კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მორიგების მორიგი შეთავაზება

8 ივლისი, 2020
 
ალეკო ცქიტიშვილი

საზოგადოება ინფორმირებულია, რომ 2017 წლის დეკემბრიდან ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილი მაქვს სარჩელი, რომლითაც მოვითხოვ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, ე. წ. ჩანჩქერთან, დამცავი ბარიერებისა და საინფორმაციო ბანერების განთავსებას, ასევე - მორალურ კომპენსაციას ამ ადგილზე ჩემი შვილის, ცოტნე ცქიტიშვილის დახრჩობის გამო. 

საზოგადოება მეტ-ნაკლებად ინფორმირებულია სასამართლოში ამ დავის მიმდინარეობის თაობაზეც და ამჯერად, მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ გასული წლის ზაფხულში ქალაქ თბილისის სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი  მოთხოვნა და თბილისის მერია დაავალდებულა, მოაწყოს ბარიერები, ასევე -  საინფორმაციო ბანერები თბილისის ზღვის ე. წ. ჩანჩქერთან, სადაც მდინარე არაგვის წყლით ივსება წყალსაცავი. 

ამავე დროს, საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა კომპენსაციის თაობაზე, რაც გაუგებარია, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკით, სახელმწიფო პასუხისმგებელია ადამიანის სიცოცხლის უფლების დაცვაზე და მისი ბრალეულობით როდესაც ასეთი ტრაგიკული შემთხვევა ხდება, დაზარალებული ოჯახის კომპენსაციაც ლოგიკურია. 

ჩემი მხრიდან კომპენსაციის მოთხოვნის მთავარი მიზანია, მოპასუხე მხარეებმა ბოლომდე გაიაზრონ თავიანთი პასუხისმგებლობა, რასაც ამ ეტაპზე საერთოდ ვერ გრძნობენ. 

ცხადია, ჩემთვის ვერანაირი თანხა ვერ იქნება შვილის დაკარგვის კომპენსაცია, მაგრამ ამავე დროს, დაგეგმილი მაქვს, ეს თანხა, რასაც მოვითხოვ მოპასუხე მხარეებისგან (50 000 ლარი), მოვახმარო ქალაქ თბილისში ნაკვეთის შეძენას და შემდეგში ამ ნაკვეთზე პარკურის პარკის მოწყობას.  ეს იყო ჩემი შვილის ოცნება - თბილისში ყოფილიყო კეთილმოწყობილი პარკურის პარკი. 

Youtube-ზე ცოტნეს გუნდის - Delta Freerunning-ის გვერდზე ნახავთ, როგორ ვარჯიშობენ ბავშვები დიდ დიღომში საკუთარი ძალებით მოწყობილ პარკურის მოედანზე. ამ ვიდეოკოლაჟიდან ისიც ჩანს, რომ Delta-ს სავარჯიშო მოედანი იცვლებოდა, რადგან იქ სადაც თავდაპირველად ვარჯიშობდნენ, დეველოპერებმა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა წამოიწყეს. უკვე ახალმოწყობილ მოედანზეა გადაღებული რადიო „თავისუფლების“ ეს სიუჟეტი, სადაც ცოტნე თავის გუნდზე ლაპარაკობს. დღეს ეს მოედანიც აღარ არსებობს და გუნდის ახალმა შემადგენლობამ საბურავებს კიდევ ერთხელ შეუცვალა ლოკაცია. 

ზუსტად ისე ხდება, როგორც ცოტნე წერდა თავის თხზულებაში - ქალაქი მიიწევს წინ. აქვე იმასაც დავწერ, რომ ცოტნეს ამ თხზულებამ გაიმარჯვა ქალაქ თბილისის საკრებულოს ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში „თბილისი 2015“. დაჯილდოების ცერემონიალზე პრიზი განათლების მინისტრმა გადასცა. 2017 წელს, როდესაც ცოტნე თბილისის ზღვაზე დაიღუპა, ქალაქში არც ერთი პარკურის მოედანი არ არსებობდა. ბიჭები ხან სად მიდიოდნენ და ხან - სად, რათა თავიანთი ფიზიკური შესაძლებლობები გამოეცადათ. ასე აღმოჩნდნენ თბილისის ზღვაზეც, ე. წ. ჩანჩქერთან. 

ჩემი სასამართლო დავა ქალაქ თბილისის მერიასთან და GWP-სთან ამჟამად სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს. ჩემს ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის მერიამაც გაასაჩივრა. სამოქალაქო წესით, ასევე, ცოტა ხნის წინ შევიტანეთ საჩივარი GWP-ს წინააღმდეგაც, რითაც მოვითხოვთ, ამ კომპანიამ თავისივე ტერიტორიის დაცვა გააძლიეროს, რათა ამ ნაკვეთიდან მოქალაქეები ვერ მოხვდნენ ე. წ. ჩანჩქერთან, როგორც ეს დღეს ხდება.

ჯერ კიდევ საქალაქო სასამართლოში თბილისის მერიას შევთავაზეთ, შექმნილიყო სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოკლე დროში უზრუნველყოფდა სადაო ტერიტორიაზე ბარიერების მოწყობასა და საინფორმაციო გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟებას. სამწუხაროდ, აქამდე მერია არანაირ მოლაპარაკებაზე არ წამოვიდა და აგრძელებს დავას ჩემს ოჯახთან იმ თავდაჯერებული პოზიციით, რომ მხოლოდ მსხვერპლები არიან პასუხისმგებელი იმაზე, რაც თბილისის ზღვის ამ საშიშ ადგილას ხდება.
 
ამჯერად, სააპელაციო სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას, ქალაქ თბილისის მერიას კიდევ ერთხელ ვთავაზობთ მორიგებას. ამ ნაბიჯით ვცდილობთ, მოკლე დროში გადაწყდეს ის საკითხები, რომლის გადაწყვეტაც სასამართლოში უკვე მესამე წელია ჭიანურდება.

კერძოდ, მხარეს ვთავაზობთ მორიგებას შემდეგი პირობებით:

 1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც აპელანტის მონაწილეობით და მასთან შეთანხმებით, შემჭიდროვებულ ვადებში განსაზღვრავს სადაო ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებებს - ბარიერების დამონტაჟებას და საინფორმაციო გამაფრთხილებელი აბრების განთავსებას. 

მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი შეიქმნას დროულად და 2020 წლის ბოლომდე განსაზღვროს, რა ტიპის და სტანდარტის ბარიერები და საინფორმაციო აბრები უნდა განთავსდეს სადაო ტერიტორიაზე თბილისის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ნაკვეთის მხრიდან. ასევე, მნიშვნელოვანია, 2021 წლის ზაფხულის სეზონამდე სადაო ტერიტორიაზე მოეწყოს ბარიერები და დამონტაჟდეს საინფორმაციო აბრები. 

მოსარჩელეთა ინტერესს, პირველ რიგში, წარმოადგენს მოქალაქეების, განსაკუთრებით კი - მოზარდების დაცვა საშიშროების შემცველი გარემოსგან. საქმეში დანართის სახით წარდგენილი გვაქვს მტკიცებულება, ე. წ. ჩანჩქერმა თბილისის ზღვაზე ბოლო წლებში რამდენი ახალგაზრდა შეიწირა, რომელთა უმეტესი ნაწილი სკოლის მოსწავლეა. საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე ისე შეიძლება აღმოჩნდნენ ახალგაზრდები, რომ არც ბარიერი შეხვდეთ გზაზე და არც საშიშროების აღმნიშვნელი აბრა. 

2. დიდი დიღმის ტერიტორიაზე გამოიყოს 1500 კვ/მ-ის ფართობის ტერიტორია პარკურის პარკისათვის - აპელანტისა და სახელმწიფოს (თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის) ერთობლივი  50/50 საკუთრებით. სასამართლო დავის დასრულების შემდგომ ცოტნეს ოჯახს ისედაც დაგეგმილი გვაქვს თბილისში, დიდ დიღომში ნაკვეთის შესყიდვა, სადაც მოეწყობა ცოტნე ცქიტიშვილის სახელობის პარკურ-პარკი - სპეციალური საზოგადოებრივი სივრცე მათთვის, ვინც პარკურით არის დაკავებული. ვფიქრობ, ქალაქში მსგავსი საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესების სფეროშიც უნდა შედიოდეს. ამიტომ სააპელაციო სასამართლოში მე (აპელანტი) მხარეს  ვთავაზობ მორიგებას - ქალაქ თბილისის მერიამ გამოყოს ტერიტორია დიდ დიღომში ახალი პარკურ-პარკის მოსაწყობად, რომელიც იქნება ქალაქ თბილისის მერიისა და ცოტნე ცქიტიშვილის ოჯახის თანაბარ (50-50%) საკუთრებაში და მართვაში. ამ ტერიტორიაზე ერთობლივი ძალებით დაიგეგმება და მოეწყობა ახალი პარკურ-პარკი, სადაც ახალგაზრდებს მიეცემათ საშუალება, ჰქონდეთ საზოგადოებრივი, დაცული სივრცე სავარჯიშოდ და აღარ ივარჯიშონ საფრთხის შემცველ ადგილებში. 

ახალი ამბები