კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გადაადგილების შეზღუდვა - მიზანშეწონილი ღონისძიება თუ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება?

12 თებერვალი, 2021
ლანა გიორგიძე 

COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ევროპის ბევრმა ქვეყანამ მკაცრი შეზღუდვები დააწესა. სხვადასხვა სახის შეზღუდვასთან ერთად ზოგ ქვეყანაში კომენდანტის საათი გამოცხადდა. გამონაკლისი არ ყოფილა საქართველო, სადაც კომენდანტის საათი, 2020 წლის განმავლობაში, ორჯერ გამოცხადდა, რასაც საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მხრიდან უარყოფითი შეფასებები მოჰყვა. 

„ახალ კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური და რეალური მექანიზმი სოციალური დისტანცირებაა. სოციალური დისტანცირების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ხდება შეზღუდვების დაწესება და მათი ზედმიწევნით აღსრულება. საწყის ეტაპზე საქართველოს მთავრობამ აირჩია რეკომენდაციებისა და საინფორმაციო კამპანიის გზა. კორონავირუსის დაფიქსირებიდან (26 თებერვალი), თითქმის ერთი თვის განმავლობაში (21 მარტამდე), მთავრობა აწარმოებდა საინფორმაციო კამპანიას.  ეპიდემიოლოგიურმა ვითარებამ აჩვენა, რომ რეკომენდაციები არასაკმარისი აღმოჩნდა და დღის წესრიგში დადგა უფრო მკაცრი/სავალდებულო ზომების გატარებისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2020 წლის 21 მარტს გამოცემული დეკრეტის საფუძველზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და შეიზღუდა საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით გათვალისწინებული გარკვეული უფლებები და თავისუფლებები“, - ვკითხულობთ COVID 19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.

საქართველოში საყოველთაო კარანტინი 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა. ქვეყანაში კომენდანტის საათი დაწესდა და მთავრობამ „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ 2020 წლის 23 მარტის №181 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა, სადაც გაწერილი იყო კარანტინის დამრღვევი პირებისთვის არსებული სანქციები და ჯარიმები.

მუხლი 7: 1. მოქალაქეებს კომენდანტის საათის დროს აკრძალული აქვთ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე იყვნენ ქუჩებში ან საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, გამოვიდნენ თავიანთი ბინის ფარგლებს გარეთ. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის დამრღვევ პირებს დააკავებს პოლიცია ან პატრული კომენდანტის საათის დამთავრებამდე, ხოლო ვისაც თან დოკუმენტები არა აქვს, მათი პიროვნების დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს 3 დღისა; დაკავებულნი შეიძლება პირადად გაისინჯონ, აგრეთვე გაუსინჯონ ნივთები.

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

განმეორებით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ითვალისწინებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 21 მარტიდან 22 მაისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის დააჯარიმა 8 716 ფიზიკური და 21 იურიდიული პირი. ჯარიმის თანხა 26 463 000 ლარს შეადგენს. აქედან კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 4 820 ფიზიკური პირი.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან კვლავ დაწესდა გადაადგილებაზე შეზღუდვა, მაგრამ მხოლოდ დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში. გადაადგილება შეზღუდული იყო 22:00 საათიდან დილის 5 საათამდე. გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებული იყო 2 000 ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი -  10 000 ლარიანი. 

გადაადგილებაზე შეზღუდვის დაწესებამ კითხვები გააჩინა საზოგადოებაში, რადგან იგი სწორედ ოპოზიციური პარტიების მიერ გამართული აქციების პერიოდს დაემთხვა. 10 ნოემბრის ღამეს პოლიცია აჯარიმებდა აქტივისტებს, მათ შორის - უსახლკარო პირებს.

10 ნოემბრის ღამეს აქტივისტების დაჯარიმების საკითხს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომლის განცხადების თანახმად, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხს და ამ კუთხით ეფექტური საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომების მიღების აუცილებლობას, რათა ქვეყანაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება დაცული იყოს, თუმცა ომბუდსმენი განმარტავს, რომ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა, შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მისი განცხადებით, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციის და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.

ღამის საათებში დაწესებულ შეზღუდვებს გამოეხმაურა ოთხი საზოგადოებრივი ორგანიზაცია - GDI, ISFED, HRC და TI. მათი შეფასებით, კომენდანტის საათის დაწესება საქართველოს მთავრობის დადგენილებით არაკონსტიტუციურია, ვინაიდან გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის საკანონმდებლო უფლებამოსილება საქართველოს მთავრობას არ გააჩნია. „მეტიც, ეს ნაბიჯი აღიქმება, როგორც მიმდინარე საპროტესტო ტალღის ჩახშობის მცდელობა, საკუთრივ ამგვარი აკრძალვა კი არ წარმოადგენს ლეგიტიმური მიზნის მიღწევისათვის ეფექტურ, აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას“, - ნათქვამია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს თემის შესახებ საუბრისას განუცხადა, რომ „სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციურობას საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს“ და არა „რამდენიმე ადამიანი, რომელიც ქუჩიდან ხმამაღლა ყვირის”.

ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) იურისტი, ალექსი მერებაშვილი არ გამორიცხავს, რომ შეზღუდვები პოლიტიკური მოტივებით დაწესდა.

ალექსი მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი: „ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შესაძლოა, გარკვეულ ეტაპზე სწორი იყო შეზღუდვების დაწესება, მაგრამ ჯარიმის ოდენობა პირველ ეტაპზეც და დღესაც არის არაადეკვატური და არაპროპორციული, მით უფრო, რომ ღამის საათებში ისედაც მცირეა მობილობა და არ იქმნება დიდი  საფრთხე ვირუსის გავრცელების.  9 ნოემბრიდან დღემდე დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ საერთოდ არ იყო საჭირო, რადგან ისედაც აკრძალულია რესტორნების, კლუბების მუშაობა და ისეთი დაწესებულებების მუშაობა, სადაც ღამის საათებში გასართობად შეეძლო ადამიანს გასვლა. ამის გათვალისწინებით, მიუღებელია გადაადგილების შეზღუდვის დაწესება. თვალშისაცემია არაპროპორციულობა, მაგალითად, დღის განმავლობაში დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის გარეშე გადაადგილებისთვის 20 ლარია ჯარიმა, მაშინ, როცა ის უფრო დიდ საფრთხეს ქმნის ვირუსის გავრცელების კუთხით, ვიდრე ადამიანი, რომელიც ღამით გადაადგილდება საკუთარი ავტომობილით. არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკური მოტივებით დაწესდა გადაადგილებაზე შეზღუდვა. გაზაფხულიდანვე პანდემია პოლიტიკური მიზნებით არის გამოყენებული, ამას მოწმობს დახმარებების გაცემის წესი, რომელიც არჩევნებამდე იყო გაწერილი. ამასთან, ოპოზიცია ბოიკოტს აცხადებს და გაზაფხულიდან აქციებია დაანონსებული, ეს შეზღუდვები კი ცალსახად პოლიტიკურ მოტივებს ემყარება“.

GDI-ს თავმჯდომარის, ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, კომენდანტის საათის შემოღება არის არაკონსტიტუციური, ძალიან მძიმე შეზღუდვა და ამასთან ერთად - დარღვევაც, რაც უტოლდება შინაპატიმრობას. ამასთან, ჩნდება კითხვა, ხომ არ იყენებენ ამას თვითნებურად, რათა ხელისუფლებამ გაუმართლებლად შეზღუდოს ადამიანის უფლებები.

ედუარდ მარიკაშვილი, GDI-ს თავმჯდომარე: „სახელმწიფოს აქვს სანქციის დაწესების დროს გარკვეული მიხედულობის ზღვარი, რა დროსაც გათვალისწინებული შეიძლება იყოს ეკონომიკური მდგომარეობა და ასევე, სანქციის ეფექტი, რათა  სამართალდარღვევის პრევენცია მოახდინოს, თუმცა ვინაიდან ეს შეზღუდვები შემოღებულია პანდემიის პირობებში და  პარალელურად ამ ყველაფერს ერთვის ეკონომიკის სრული ჩაკეტვა და ეს  მძიმე ტვირთად აწვება ადამიანების ფინანსებს და იმ ფონზეც, როდესაც მთელი რიგი შეზღუდვები არაკონსტიტუციურია, ამ შემთხვევაში შეიძლება, ვისაუბროთ სანქციის ოდენობის გაუმართლებლობასა და მოქალაქეებზე მძიმე ტვირთის დაკისრებაზე. ჩვენმა ორგანიზაციამ ადამიანის უფლებების დამრღვევი ნორმების გაუქმების მიზნით  მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, უმეტესობაზე უკვე ჩატარდა განხილვები და  განხილვებმაც რეალურად აჩვენა ის, რომ ეს შეზღუდვები არის არაკონსტიტუციური, თუმცა უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ამ საქმეების განხილვას, ვინაიდან ეს საქმეები მიმდინარეა და შეზღუდვები ყველაზე მასშტაბურად არღვევს ადამიანის უფლებებს“. 

HRC-ის იურისტის, ალექსი მერებაშვილის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა დაჯარიმებულ მოქალაქეებს: „დაჯარიმებულებს განუცხადეს, რომ 30 დღის ვადაში შეეძლოთ გაესაჩივრებინათ ჯარიმა, მაშინ, როდესაც სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, გასაჩივრების ვადა 10 კალენდარული დღეა, თუ 10 დღეში არ გასაჩივრდება, იგი შევა კანონიერ ძალაში. პოლიციელების ნაწილი მოქალაქეებს ასევე აწვდის არასწორ ინფორმაციას, თითქოს მთავრობა გეგმავს ჯარიმების გაბათილებას, ერთი მხრივ,  ჯარიმის ქვითარს აწვდიან და მეორე მხრივ, ამშვიდებენ - არ გაასაჩივროო. მათ განზრახ შეცდომაში შეჰყავთ მოქალაქეები“.

მერებაშვილის განცხადებით, თუ გასაჩივრების ვადა ამოიწურა, ამ შემთხვევაში მოქალაქემ 30 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს ჯარიმა: „აქაც არის ხარვეზი და არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა, რადგან ისინი ვერ ახერხებდნენ გადახდას. ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და დღემდე ველოდებით პასუხს, თუ რა ტექნიკური ხარვეზია და რატომ ვერ ახერხებენ მოქალაქეები ჯარიმის გადახდას. თუ დაჯარიმებული პირი ვერ გადაიხდის ჯარიმას, მაშინ იწყება იძულებითი აღსრულება, თუ რაიმე ირიცხება მის სახელზე, ყადაღა ედება მის ქონებას, თუკი შეთავაზებულ ვადაში ვერ გადაიხდის, მოხდება ქონების აუქციონზე რეალიზება. თუ მოქალაქე მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი ცდება კანონით მინიჭებულ უფლებებს,  ამ შემთხვევაში შეუძლია, გენერალურ ინსპექციას მიმართოს (126), ან, რა თქმა უნდა, შეუძლია მომართოს ადამიანის უფლებათა ცენტრს. მომართვიანობა ჯერჯერობით დიდი არაა, რადგან მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ ჯარიმებს ჩამოაწერენ, ისინი არ არიან სწორად ინფორმირებულები. ცენტრის შიდა ქართლის ოფისს 6 ჯარიმა აქვს გასაჩივრებული და დღემდე არ მიგვიღია პასუხი“.

დაჯარიმებულ პირთა უმეტესობას იდენტიფიცირება არ სურთ. ისინი უფრთხიან დეტალებზე საუბარსაც, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს გასაჩივრების ეტაპზე პრობლემას შეუქმნით. ერთ-ერთი მათგანი ბათუმში დააჯარიმეს, მან დახმარებისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა.

„იანვრის თვეში გადავაადგილდებოდი ბათუმში საკუთარი ავტომობილით, რომელიც ჩემს სახელზე არაა რეგისტრირებული,  მქონდა საშვი და მიმქონდა შეკვეთა. ერთი თვის განმავლობაში მინიმუმ 50-ჯერ გამაჩერეს, იმ დღეს უბრალოდ ხასიათზე არ იყვნენ და მოინდომეს მანქანის საშვის გადამოწმება, მათ განვუმარტე, რომ ავტომობილს არ სჭირდებოდა საშვი, რადგან მე მქონდა პირადი საშვი. ეს ინფორმაცია სხვა ეკიპაჟთანაც გადამოწმებული მქონდა, სანამ შეკვეთებზე სიარულს დავიწყებდი. მათ გადმომცეს საჯარიმო ქვითარი და დამემშვიდობნენ. ჯარიმის ქვითარი მეორე დღესვე გავასაჩივრე და ჯერჯერობით კვლავ პასუხის მოლოდინში ვარ“, - აღნიშნა დაჯარიმებულმა მოქალაქემ.

HRC-ის იურისტი მიიჩნევს, რომ პოლიციელების ქმედება ყოველგვარ აზრს მოკლებულია და მეტიც, კანონში არ არის ჩანაწერი, რომელიც ავტომობილის საშვს ითხოვს, რადგან ვირუსის გამავრცელებლად ადამიანი მიიჩნევა და არა ავტომობილი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, შორენა ლოლაძე აცხადებს, რომ  კომენდანტის საათის დარღვევის გამო ბევრმა ადამიანმა მიმართა საიას: „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, რომელიც განიხილება საჩივრების პირველად განმხილველად, არ აკმაყოფილებს საჩივრებს, რის გამოც ადამიანებს უწევთ, მიმართონ სასამართლოს. იყო შემთხვევა, როცა მოქალაქეს ჰქონდა საშვი, იგი გადაადგილდებოდა პირბადის გარეშე ღამის საათებში და საფრთხეს არავის უქმნიდა, მაგრამ დააჯარიმეს. მან ეს ჯარიმა გაასაჩივრა. ასევე იყო შემთხვევა, როდესაც მოქალაქე ბაკურიანში წყლის საყიდლად შევიდა სახლთან არსებულ მაღაზიაში, რის გამოც დააჯარიმეს. მისი გულისწრყომა გამოიწვია იმან, რომ პოლიციამ სხვა ადამიანები, რომლებიც ასევე კომენდანტის საათის დროს იყვნენ მაღაზიაში, არ დააჯარიმა, რადგან მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა საშვი მათ, ისინი პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ საშვს. რეალურად, დაჯარიმებულ პირებს ბევრი არგუმენტი არ აქვთ, რომ მათ არ დაურღვევიათ, მაგრამ ისინი განმარტავდნენ, რომ გადაუდებელი საჭიროების გამო იმყოფებოდნენ გარეთ. თითოეული საქმე უნდა შეფასდეს გარემოებების შესწავლის გზით. ჩვენ თითოეულ დაჯარიმებულ პირს ვუწევთ კონსულტაციას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიღებთ საქმეს, თუ იგი პერსპექტიულია. დაბოლოს, არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზები და მიგვაჩნია, რომ მთავრობა არ იყო უფლებამოსილი, მსგავსი ტიპის შეზღუდვები დაეწესებინა“. 

ფართომასშტაბიანი იზოლაცია, რაც ინფიცირებისა და ვირუსის გავრცელების შენელებისთვის  მიღებულ ფორმად იქცა, საგანგებო მდგომარეობის თუ სხვა მექანიზმების გამოყენებით, ერთმნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანების გადაადგილების თავისუფლებას, რაც სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვაზეც პირდაპირპროპორციულად აისახება - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში - „COVID 19 პანდემია და ადამიანის უფლებები“.

ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებულად შემაშფოთებელია ხელისუფლებათა მცდელობა, შექმნილი ვითარება საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს.

„საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოულოდნელი არ ყოფილა ის მძიმე სოციალური შედეგები, რაც კორონავისურთან ბრძოლისთვის მიღებულმა ზომებმა კიდევ უფრო გაართულა. კრიზისმა კიდევ ერთხელ ცხადყო ქართული შრომის კანონმდებლობის უმწვავესი პრობლემები, რამაც ძალიან მარტივად, დამსაქმებლებისთვის შესაძლებელი გახადა დასაქმებულთა გათავისუფლება ან იძულებით უფასო შვებულებაში გაშვება. უმუშევრად დარჩენილთა დასახმარებლად, სახელმწიფოს მხრიდან, 2 თვის განმავლობაში არანაირი ზომა არ იყო მიღებული, რამაც უამრავი ადამიანი შიმშილამდე მიიყვანა. მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისეული გეგმით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები, რომელთა გაცემა ჯერაც არ დასრულებულა, ვერ პასუხობს სრულყოფილად არსებულ გამოწვევებს“, - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშის თანახმად, პანდემიის გამო, უფასო კვების ადგილების დაკეტვამ მუნიციპალიტეტებში ცალსახად იქონია გავლენა იმ შეჭირვებულ ადამიანებზე, რომლებიც ამ სერვისებზე იყვნენ დამოკიდებული: „მართალია, კრიზისიდან გამომდინარე, ეს სერვისიც მოდიფიცირდა და საკვებზე წვდომა შეუნარჩუნა ბენეფიციარებს, მაგრამ თავად სერვისების დაფარვის არეალი საკმაოდ მცირეა, განსხვავდება მუნიციპალიტეტების მიხედვით და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. საგანგებო მდგომარეობის პირობებში, ხანშიშესული ადამიანების მოწყვლადობიდან გამომდინარე, მათთვის განკუთვნილმა გადაადგილების უმკაცრესმა ზომებმა, მნიშვნელოვნად შეზღუდა ხანდაზმულთა უფლებები. კარანტინისას მათი საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფა სახელმწიფომ იკისრა. თუმცა, ყველა შემთხვევაში ვერ ხერხდებოდა სერვისის შეუფერხებელი მიწოდება. ამასთან, ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვამ, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სოფლად მცხოვრებ ადამიანებზე, რომლებსაც მაღაზიებამდე და სხვა აუცილებელ ობიექტებამდე მისასვლელად კილომეტრების გავლა უწევდათ, რაც განსაკუთრებულად რთული ხანდაზმული ადამიანებისთვის იყო“.

საყოველთაო შეზღუდვებმა კომპლექსურად იქონია გავლენა შშმ პირებზე, დევნილებზე, ქალებზე, ბავშვებზე, ეთნიკური უმცირესობათა ჯგუფებზე, უსახლკაროებსა და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე.  რა გავლენა მოახდინა შეზღუდვებმა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე ამის შესახებ ანგარიშის გამოცემას გეგმავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. 

საიას ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი, მერაბ ქართველიშვილი ამბობს, რომ ლგბტ თემის წევრების სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდა საყოველთაო შეზღუდვების ფონზე, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა კი მათ საჭიროებებს არ პასუხობდა: „ზოგადად, ანტიკრიზისული გეგმა მოწყვლად ჯგუფებზე არ ვრცელდებოდა. დახმარება განკუთვნილი იყო მკვეთრად გამოხატული შშმ პირებისთვის. არადა, მათ გარდა, ქვეყანაში ზომიერად გამოხატული შშმ პირებიც ცხოვრობენ და მათ ეს დახმარება არ ეხებოდათ. სკოლების დაკეტვამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ბავშვებზე, განსაკუთრებით - შშმ ბავშვებზე, რომელთაც შეეზღუდათ დღის ცენტრებზე მისაწვდომობა, რაც საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობდა ხელს. მისაწვდომი იყო დისტანციური დღის ცენტრები, რომელიც საკმარისი არაა მათთვის. ეთნიკური უმცირესობების მიმართ ასევე იყო მისკომუნიკაცია და სახელმწიფოს მხრიდან არასწორი დაგეგმვა, პირველად მარნეული და ბოლნისი ჩაიკეტა, ხალხი კი ინფორმაციულ ვაკუუმში იყო, ისინი ასევე მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას ეწარმოებინათ სამუშაოები, დაემუშავებინათ ნიადაგი, შემდეგ სახელმწიფომ რამდენიმე საათი გამოუყო მათ, რაც, ძირითადად, გზაში სჭირდებოდათ და არ იყო სწორად განსაზღვრული. ასევე არ მომხდარა დევნილების ინტერესების გათვალისწინება. ასევე, შეზღუდვებმა დიდი პრობლემა შეუქმნა ახალგორში მცხოვრებთ, იქ შეიქმნა ჰუმანიტარული კრიზისი. სახელმწიფო მოუმზადებელი შეხვდა პანდემიას, შემდეგ კი შეეცადა გარკვეული ხარვეზები გამოესწორებინა. მსგავსი შეზღუდვების დაწესება წარმომადგენლობითი ინსტიტუტის - პარლამენტის მოვალეობა იყო და არა მთავრობის, პარლამენტმა კი სრულიად გადაანდო ეს უფლება-მოვალეობა მთავრობას, ეს დელეგირება კი არაკონსტიტუციურია“.

მიუხედავად საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოწოდებებისა და განცხადებებისა, სამართალდამცავები მინიჭებული უფლების თანახმად, აგრძელებენ მოსახლეობის დაჯარიმებას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მოქმედი რეგულაციის დარღვევისთვის 2020 წლის ნოემბრის თვიდან - დღემდე 47 168 ფაქტი გამოავლინა.

სტატია მოამზადა ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტის, „მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და სხვა სამოქალაქო უფლებების მდგომარეობა Covid-19-ის პანდემიის დროს საქართველოში“. პროექტი ხორციელდება არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მხარდაჭერით, პროგრამა Inspires ფარგლებში, რაც შესაძლებელი გახდა არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) მეშვეობით, USAID-ის დაფინანსებით.

ახალი ამბები