კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის სამყაროში

13 მაისი, 2020
 ნესტან ლონდარიძე
Penalreform.org

ბავშვები განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებენ და ამიტომ არ შეიძლება, მათ ისევე მოეპყრან, როგორც ზრდასრულებს. ჩვენს ქვეყანაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული ბავშვების მიმართ გამოსაყენებელ პოლიტიკას  და  პრინციპებს განსაზღვრავს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. მიუხედავად კანონმდებლობაში არსებული ბევრი ხარვეზისა, ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია. აღდგენითი მართლმსჯულების უპირატესობა  კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებისათვის საკუთარი პასუხისმგებლობა და გამოასწოროს დანაშაულის შედეგები.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კანონმდებლობა ეხება ყველა ბავშვს,  რომელსაც შეუსრულდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, მაგრამ არ მიუღწევია 18 წლის ასაკისათვის.

როდესაც ბავშვები ხვდებიან მართლმსაჯულების სისტემაში, ქვეყნის შიდა სასამართლოებმა და სამართლის სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ბავშვები განსხვავდებიან ზრდასრული პირებისაგან მიუხედავად მათი სტატუსისა – იქნება ეს დაზარალებული, მოწმე, ბრალდებული თუ მსჯავრდებული. ბავშვი, მისი განვითარება და დაცვა უნდა იყოს პრიორიტეტი, ამისათვის მართლმსაჯულების სისტემა იყენებს საუკეთესო/ჭეშმარიტი ინტერესის პრინციპს. ეს პრინციპი მოითხოვს რომ მართლმსაჯულების პროცესის ყველა ეტაპზე, რომელშიც მონაწილეობს ბავშვი, უპირველესად უნდა გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო, ჭეშმარიტი ინტერესი.

სოციალური სამსახური, ფსიქოლოგები და ადვოკატები რომლებსაც გავლილი აქვთ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და მინიჭებული აქვთ მონაწილეობის უფლებამოსილება უნდა ჩაერთონ სწორედ იმ მომენტიდან, როდესაც მოხდება ბავშვის პირველი შეხება მართლმსაჯულების სისტემასთან.

კანონთან კონფლიქტში   მყოფი   არასრულწლოვანი კანონისათვის თითოეული   ის ბავშვია,   რომელმაც,   როგორც მიიჩნევა, დაარღვია  სისხლის  სამართლის  კანონმდებლობა,  ბრალად  ედება  მისი  დარღვევა,  ან აღიარებულია  მის  დამრღვევად.  ჩემთვის  კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი  თვალებთან ასოცირდება – ეჭვით, უნდობლობით და ინტერესით სავსე  თვალებთან.  ადვოკატთან პირველი ზარის შემდგომ, რომელიც კიდევ ერთ დაკავებას გვამცნობს და დახმარებას გვთხოვს, სწორედ ეს თვალებია, რომელსაც ვხვდებით. დაკავებული არასრულწლოვანია. ბოლო წლების სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ გაიზარდა არასრულწლოვანთა შორის დანაშაული, განსაკუთრებით კი – ქურდობის ფაქტები.

ამჯერადაც ასეა, ასაკი 15 წელი, შეხვედრა დროებითი მოთავსების იზოლატორში. კარის გაღების შემდეგ ნაცნობი მზერით სავსე თვალებს ვხედავ. განსაკუთრებით რთულია მათთან საუბარი, თავიდანვე ბარიერს ქმნიან, ცდილობენ, შიში დამალონ, ეს ხომ მათთვის მიუღებელია. საუბარიც ასეთი კუთხით უნდა წარმართო, პირველი ამოცანა ადვოკატის წინ სწორედ ნდობის მოპოვებაა. მიუხედავად იმისა, რომ  ადამიანის უფლებათა ცენტრში ვმუშაობ, ორგანიზაციაში,  სადაც პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ  მსჯავრდებულთა უფლებრივ მდგომარეობას ვსწავლობთ და სამართლებრივ დახმარებას ვუწევთ.  ყოველი საქმე მაინც პირველივითაა, ემოციებით სავსე.  მთავარია სწორი გზა ვიპოვოთ მათ წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში.

ლუკასთან (სახელი შეცვლილია) გამომძიებელი მხვდება შესული,  გამოკითხვას ჩქარობს. შესვლისთანავე ვითხოვ ცალკე გასაუბრებას, გაკვირვების პირველი ნაპერწკალი ჩნდება მის თვალებში. მარტო გვტოვებენ. არ მინდა, იქამდე დააფიქსიროს ჩვენება, სანამ გულწრფელად არ ისაუბრებს. დრო გვჭირდება.  ბოლოს გამოტყდა და მეგობრულად მეუბნება მე ჩემი ნივთი დავალომბარდე, ჩემი იყო. ეგ როგორ?  – გაოცებას ვერ ვმალავ. მოვიგე – იყო პასუხი. სრულიად გულწრფელად სჯეროდა რომ სწორად მოიქცა, იმიტომ, რომ სასტუმროს ნომერი იქირავა მეგობართან ერთად გასართობად, მეგობრების წასვლის შემდეგ ერთ-ერთ მეგობართან სასტუმროს ნომერში არსებული ტელევიზორზე ითამაშა, მოიგო და  დაალომბარდა საკუთარი პირადობის  მოწმობით.  ერთადერთი რასაც ლუკა ითხოვდა, დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნისას, ფსიქოლოგთან საუბარი იყო.

მთელი დღე ვფიქრობდი იყო კი ამ მოზარდისთვის ციხის საკანი გამოსავალი, იმისათვის რომ გაიაზროს ჩადენილი. ციხის გარემო, თავისი არაფორმალური წესებით,  ჩაგვრასა და ძალადობას განაპირობებს. ციხე ცალკე პატარა სახელმწიფოა თავისი მკაცრი წესებით, ირგვლივ ეჭვითა და უნდობლობით სავსე მზერით. ამ დროს მახსენდება არასრულწლოვანთა დაწესებულებიდან მოზარდი, რომელმაც ამ გარემოდან გაქცევა საკანში განცალკევებით შეძლო. საკუთარი სურვილით გადაიკეტა საკანი. ასე უწოდებენ, როდესაც მსჯავრდებული საკუთარი სურვილით უარს ამბობს ღია ტიპის გადაადგილებაზე, არ გამოდის საკნიდან, სხვებთან არ ურთიერთობს და მხოლოდ მაშინ სარგებლობს გასეირნების უფლებით, როდესაც სხვა მსჯავრდებულები საკანში არიან.   მიზეზის კითხვისას თავი დახარა და ჩუმად თქვა, არ მინდა ამ სამყაროს ნაწილი ვიყოო. გარიყვის სასტიკი არაფორმალური კანონი, რომელთანაც შეხება დაუშვებელია.  ვაღიაროთ, ციხეს ძლიერთა კანონი მართავს.

ბოლო შეხვედრისას, როდესაც ვემშვიდობებოდი, ლუკამ გამაჩერა და გაბრწყინებული თვალებით მითხრა: ქალბატონო   ნესტან, ცეკვაზე სიარულს გავაგრძელებო. ლუკა არ მოხვდა ციხის საკანში, მის მიმართ განრიდების მექანიზმი ამუშავდა.

განსხვავდება  ყოფილი პატიმარის დავითის  (სახელი შეცვლილია) ისტორია,  რომელიც არასრულწლოვანი მოხვდა ციხეში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც  არ გვქონდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება,  მის წინააღმდეგ მთელი სიმკაცრით ამოქმედდა სამართალი: მშობლები ადრე გარდაეცვალა, მამიდასთან ცხოვრობდა,  მანქანებს რეცხავდა, შშმ დას პატრონობდა, ერთ დღესაც ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს, ციხეში ყოფნის პერიოდში და გარდაეცვალა, მისი ბედით არავინ დაინტერესებულა. ციხეში სასჯელი კიდევ ერთხელ დაუმატეს, ქურდული სამყაროს წევრობისათვის. 12 წლის შემდეგ გამოვიდა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, ყოფილი პატიმარის სტატუსი ყველგან დაჰყვებოდა.  სამზე მეტი მის გარშემო არ უნდა ყოფილიყო, მაშინვე შფოთვა ეწყებოდა, ღამე იღვიძებდა და დილამდე დადიოდა ოთახში და ნაბიჯებს ითვლიდა სწორედ იმდენს, რაც მის საკანში იყო, ოთახიდან არ გადიოდა. დღის განმავლობაში ვეღარ უძლებდა და გადიოდა თბილისიდან და ტყეში სადაც მაყურებელი არ ეყოლებოდა, მთელი ხმით ყვიროდა.

ბევრი ბარიერია მათთვის, საზოგადოებაში არსებული სტიგმა, ნასამართლობის სტატუსი, იმ შემთხვევაშიც კი თუ მიიღო შესაბამისი განათლება, თითქმის  შეუძლებელია დასაქმება.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზანია  ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება, სისხლისსამართლებრივ დევნასთან შედარებით უპირატესობით უნდა სარგებლობდნენ. თავისუფლების აღკვეთის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებაში მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. სწორედ მაშინ, როდესაც სხვა მსუბუქი სახის ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდება. აღდგენითი მართლმსაჯულების ღონისძიებები კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვს უნდა დაეხმაროს, რომ გაიაზროს ჩადენილი, მის მიერ მიყენებული ზიანი და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევაზე. თუმცა ეს ყოველთვის როდია შესაძლებელი და ამის უამრავი მაგალითიც არსებობს. სწორედ ასეთ შემთხვევაში უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთა გამოსავალი.

სანამ არასრულწლოვანს ეგონება, რომ ის “მისი იყო, ეკუთვნოდა” და ამიტომ შეეხო, მიისაკუთრა, დააზიანა, მას წარმოსახვაში  თავისი სიმართლე ექნება, რაც გაურთულებს რეალობის აღქმას.  ბავშვები კი საჭიროებენ განსაკუთრებულ დაცვას და ჩვენ   უნდა ვასწავლოთ ცხოვრება ეჭვისა და უნდობლობის გარეშე.

ახალი ამბები