კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში

29 აპრილი, 2020
 
ლაზარე ჯიბლაძე 
Penalreform.org

ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“ პარტნიორ ორგანიზაციებთან – „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ და  „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – ერთად.

ციხეები ტრავმატული და, ხშირად, საშიში ადგილებია, განსაკუთრებით სექსუალურ უმცირესობებზე მიკუთვნებულ ადამიანთათვის.

სექსუალურ უმცირესობათა ჯგუფს ქმნიან ადამიანები, რომელთა სექსუალური იდენტობა, ორიენტაცია ან პრაქტიკა განსხვავდება საზოგადოების უმრავლესობისაგან. ტერმინი – თავდაპირველად აღნიშნავდა გეისა და ლესბოსელს, თუმცა, ამჟამად, ის გამოიყენება ბისექსუალი, ტრანსგენდერი ან ტრანსსექსუალი პირების მიმართაც.[1]

არაერთი კვლევით არის დადასტურებული, რომ საქართველო ჰომოსექსუალთა მიმართ ტოლერანტურობის მაჩვენებლით, როგორც პოსტსაბჭოთა, ასევე მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. სექსუალურ უმცირესობათა თანასწორუფლებიანობა კვლავაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, ხოლო ლგბტ+ ადამიანების დისკრიმინაცია ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

მსგავს პირობებში,  სექსუალური უმცირესობისადმი მიკუთვნებულობა ქართულ ციხეებში, ხშირად, ყოველდღიურ შეურაცხყოფასა და დამცირებასთან, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობასთან და იმის შიშთან არის დაკავშირებული, რომ ამის გამჟღავნება უფრო მტკივნეულ შედეგებს გამოიწვევს.

ორგანიზაცია ,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ წლებია პატიმართა უფლებებზე მუშაობს. ამ მხრივ, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ძალიან ბევრი რამე შევცვალეთ უკეთესობისკენ, მაგრამ კიდევ უამრავი გამოწვევა რჩება, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის უფლებებს.

საპატიმრო დაწესებულებებში ვიზიტისას, ხშირად შენიშნავთ პატიმრებს, რომლებსაც საიდენტიფიკაციო ნიშნად ,,თეთრი ლენტა“ აქვთ, ისინი, ხშირად, თავდახრილები სხვადასხვა სანიტარულ საქმიანობას ახორციელებენ. ასეთ პატიმრებს, ციხის ენაზე, „ქათმებს“, ხოლო ფლიგელს, სადაც ისინი ცხოვრობენ – „საქათმეს“ ეძახიან.

“საქათმე” არაოფიციალური სახელწოდებაა საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული იმ საკნებისა თუ ბარაკების, სადაც პატიმრები სპეციალური ნიშნით ხვდებიან. ასეთი ნიშანი შეიძლება იყოს პატიმრის სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა. ხშირია შემთხვევები, როცა ეს არა კონკრეტული პირის რეალურ სექსუალურ ორიენტაციაზე ან/და მის გენდერულ იდენტობაზეა დამოკიდებული, არამედ სხვა პირების ვარაუდზე. “საქათმეში” მოხვედრის კიდევ ერთი წინაპირობა იმ დანაშაულის ტიპია, რისთვისაც მსჯავრდებული სასჯელს იხდის. ასეთი დანაშაულის კატეგორიას განეკუთვნება სექსუალური ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორიცაა გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება და სხვ. ციხის პრაქტიკაში, ასევე აქტიურად გამოიყენება “გაფუჭება“, რაც მამაკაცის მამაკაცთან ძალმომრეობითი სექსუალური კავშირის ზოგადი სახეა. „გაფუჭების” მიზეზი არაერთგვაროვანი შეიძლება იყოს, მაგალითად, სხვა პატიმრებთან ან ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან კონფლიქტი, ვალის გადაუხდელობა და ა.შ. ასეთ დროს, დასჯის მიზნით, პატიმრების გადაყვანა ხდება „საქათმეში”. ციხის დაუწერელი კანონის თანახმად, კი „საქათმეში” მოხვედრილი პატიმარი ვერასოდეს დატოვებს მას. ხელახალი მსჯავრისა თუ სხვა დაწესებულებაში გადაყვანის მიუხედავად, მისთვის ადგილი წინასწარვეა განსაზღვრული. „გაფუჭების” არაერთი პრაქტიკა საზოგადოებისთვის თვალნათელი მაშინაც გახდა, როდესაც ე.წ. „ციხის კადრები” გამოქვეყნდა. გაუპატიურება ან სექსუალური ხასიათის სხვა ძალადობა ის ფორმა იყო, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია, სხვადასხვა მიზნით, აქტიურად იყენებდა.  „გაფუჭების” გზა ციხეებში შეიძლება გახდეს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაც, პირის სექსუალურ ორიენტაციასა თუ სექსუალურ პრაქტიკასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს „ქათამთან” ფიზიკური კონტაქტი (ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა და სხვ.). ციხის რეალობაში „ქათამი” ე.წ. „უწმინდურობასთან“ ასოცირდება, შესაბამისად, მათ მოვალეობაში შეიძლება მხოლოდ დასუფთავება და სხვა სანიტარული საქმიანობა შედიოდეს, თუმცა, მათ არ აქვთ უფლება საჭმელი მოამზადონ სხვა პატიმართათვის, ასევე, მისი მიწოდების პროცესში, რაიმე სახით მონაწილეობა მიიღონ.

რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ციხეში მსგავსი პრაქტიკა ყოველდღიური რეალობაა. „საქათმე” ციხის შიგნით არსებული ციხეა, დისკრიმინაციისა და იზოლაციის ზონა. „საქათმეების” პრაქტიკა საბჭოთა რეალობის ნაწილია, რამაც შემდგომში პოსტსაბჭოთა სივრცეშიც გადაინაცვლა. ციხის ადმინისტრაციის არგუმენტი კი, დროისა და რეალობის მიუხედავად, უცვლელი – პატიმართა უსაფრთხოებაა.

მიუხედავად ამისა, ციხის ცხოვრებაში ყოველდღიურად დგება დრო, როცა პატიმრები სპეციალურად მათთვის განკუთვნილი საკნებიდან თუ ბარაკებიდან („საქათმიდან”) ჩვეულებრივ საკნებში ხვდებიან და უშუალო კონტაქტში იმყოფებიან სხვა სტატუსის მქონე პატიმრებთან. რამდენადაც, „ქათმების” საქმიანობა, ძირითადად, დამლაგებლობაა, მათ სხვა პატიმრების საკნებისა თუ დერეფნების დასუფთავებაც უწევთ. ეს კი, ის დროა, როცა ისინი ყველაზე უფრო დაუცველები რჩებიან. „ქათმების” გამოყენება სხვადასხვა სექსუალური პრაქტიკის მიზნითაც ხორციელდება. ხშირად კი, აღნიშნული დანაშაულები ვერასოდეს აღწევს დღის შუქამდე იმ შიშისა და რეალური საფრთხის გამო, რომელიც, გახმაურების შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლთ ემუქრებათ.

გაეროს სახელმძღვანელო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პატიმართა შესახებ[2] აღნიშნავს, რომ პატიმარი თავისივე სქესის პატიმარს აუპატიურებს, ამდენად, მოძალადეს დაუფიქრებლად უწოდებენ ჰომოსექსუალს. თუმცა, სინამდვილეში ეს პირები თავს ჰეტეროსექსუალებად მიიჩნევენ და მსხვერპლი მათთვის ანაცვლებს ქალს. ტიპური გზა გეი ან ლესბოსელი პატიმრისათვის არის დაცვის მოპოვება პატიმარი „ქმრისაგან“ – ეს გახლავთ ციხის იერარქიაში საკმაოდ ძლევამოსილი პატიმარი, რომელსაც შეუძლია კედელთან მიაყენოს დანარჩენები, თუკი სექსუალურ მოთხოვნებს გამოავლენენ მის მიმართ. ამავდროულად, მსხვერპლი შეიძლება „გაქირავდეს“ სხვა პატიმრებზე, რაც ამძიმებს მისი, როგორც ძალადობრივი პროსტიტუციის მსხვერპლის ტანჯვას.

ნიკა (ავტ. სახელი შეცვლილია) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ახალი გადაყვანილი იყო. ის აქამდე არასოდეს ყოფილა გასამართლებული და ციხის შიგნით არსებულ სიტუაციაზეც ბევრი არაფერი ჰქონდა გაგებული. თანამესაკნეებმა პირველივე საათებში გამოჰკითხეს ვინაობა, დაადგინეს უბანი, რომელშიც გაიზარდა და ცხოვრობდა; რამდენიმე პირი დაუსახელეს და იკითხეს, თუ იცნობდა ამ პირებს, თუმცა მას არცერთი არ ეცნო. შემდეგ ჰკითხეს, თუ რის გამო იხდიდა სასჯელს, შემდეგ კი, მალევე აუხსნეს, რომელი საწოლი ერგებოდა მას. რამდენიმე მინიშნება ფულის საჭიროებაზეც გააკეთეს, აღნიშნეს „მაყურებლის”, „ქათმებისა” და „კაზიოლების” შესახებ, თუმცა დეტალურად არავის აუხსნია, რადგან მას, ახალი ინფორმაციის მიღებისას,  გაოცება არ გამოუხატავს და, ალბათ, ყველამ ივარაუდა, რომ ისიც ისევე ერკვეოდა ციხის „შიდა სამზარეულოში“, როგორც სხვა დანარჩენი.

ნიკასთვის იმ დღესვე გახდა ცნობილი, რომ იმავე დაწესებულებაში, რამდენიმე საკნის მოშორებით, მისი თანაუბნელი ლევანი (ავტ. სახელი შეცვლილია) იხდიდა სასჯელს. მათ დიდი ხანი არ ენახათ ერთმანეთი, მაგრამ, ამ ამბის გაგონებაზე, ნიკას სახეზე გადაკრულმა წითელმა ფერმა, ერთ-ერთი პატიმრის კითხვაც კი გამოიწვია, თუ რატომ ჰქონდა მას ასეთი რეაქცია.

ლევანი, ნიკას უბნელი იყო. კლასელები არ ყოფილან, თუმცა, ერთსა და იმავე სკოლაში რამდენიმე წელი დადიოდნენ. ბავშვობაში შეყვარებულის გამო დაწყებულმა კინკლაობამ ისინი მოსისხლე მტრებად აქცია, თუმცა, ამ დროს, ისინი ჯერ კიდევ 13-14 წლისანი იყვნენ და მას შემდეგ, რაც ნიკა ოჯახური პრობლემების გამო იძულებული გახდა სხვა უბანში გადასულიყო საცხოვრებლად,  ლევანიზე ბევრი არაფერი სმენია. ნინა ნიკასთან რამდენიმე თვე აგრძელებდა მიმოწერას, შემდეგ კი, მათი რომანიც დასრულდა.

სამაგიეროდ, ლევანს ისევ ახსოვდა ნიკა და ისიც, რომ ნინამ, იმ დროს, ის არ აირჩია. მათ ერთმანეთი რამდენიმე დღის შემდეგ ნახეს და შეხვედრამ ნორმალურად ჩაიარა, თუ არ შევჩერდებით ლევანის ზიზღნარევ სახესა და გამოხედვაზე.

ნიკა მალევე მიხვდა, რაშიც იყო საქმე. ლევანის დავალებით, მის საკანში დასალაგებლად შესული პატიმარი („ქათამი“) მის საწოლზე ჩამოჯდა, შემდეგ კი, სხვა პატიმრებთან ერთად მოეხვია. ნიკამ ხელის მოძრაობით მოიშორა ის, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა ციხეში ხმის გასავრცელებლად. ორი დღის შემდეგ, მისმა თანამესაკნეებმა მის ოთახში გაჩერებაზე უარი განაცხადეს, სხვა საკნებმაც კატეგორიული უარი განაცხადეს პატიმრის მიღებაზე, რამდენიმე პატიმარმა შეფარვით უთხრა ციხის თანამშრომლებს, რომ მისი დატოვება ბუნტს გამოიწვევდა. ნიკა დროებით სამარტოო საკანში გადაიყვანეს, მეორე დღეს კი, როცა ის ციხის თანამშრომლის მოთხოვნის შესაბამისად, ახალ საკანში შევიდა, მალევე მიხვდა, რომ მისი ახალი საცხოვრებელი „საქათმე”იყო.

დიდი ხანი ვერ ეგუებოდა ახალ რეალობას, რადგან უკვე კარგად იცოდა, რას ნიშნავდა „საქათმეში” მოხვედრა. ყოველ დღე, როცა სხვა პატიმრებთან შეხება უწევდა, ზიზღიანი თვალები და სხვადასხვა შეძახილი სულ უფრო ურთულებდა ცხოვრებას. ნიკამ, ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ სცადა თავის მოკვლა, პირველად მაშინ, როცა ის „საქათმეში” სხვა პატიმრებმა გააუპატიურეს. ასეთი შემთხვევა რამდენჯერმე განმეორდა. 768 დღე –  ეს იმ დღეების რაოდენობაა, რომელიც მან ციხეში გაატარა. ერთ-ერთი საქათმის ერთ-ერთ კედელზე, დღესაც ჩანს 768, ერთმანეთის ვერტიკალურად განლაგებული, კალმის წვერით ამოტვიფრული ხაზი.

ციხის დატოვების შემდეგ, მისთვის სახლი ახალ ციხედ იქცა. სახლიდან გასვლას ერიდებოდა, თვეების განმავლობაში ვერავისთან ურთიერთობდა, თუმცა ცდილობდა მისი გაუცხოება არავისთვის გამხდარიყო თვალშისაცემი, რადგან ეშინოდა, რომ მის „საქათმეში” ყოფნას სხვებიც გაიგებდნენ.

ერთი წლის თავზე, ნიკამ ნინაზე იქორწინა. სახლიდან გამოსვლის პირველივე დღეს მაღაზიის გამყიდველად მომუშავე ნინამ, მას სახლიდან ხშირად გამოსვლის სურვილი გაუჩინა. მალე, მყიდველ – გამყიდველის ურთიერთობა სიყვარულად იქცა, შემდეკ კი, ნიკას მეგობარი მამაოს დახმარებით ჯვარი დაიწერეს.

ნიკას მეგობარმა ქვის საამქროში დააწყებინა მუშაობა, ნინა კი მალე მაღაზიის მენეჯერი გახდა. რამდენიმე თვეში, ისინი 1 ოთახიან ბინაში ქირით გადავიდნენ. ნიკა ცდილობდა, არასოდეს დაბრუნებულიყო თავის ძველ უბანში, არ სურდა ძველი „ძმაკაცების” ნახვა,  სახლშიც იშვიათად მიდიოდა, მისი მშობლების ნახვაც წარსულ დროსთან ასოცირდებოდა და, ამ დროს, მისთვის ნინა ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვისთან ყოფნაც არ უკავშირდებოდა არცერთ ზემოაღნიშნულს, განსაკუთრებით – მტკივნეულ წარსულს. რამდენიმე თვეში, ნინას და ნიკას ბავშვი შეეძინათ. ნიკა მშობიარობას, პალატის გარეთ, კარებთან ელოდა. როცა ექიმმა დაუძახა, პალატაში შევიდა. ნინას ბავშვი უკვე გულთან ჰყავდა მიკრული. მან თვალით ანიშნა ნიკას, მიახლოებოდა. ნიკას თვალები აუცრემლიანდა, უეცრად ცივმა ოფლმა დაასხა, ახლოს მისულმა ბავშვს ხელი არ ახლო. თავიდან, ნინას ეს უცნაურად არ მოჩვენებია, ეგონა, მშობიარობის გამო ნერვიულობდა, თუმცა, საავადმყოფოდან სახლში დაბრუნების შემდეგაც, ნიკა ბავშვს ხელით არ ეხებოდა. ყოველ ჯერზე, მასთან ახლოს მისულს ხელი უკანკალდებოდა და თვალებზე ცრემლი ადგებოდა. ცხადია, ნინასთვის ეს უცნაური იყო, თავდაპირველმა სიბრაზემ – გაკვირვება, შემდგომ კი, ინტერესი გამოიწვია. მის დასმულ კითხვებს კი, ამ თემაზე, ნიკა ყოველთვის თავს არიდებდა. ნინას, დიდი ხნის განმავლობაში, თავში სხვადასხვა აზრი უტრიალებდა, ბრაზობდა, ვერ ეგუებოდა, რომ ნიკა ბავშვთან შეხებაზე უარს ამბობდა. ამის მიუხედავად, ნიკა ყოველმხრივ ეხმარებოდა ნინას ბავშვის აღზრდაში  და მალე ეს უცნაურობაც ჩვეულებრივ ამბად იქცა მათ ცხოვრებაში.

გიორგი (ავტ. სახელი შეცვლილია) ივლისში 3 წლის გახდება, უკვე თვლაც კი ისწავლა, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ხვდება, სხვა მამების მსგავსად, რატომ არ ეთამაშება მამა მას და,  რატომ არ დაჰყავს იგი ხელჩაკიდებული ბაღში.

ახალი ამბები