10:52, Friday, 18.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების მოთხოვნა

30.07.2020

ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

უკვე ერთი თვე ხდება, რაც საქართველოს ორი მოქალაქე საოკუპაციო ძალების უკანონო ტყვეობაში იმყოფება. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი ხვიჩა მღებრიშვილი და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე ამ დრომდე ცხინვალის ციხეში იმყოფებიან. მღებრიშვილისა და გახელაძის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის გარდა კიდევ რამდენიმე მუხლით აწარმოებს გამოძიებას.

47 წლის ხვიჩა მღებრიშვილს ოჯახი 3 ივლისიდან ეძებდა, თავდაპირველად ეგონათ, რომ სამუშაოდ იყო წასული, მაგრამ რადგან ვერ დაუკავშირდნენ და არც სახლში დაბრუნდა, პოლიციას შეატყობინეს. პოლიციისთვის მიმართვის შემდეგ, ცხელი ხაზის მეშვეობით დადგინდა, რომ ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ჰყავდათ გადაყვანილი. როგორც გატაცებულის ოჯახის წევრები და ნათესავები ამბობდნენ, ისინი გატაცების ფაქტს არ ახმაურებდნენ, რადგან ეგონათ, რომ გახმაურებით მის გათავისუფლებას ხელს შეუშლიდნენ. დღეები გადიოდა, ხვიჩა მღებრიშვილს შესახებ კი არაფერი ისმოდა, ოჯახმა და თანასოფლელებმა გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. ოჯახის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხვიჩა მღებრიშვილი სოფელ აძვთან დააკავეს, დაკავების დროს კი რამდენჯერმე გაისროლეს ცეცხლსასროლი იარაღიდან, თუმცა ხვიჩა მღებრიშვილი არ დაშავებულა.

17 ივლისს, ცხინვალის დე ფაქტო საგამოძიებო სტრუქტურებზე დაყრდნობით, ცხინვალის მედია ავრცელებს ხვიჩა მღებრიშვილის დაკითხვის ვიდეო მასალას, სადაც ხვიჩა მღებრიშვილი ყვება, რომ ცხინვალის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კერძოდ კი, ღრომში წითელ წიგნში შეყვანილი ღამურების დასაჭერად იყო გადასული. თითოეულ ღამურაში ლუგარის კვლევითი ცენტრი 5 000 დოლარს გადაუხდიდა. ამ ე.წ. აღიარებითი ჩვენების საფუძველზე ხვიჩა მღებრიშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდეს და წითელ წიგნში შეტანილ სახეობათა კონტრაბანდის მუხლი წაუყენეს.

„სამხრეთ ოსეთის ღამურების პოპულაციის მიმართ გაძლიერებულ ინტერესს 2012 წლიდან იჩენს ე.წ. „ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“. 2012, 2014 და 2018 წლებში ლაბორატორიის თანამშრომლები სისტემატურად იჭერდნენ ხელფრთიანებს სამხრეთ ოსეთის მოსაზღვრე რეგიონში - შიდა ქართლში“, - ნათქვამია დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხვიჩა მღებრიშვილის ძმის, ჯუმბერ მღებრიშვილის განაცხადებით, დე ფაქტო ძალოვანმა უწყებებმა დაკავებულზე, სავარაუდოდ, ზეწოლა მოახდინეს და ისეთი დანაშაული აღიარებინეს, რომელიც რეალურად არ ჩაუდენია.

,,ის ტექსტი, რასაც ჩემი ძმა იმეორებს, დაუწერეს ალბათ და ზეწოლის შედეგად იძულებული იყო, ეთქვა ეს სისულელე. არავის არ სჯერა ამის. რა ღამურები, ღრომში რომ არ გადასულიყო მეჯვრისხევშიც ბევრი ღამურაა. არც მე და არც არავის არ გვჯერა ამ სისულელის. ვითხოვთ, მალე გაათავისუფლონ ჩემი ძმა, ხელოსანი კაცია და თავის შემოსავალი აქვს, მას არ სჭირდებოდა ღამურებზე ნადირობა", - ამბობს ჯუმბერ მღებრიშვილი.
ცხინვალის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებას საქართველოს ხელისუფლება იმ ისტერიის გაგრძელებად აფასებს, რაც კრემლის პროპაგანდისტული საშუალებებიდან მომდინარეობს ლუგარის ლაბორატორიის მიმართ,  რომელსაც, ბოლო თვეების განმავლობაში, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონშიც შეუერთდნენ.

11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა სოფლის განაპირას მდებარე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ზაზა გახელაძე მეგობართან ერთად სოკოს მოსატანად იყო წასული. სხვილოს ციხესა და მიმდებარე ტერიტორიას საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენლების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა 33 წლის ზაზა გახელაძე საქართველოს კოტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს, დაკავებას წინ უძღოდა სროლა, რის შედეგადაც ზაზა გახელაძე ფეხში დაიჭრა.

საოკუპაციო რეჟიმი ზაზა გახელაძის დაჭრას ადასტურებს, თუმცა აცხადებენ, რომ პირველად ცეცხლი სწორედ ზაზა გახელაძემ გახსნა. ზაზა გახელაძის მეგობარი კობა ფარესაშვილი ოკუპანტებს გამოექცა, იგი მედიასთან არ კონტაქტობს, თუმცა როგორც კობა ფარესაშვილის დედა ყვება, მოულოდნელად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გამოჩნდნენ და ზაზას მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. მისმა შვილმა კობა ფარესაშვილმა გაქცევა მოახერხა, ზაზა კი ფეხში დაიჭრა და გადაადგილება ვეღარ შეძლო. ე.წ. „მესაზღვრეებმა“ ის დააკავეს და ახალგორის მიმართულებით წაიყვანეს. მაია ფარესაშვილის თქმით, ქართველმა სამართალდამცველებმა მის შვილთან ერთად ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი და აღმოჩნდა რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები თავად იყვნენ გადმოსული საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

,,პოლიციამ წაიყვანა ჩემი შვილი, ნახეს ის ტერიტორია, საიდანაც ზაზა გაიტაცეს. პოლიციამაც თქვა, რომ ოკუპანტები ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე იყვნენ გადმოსული", - აცხადებს მაია ფარესაშვილი.

ცხინვალის დე ფაქტო სამხედრო პროკურორის, ტიგრან კაბულოვის თქმით, გახელაძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია ორი მუხლით, მას სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფასა და ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას ედავებიან. ტიგრან კაბულოვის მტკიცებით, გახელაძეს თან ჰქონდა გლუვი თვითნაკეთი იარაღი, ამასთან, საზღვრის გადაკვეთისას გაცემულ ბრძანებას, რომ შეჩერებულიყო, არ დაემორჩილა და გაქცევა სცადა. რუსული მხარის მტკიცებით, ზაზა გახელაძემ ცეცხლი პირველმა გახსნა და 10-ჯერ გაისროლა, საპასუხო ცეცხლის დროს კი ის მსუბუქად დაიჭრა.

ზაზა გახელაძის ოჯახი არც რუსეთის ფედერაციის და არც დე ფაქტო უწყებების მიერ გავრცელებულ განცხადებას არ ეთანხმებიან, ოჯახის ინფორმაციით, ზაზა გახელაძეს შესაძლოა, ჰქონოდა მხოლოდ სანადირო თოფი, საიდანაც 10-ჯერ ვერ გაისროდა. 

დე ფაქტო ძალოვანი უწყებების მიერ საქართველოს ორივე მოქალაქის -  მღებრიშვილისა და გახელაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს საქართველოს ხელისუფლება. ხელისუფლების წარმომადგენლები პერიოდულად როგორც მღებრიშვილის, ისე გახელაძის ოჯახის წევრებს ხვდებიან და ბოლო ინფორმაციას აწვდიან იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ გატაცებული მოქალაქეების გათავისუფლების მიმართულებით. მორიგ ასეთ შეხვედრაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთიძემ და შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლია გიგაურმა გახელაძეების ოჯახს განუცხადეს, რომ 30 ივლისს ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქის, ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.

,,ძალიან მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, რათა დეტალურად იყოს განხილული როგორც თანათავმჯდომარეებთან, ისე სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელთან და ყველა ჩართულ მხარესთან ერთად ეს და სხვა ინციდენტები და რაც მთავარია, მოვითხოვოთ დაუყონებლივ, უპირობოდ და აუცილებლად გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული ადამიანები", - განაცხადა ლია გიგაურმა.

ირაკლი ანთიძის თქმით, თითქმის ერთი წელი ხდება, რაც მხარეებს პირისპირ არ უმსჯელიათ, რის შედეგადაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ინციდენტების რაოდენობა გაიზარდა.

,,ცენტრალური ხელისუფლება შეხვედრაზე ყველა იმ პრობლემურ საკითხს დააყენებს, რომელიც დაგროვდა ბოლო 11 თვის განმავლობაში. აღნიშნული ფორმატის ბოლო შეხვედრა გაიმართა გასული წლის აგვისტოს თვეში და შემდეგ აღარ გამართულა” , - აღნიშნა ირაკლი ანთიძემ.

გატაცებულის ოჯახის წევრებს იმედი აქვთ, რომ 30 ივლისს ერგნეთში დაგეგმილ შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლება ცხინვალის დე ფაქტო მთავრობასთან შეთანხმებას მიაღწევს და ზაზა გახელაძისა და ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდება.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC