჩევა/შეფასება აწარმოა იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინაშე და ასრულებს იუსტიციის მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებულ ამოცანებს. იმ ფაქტმა, რომ სწორედ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა აწარმოა განაცხადების პირველადი შერჩევა და პროფესიული ტესტირების ადმინისტრირება, დამატებით შეუწყო ხელი პროცესის გაუმჭვირვალედ წარმართვას. 

4. მთავრობის მოხელის ნომინირების წახალისებისაგან თავის შეკავება - საუკეთესო პრაქტიკის თანახმად, შესაბამისმა ორგანოებმა კანდიდატის შერჩევის პროცესში თავი უნდა შეიკავონ იმ პირის ნომინირებისგან, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში მუშაობდა მთავრობის მოხელედ, დიპლომატიური წარმომადგენლობის ჩათვლით. ამის საპირისპიროდ, იუსტიციის სასწავლო ცენტრმა და შემდეგ მთავრობამ საქართველოს პარლამენტს სწორედ მოქმედი მთავრობის მოხელის, გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატი წარუდგინა, რომელიც ამჟამად იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებს. 

საქართველოს კოალიცია მიიჩნევს, რომ საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესს და პროცესს საქართველოს მთავრობა არ მოეკიდა სათანადო პასუხისმგებლობით, რის გამოც მთავრობამ ვერ უზრუნველყო შერჩევის პროცესის ღიად, გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვა და რისკი შეუქმნა საქართველოდან ჰააგის სასამართლოში ნომინირებული კანდიდატის წარმატებით არჩევას. ამის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტში დღეს გამართული მოსმენა მხოლოდ ფორმალური ხასიათის მატარებელია და ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი კანდიდატის ნომინირებას.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
საერთაშორისო მართლმსაჯულება (Justice International)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი (Article 42)
წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC