კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ძალადობის მსხვერპლი ქალები

27 მაისი, 2020
ლია ხუროშვილი

ასაკის მატებას ერთი უპრატესობა აქვს, მრავალწლიან გამოცდილებასთან ერთად საზოგადოებრივი ცნობიერების ცვლილების უშუალო მონაწილე ხდები. ეს ცვლილებები შემდეგ უკვე საკანონმდებლო ცვლილებებში აისახება. დრო ცვლის შეხედულებებს. ის, რაც ადრე საზოგადოებაში ნორმად მიიჩნეოდა, ახლა სხვაგვარად აღიქმება, თუმცა ეს ცვლილება არ არის ადვილი და ყველა ამ ცვლილებას ვერ ეგუება. ასეთია მაგალითად,  ქალის მიმართ დამოკიდებულებაც. ქვეყანაში, სადაც დაიწერა ,,ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია“, ქალის მიმართ ზოგჯერ ისეთ დამოკიდებულებას ვხვდებით, რაც აშკარად მიგვანიშნებს, რომ ეს სიტყვები სათანადოდ არ ყოფილა გათავისებული საზოგადოების მიერ.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრში მუშაობისას უმეტესად ქალებს ვეხმარები. ჩვენს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაზარალებულის სეკვესტრირებული უფლებების ფონზე დაზარალებულის ადვოკატსაც უფლებები უფრო მცირე აქვს - ვიდრე ბრალდებულს, ამიტომ შეიძლება ითქვას, დაზარალებული ქალების დახმარებას ნაწილობრივ ფსიქოლოგიური დახმარების სახე აქვს ხოლმე.

„ერთხელ კაცის უფლებებზეც თქვით რამე“, ,,სად არის ჩვენთან ქალებზე ძალადობა“, „ ქმარმა თუ სცემა, ალბათ დაიმსახურა“, ,,კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო“- რამდენჯერ მომისმენია პირადად, ან წამიკითხავს სოციალურ ქსელში მსგავსი განცხადებები. ადვოკატს არა აქვს უფლება, დაზარალებულის შესახებ მისი თანხმობის გარეშე ისაუბროს, თანხმობის შემთხვევაშიც კონფიდენციალობის დაცვა აუცილებელია. ქალების უმეტესობას არც სურს და არც არის სასურველი, გამოააშკარაოს თავისი პირადი ცხოვრების დეტალები, რაც სრულიად გასაგებია, თუმცა ჩვენ ვიცით, რამდენი ტკივილია თითოეულ საქმეში.

ოდესღაც საქართველოში ქალის მოტაცება სამაგალითო საქმედ ითვლებოდა. ზოგჯერ მოტაცებული ქალები ამაყობდნენ კიდეც ამით (ალბათ გაუმართლათ ცხოვრების თანამგზავრში), მაგრამ რამდენი იქნებოდა, ვინც მთელი ცხოვრება იძულებით შექმნილი ოჯახი და არასასურვლი მეუღლე მხოლოდ იმიტომ აიტანა, რომ გატაცებულის სტატუსის მქონე ვეღარ გათხოვდებოდა და თავისმა ოჯახმა მისი უკან დაბრუნება აღარ ისურვა. მუხლიც კი იყო ძველ სისხლის სამართლის კოდექსში (1964 წლის რედაქცია)-ქალის მოტაცება მასთან ქორწინების მიზნით“ სასჯელიც რა თქმა უნდა მინიმალური. დღეს ეს მუხლი აღარ გვაქვს კოდექსში, ახლა ამგვარ ქმედებას თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჰქვია და საკმაოდ მკაცრადაც ისჯება. გოგონების გატაცებაც გაიშვიათდა, თუმცა ყველგან არა. ხშირად გვესმის მსგავსი შემთხვევების შესახებ ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებით დასახლებული სოფლებიდან. ამაში ალბათ მარტო ენობრივი ბარიერის ქონა არ იქნება ,,დამნაშავე“. ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეების საქმეებში ხომ თარჯიმანი აუცილებელია, იმიტომ რომ როგორც წესი, არც დაზარალებულმა გოგონებმა და არც ბრალდებულმა არ იციან სახელწიფო ენა, რაც დიდ პრობლემას ქმნის. ყველაზე დიდი პრობლემა კი ისევ ეს ყბადაღებული  და გამაღიზიანებელი გამოთქმებია: ,,გოგოზე კარგად მშობლებმა იციან, ვის უნდა მიათხოვონ“, „გოგომ რა იცის“, „ყველაფერი კაცმა უნდა გადაწყვიტოს ოჯახში“.

ლ. 14 წლის იყო, როდესაც მოიტაცეს, უცხომ არა - ნათესავმა, ნათესავებისვე ხელშეწყობით. ფერმაში წაიყვანეს და ოთახში გამოამწყვდიეს, სამჯერ იძალადეს მასზე, რომ ვერ იმორჩილებდა, საწოლზე მიაბა, ხელები თასმით შეუკრა, დილით კი თავის ოჯახს წარუდგინა -ცოლად მომყავსო. გოგონა უარზე იყო, ერთი თვე ატარეს პოლიციაში, სამჯერ მიაცემინეს ჩვენება, ჯერ ვითომ არაფერი მომხდარა, მამამ ცოლად გაჰყევიო, უკან ხომ არ მიიბრუნებდა გოგოს. თავს მოვიკლავო გოგომ და არ გავხდები მისი ცოლიო, ამის შემდეგღა დაიწყო რეალურად გამოძიება. დაზიანებები აღარ ჰქონდა, ამიტომ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო გამოძიება. სამი წელი ძებნილი იყო ბრალდებული. ამასობაში გოგო გაიზარდა, 16 წელსაც გადააბიჯა, ჩვენებაც მისცა სასამართლოში, თუმცა მოძალადე ნათესავს, უკვე პატიმარს, ცოლად მაინც გააყოლეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ქორწინების რეგისტრაციაშიც გატარდა მასთან, თემმა და ნათესაობამ   მაინც გაიმარჯვა, თუმცა იმედი მაქვს, მალე კანონი და ქალის უფლებები იქნება უპირატესი ყველა იმ ადამიანზე, რომელიც ქალს ნივთად მიიჩნევს, რომელსაც სჭირდება პატრონი, ვინც გადაწყვეტს, როგორ იზრუნოს და როდის მოისროლოს გამოუყენებელი ნივთების საწყობში.

ა. სკოლაში დადიოდა, ყოჩაღი გოგო იყო, კარგად სწავლობდა. მეგობარი ჰყავდა, კლასელი და ნათესავი. ერთხელაც, ღამით  მათ სახლში დარჩენილ გოგოზე მეგობრის მამამ იძალადა ( ბიძად რომ ეკუთვნოდა). გოგომ არ გაამხილა, თუმცა ძალადობა კიდევ განმეორდა და ამჯერად გოგონა დაფეხმძიმდა. არც კი იცოდა, რომ მუცლით ძალადობის ნაყოფს ატარებდა. დამნაშავე კი დაისაჯა, მაგრამ ა-ს მომავალი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.

დ. სკოლაში მიდიოდა და-ძმასთან ერთად, როცა მოიტაცეს. მოძალადეს ცოლად უნდოდა, გოგო მას არც კი იცნობდა.ძალიან იყოჩაღა და მოძალადემ საწადელს ვერ მიაღწია. საქმე ჯერაც არ დასრულებულა. ის კი არა, ერთი გამტაცებელი ძებნილია და პოლიცია დღემდე ვერ პოულობს. ორი კი პატიმარია. იმედია, სასამართლო გამოძიება დროულად და სამართლიანად ჩატარდება, ისე არ მოხდება, როგორც ეს იმ მცირეწლოვანი ექვსი წლის გოგონაზე მოძალადე 58 წლის ნათესავის საქმეში მოხდა, როდესაც აღკვეთის ღონისძიების სახით შერჩეული პატიმრობის ვადა ლამის გაუვიდა ბრალდებულს, შემდეგ კი სასამართლომ გამამართლებელი განაჩენიც გამოიტანა იმაზე აპელირებით, რომ ექვსი წლის ბავშვების ჩვენებების საფუძველზე გამამტყუნებელ განაჩენს ვერ დაადგენდა(სასჯელი კი 11 დან - 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა). დღეს კი ოჯახმა აღარ იცის, სად გადამალოს ბავშვი, რომელიც ყოველდღე ხედავს მოძალადეს და ის დაუსჯელია.

ვიდრე ჩვენ, ყველა ერთად, ყველგან და ყველასთვის არ შევცვლით რამეს, კიდევ დიდხანს იქნებიან ქალები, რომლებიც ძალადობისგან თავის ხსნის ერთადერთ გამოსავალს თვითმკვლელობაში დაინახავს. 

ახალი ამბები