კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ გამოტანილ განაჩენს აშშ-ის საელჩო და პოლიტიკური სპექტრი ეხმაურება

14 აპრილი, 2020
 მიმოხილვა

13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე ხუთწლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მძაფრი კრიტიკით შეხვდა ოპოზიცია. ასევე, მოკლე განცხადებით შეშფოთება გამოხატა აშშ-ის საელჩომ საქართველოში. 

ბრალდების მხარის მტკიცებით, ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის აქციაზე  ხელმძღვანელობდა და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში. შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წაყენებულ ბრალის შესახებ დადგენილებას ჰქონდა ორი შემადგენელი - ხელმძღვანელობა და მონაწილეობა.  

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის ნაწილში ბრალდებული გაამართლა, რადგან წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ვერ დაკმაყოფილდა. ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ნაწილში კი მსგავსი განმარტების გარეშე, მოსამართლემ გამოაცხადა, რომ ბრალდებულის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენის გამოცხადებას, მხარეების გარდა, მხოლოდ მონიტორები დაესწრნენ, ისიც - მოსამართლის წინასწარი თანხმობით. სხდომას ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორიც ესწრებოდა. 

ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის თქმით, იგი აპირებს განაჩენის ზემდგომ ინსტანციაში - სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას. მისი შეფასებით, გადაწყვეტილება იყო არა კანონიერი, არამედ - პოლიტიკური.  ჭაბაშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებების შემთხვევებში, სასამართლომ ჯარიმა ან რამდენიმედღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებში მონაწილე ბრალდებულებს, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში, მკაცრი განაჩენი გამოიტანა. 

მამუკა ჭაბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე, დღევანდელი მოცემულობით, ირაკლი ოქრუშვილის გათავისუფლება პრეზიდენტის შეწყალებით არის შესაძლებელი. მისთვის უცნობია, მიმართავს თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით, მაგრამ პრეზიდენტს ბრალდებულის შეწყალება მისი მიმართვის გარეშეც შეუძლია. 

14 აპრილს, აშშ-ის საელჩომ საქართველოში მოკლე განცხადებით შეშფოთება გამოხატა ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით: „ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“.

პოლიტიკური შეფასებები

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენს ოპოზიციის მძაფრი კრიტიკა მოჰყვა. ოპოზიცია ხელისუფლებას შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ხელისუფლებას დაარღვია 8 მარტის შეთანხმება და ყველა ის პირი, ვისაც ხელისუფლების და ოპოზიციის მოლაპარაკება ეხებოდა, უნდა გათავისუფლდეს, მათ შორის - ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა და გიგი უგულავა. „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაჩენს პოლიტიკური გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ შეთანხმებისამებრ ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, ხელისუფლება შეთანხმების შესრულებას არ აპირებდა და ამჟამად, ეკონომიკური კრიზისის გარდა, მას ვითარება პოლიტიკურ კრიზისშიც შეჰყავს. 

ირაკლი ოქრუაშვილის  თანაპარტიელის, გურამ ჩალაგაშვილის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ისე გამოდის, რომ დამნაშავეა 20-21 ივნისის აქცის ყველა მონაწილე - 40 000 ადამიანი. 

ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და განაცხადა, რომ პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში არის წარმოუდგენელი და დაუშვებელი, ოპოზიცია კი ითხოვს პოლიტიკოსების ჩარევას სასამართლო სისტემაში. 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ, ასევე, განმარტა, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა საკმაოდ მძიმე ბრალდებაა, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება შეკითხვებს არ ბადებს. 

ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმე, ერთ-ერთია იმ სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს შორის, რომლებსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი პროექტის - „საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის“ ფარგლებში აკვირდება. პროექტი აშშ-ის ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მხარდაჭერით 1 თებერვლიდან დაიწყო და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ახალი ამბები