კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ენერგოდამოუკიდებლობა თუ რბოლა ფსკერისკენ?!

29 აპრილი, 2021
გიორგი ტყებუჩავა
 
მოგვწონს ეს თუ არა, საქართველო ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნების განუყოფელი ნაწილია. პოსტსაბჭოთა რეალობაში შექმნილი უმწვავესი ეკონომიკური კრიზისის პარალელურად, 2000-იანი წლები ქვეყანაში დერეგულაციებითა და ნებისმიერ ფასად ინვესტიციების მოზიდვით წარიმართა. ეს ტენდენცია დღემდე ნარჩუნდება. ნამახვანის ჰესი, რომლის იდეა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში გაჩნდა, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მუდმივად თაროზე იყო შემოდებული. კორონავისურის კრიზისის დროს კი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გათვლით, ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი შეირჩა მშენებლობის წარსამართად. 
 
ნამახვანიჰესის პროექტი მდ. რიონის ხეობაში, სოფელ ტვიშსა და სოფელ ჟონეთს შორის მასშტაბური კასკადების მშენებლობას ითვალისწინებს. იდეა ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში გაჩნდა, მაგრამ პროექტის მასშტაბურობის, თანმდევი რისკებისა და სხვა ობიექტურ მიზეზთა გამო, მას დღის სინათლე დიდი ხნის განმავლობაში არ უნახავს.  პროექტი 2000-იანი წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში გააქტიურდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები ღიად უპირისპირდებოდნენ დიდი ჰესების მშენებლობის იდეას, მაგრამ საბოლოოდ, ამ მასშტაბური პროექტის მშენებლობისკენ პირველი ნაბიჯები სწორედ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადაიდგა. 
 
ერთი მხრივ, დიდი ჰიდროელექტროსადგურების ეკონომიკური სარგებლიანობა და, მეორე მხრივ, მათი მშენებლობით განპირობებული ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე, საქართველოში წლების განმავლობაში დისკუსიის ერთ-ერთი მწვავე თემაა. ეკონომისტები და პოლიტიკური ისტებლიშმენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული წყლის რესურსების მაქსიმალური ათვისება უნდა მოხდეს, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, ისე გაზრდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას. თავის მხრივ, გარემოსდამცველები მდგრადი ეკონომიკის აუცილებლობაზე და დიდი ჰიდროელექტროსადგურების გარემოზე მავნე ზემოქმედებით გამოწვეულ ზიანზე მიუთითებენ.
 
საქართველოში დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ირგვლივ არსებულ აზრთა სხვადასხვაობას დიდი ხნის ისტორია აქვს. საზოგადოებაში არსებული  მწვავე დისკუსია ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოდან იღებს სათავეს. რეალურად, საზოგადოების ნაწილში არსებული პროტესტი დიდი ჰესების წინააღმდეგ არასოდეს შემწყდარა. უკანასკნელ პერიოდში კი, საკითხის კიდევ ერთხელ გააქტიურება საქართველოს ხელისუფლების მიერ ნამახვანიჰესის მშენებლობის ფორსირებულ გადაწყვეტილებას, რისკების ჯეროვნად შეუფასებლობასა და პროცესის გაუმჭვირვალობას მოჰყვა. ასეთ გადაწყვეტილებებს მოსახლეობის მხრიდან შედეგად ლეგიტიმური პროტესტი მოჰყვება, სახელმწიფო კი რეპრესიულ პოლიტიკას მიმართავს და საზოგადოებას საპოლიციო ძალებს უპირისპირებს. საბოლოო ჯამში, ხელისუფლება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში არაპროპორციულ და უმეტესწილად, არაკანონიერ ჩარევას ახორციელებს. 
 
მაგალითად, 2020 წლის 14 ნოემბერს, შუადღით, აქციის მონაწილეებმა სოფელ ჟონეთში გამავალი,  ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა რამდენიმე საათით გადაკეტეს. საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით, აქციის მონაწილეებზე მიწოლის გზით დაშალეს.  აქციის მონაწილეებს გზა მხოლოდ რამდენიმე საათით ჰქონდათ გადაკეტილი და მათი მოქმედებები არ გასცდენია მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. სახელმწიფომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები ყოველგვარი გაფრთხილებისა და მოლაპარაკების მცდელობის გარეშე დაშალა. აქციის დაშლის მიზანს წარმოადგენდა ქუთაისისა და ლეჩხუმის მხარის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა. ეს საავტომობილო გზა კი არ წარმოადგენს გადატვირთულ სატრანსპორტო კვანძს. ასევე, არ იკვეთებოდა საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო მოძრაობის სასწრაფოდ აღდგენის ინტერესი. იმის გათვალისწინებით, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი ერთმანეთზე ჯაჭვებით იყო გადაბმული, აქციის დაშლისას ბევრი მათგანი წაიქცა და პოლიციელთა მიერ აქციის ადგილიდან გაყვანისას, სავარაუდოდ, დაზიანებები მიიღო. 
 
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით, არ არსებობდა სოფელ ჟონეთში 2020 წლის 14 ნოემბერს გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლის საფუძველი. მშვიდობიანი შეკრების დაშლა უნდა მოხდეს საჯარო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის საფუძველზე. საკითხი, თუ რომელი ინტერესი გადაწონის კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს და არა ბლანკეტური მიდგომით. ბლანკეტურია მიდგომა, როდესაც სახელმწიფოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ნებისმიერი აქცია დაშალოს ნებისმიერ ადგილზე, ინდივიდუალური გარემოებების შეფასების, საჯარო და კერძო ინტერესების დაპირისპირებისა და შესაბამისი განსჯის გარეშე, თუ რომელი ინტერესია უპირატესი კონკრეტულ შემთხვევაში. სახელმწიფოს მიერ 14 ნოემბერს სოფელ ჟონეთში მშვიდობიანი აქციის დაშლა მშვიდობიანი შეკრების ბლანკეტური შეზღუდვის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენდა. შეკრების უფლების ასეთი ფორმით შეზღუდვა არაპროპორციულია, რაც იმთავითვე არალეგიტიმურს ხდის საპოლიციო ძალის გამოყენებას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. 
 
ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, გზის გადაკეტვის გამო შეკრების დაშლის პროპორციულობის შეფასებისას ყურადღება უნდა გამახვილდეს, ჰქონდათ თუ არა აქციის მონაწილეებს საჯარო სივრცეში საკუთარი პროტესტის გამოხატვის სხვა შესაძლებლობები. მოცემულ შემთხვევაში, აქცია გაიმართა წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, მეზობელი სოფლების ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად. ადამიანთა ამ ჯგუფისთვის მწირია საჯარო სივრცეები, სადაც შეძლებდნენ მწვავე სოციალური მნიშვნელობის საკითხზე საკუთარი პროტესტის გამოხატვას ისე, რომ ეს პროტესტი რეალურად მიწვდეს საზოგადოებას და აღქმადი იყოს მის მიერ. სოფელ ჟონეთსა და მეზობელ სოფლებში, სოფელში გამავალი გზის გარდა, ფაქტობრივად, არ არსებობს საჯარო სივრცე, სადაც პირთა საპროტესტო შეკრება ფართო საზოგადოების ყურადღებას მიიპყრობს. შეკრების არსი საპროტესტო მესიჯის სწორედ ფართო საზოგადოებისადმი მიტანასა და მისი ყურადღების მიპყრობაში მდგომარეობს და არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე, საზოგადოების ვიწრო ჯგუფთან გამოხატვაში.
 
2020 წლის თებერვლის დასაწყისში, პოლიციამ აქციის მონაწილეების კარავიც აიღო, რის შემდეგაც ადგილობრივებს ფაქტობრივად ღია ცის ქვეშ უწევდათ უწყვეტი პროტესტის გაგრძელება. ეს ზომები ადგილობრივი მოსახლოების გამოხატვის თავისუფლების  ხელყოფაზე მიუთითებს. 
 
2021 წლის 8 თებერვალს, საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა კარავი მდინარე რიონის მიმდებარედ - სოფელ ნამოხვანში გაშალეს. თავდაპირველად პოლიცია ეწინააღმდეგებოდა მათ ქმედებას, მაგრამ საბოლოოდ ეს წინააღმდეგობა აღმოიფხვრა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეთა ნაწილი სწორედ ამ კარვებში აგრძელებდნენ პროტესტს. თუმცა, 2021 წლის 12 აპრილს, ნამოხვანში კარვები კვლავ საპოლიციო ძალის გამოყენებით აიღეს და მალევე  ეს ტერიტორია  სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოხნეს. 
 
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება დაცულია ადამიანის უფლებათა დაცვის არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში, მათ შორის: UDHR-ის მე-20 მუხლში, ICCPR-ის 21-ე მუხლში, ECHR-ის მე-11 მუხლში, ACHR-ის მე-15 და FCNM-ის მე-7 მუხლებში. ეს უფლება გაეროს ადამიანის უფლებადამცველთა დეკლარაციამაც დაადასტურა და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მის მნიშვნელობას ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების განვითარებისა და დაცვისთვის. მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება ასევე დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით. შესაბამისად, სამართალდამცავთა ქმედებები - არ დაუშვან აქციის მონაწილეების მიერ შეკრების ადგილას კარვის განთავსება, წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრების ფორმის კონტროლის მცდელობას, რაც უხეშად არღვევს შეკრების უფლების არსს და სახელმწიფოს მიერ კონსტიტუციითა თუ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. სამწუხაროდ, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაში ჩარევა და საპოლიციო ძალების გამოყენებით მისი დაშლა სისტემურ პრობლემას წარმოადგენს.
 
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, თანაბარი და სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა საზოგადოების ღიაობის და დემოკრატიულობის ხარისხს განსაზღვრავს“. შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა მიერ დროებითი კონსტრუქციების განთავსების აკრძალვის შესაძლებლობა კი სასამართლომ მხოლოდ გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის კონტექსტში, სხვათა უფლებების დაცვის ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებით განიხილა. ,,[...] საქართველოს კონსტიტუცია კი ამ უფლების შეზღუდვას დასაშვებად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს თუკი მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო. ხაზგგასამით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დროებითი კონსტრუქციების, მათ შორის - კარვის დადგმის აკრძალვას იმ შემთხვევაში თუკი იგი ხელს არ უშლის გზის სავალ ნაწილს“ [იხ.: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის“, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს მოქალაქეები _ ზვიად ძიძიგური და კახა კუკავა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მოქალაქეები დაჩი ცაგურია და ჯაბა ჯიშკარიანი, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. 2011 წელი].
 
OSCE/ODIHR-ის სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, კარვისა და სხვა დროებითი კონსტრუქციების აგება მოიაზრება მშვიდობიანი შეკრების უფლებით დაცულ სფეროში. 
 
საქმეში Oya Ataman v Turkey ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: „როცა დემონსტრანტები ძალადობას არ მიმართავენ, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო ორგანოებმა გარკვეული ტოლერანტობა გამოხატონ მშვიდობიანი შეკრებების მიმართ, თუ მათ არსებითად არ უნდა შეეზღუდოთ მე-11 მუხლით გარანტირებული შეკრების თავისუფლება“ [Oya Ataman v. Turkey (application no. 74552/01), 5.12.2006, §41 და 42, ECHR]. 
 
საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია 2020 წლის თებერვალში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ჰესზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემამ. პროექტის ზედაპირულობასა და დაუსაბუთებლობაზე იმთავითვე მიუთითებდნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ექსპერტული ჯგუფები, რომლებიც პროექტის როგორც გეოლოგიური და ეკოლოგიური ნაწილის, ისე ეკონომიკური და სოციალური ნაწილის დაუსაბუთებლობაზე მიუთითებდნენ. ხელისუფლების დუმილს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფმა თვითორგანიზებული საპროტესტო ტალღით უპასუხა, რომლის ეპიცენტრიც ქალაქი ქუთაისი გახდა. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, როცა დედაქალაქში, არაერთი მცდელობის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიცია ხალხის მასშტაბურ მობილიზაციას ვერ ახდენდა, ქუთაისში აქციის მონაწილეების თვითორგანიზებასა და მასშტაბზე ახლა უკვე ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავდა.
 
პროექტის ირგვლივ არსებულ კითხვებზე პასუხის გასაცემად, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, ხელისუფლება იძულებული გახდა, ნამახვანიჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის დადებული ხელშეკრულება გაესაჯაროვებინა. თუმცა, გასაჯაროებულმა დოკუმენტმა არათუ გასცა საზოგადოების კითხვებს ამომწურავი პასუხი, არამედ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, მათ შორის - პროექტის ფინანსურ და ეკონომიკურ მხარეზეც. 
 
ცალკე საკითხია სხვადასხვა დარგის ექსპერტთა მოსაზრებები გეოლოგიურ და სეისმურ საფრთხეებთან დაკავშირებით, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, მასშტაბური კატასტროფის მიზეზი გახდეს. რისკები ამ მხრივ დამაფიქრებელია მით უფრო,  როცა უკვე არსებობს ჰესის წარუმატებელი ექსპლუატაციის მაგალითი: ნამახვანიჰესის წამყვანი ინვესტორის - ნორვეგიული  Clean Energy Group-ის მიერ აშენებული შუახევიჰესის გვირაბი ექსპლუატაციაში შესვლიდან 2 თვეში რამდენიმე ადგილას ჩამოიშალა. მიზეზად მაშინ სწორედ ადგილობრივი გეოლოგიური თავისებურებების გაუთვალისწინებლობა დასახელდა. 
 
ეკოლოგების შეფასებით, „ყველაფრის ხარჯზე“ დაგეგმილი პროექტები ქვეყნის მდგრად განვითარებას ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები მუდმივად ენერგოდამოუკიდებლობასა და ენერგოუსაფრთხოებაზე აპელირებენ, ქვეყანას კვლავ არ გააჩნია ცხადი და გრძელვადიანი ენერგეტიკული განვითარების სტრატეგია. ასეთ პირობებში, ცხადია, შეუძლებელია, ინდივიდუალურ პროექტებზე დაყრდნობით, სიღრმისეული მსჯელობა, რაც ტერმინებს „ენერგოდამოუკიდებლობა“ და „ენერგოუსაფრთხოება“ მხოლოდ გაუგებარ მოცემულობებად ტოვებს. ამასვე ადასტურებს მსოფლიო ბანკის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, ხშირად ცალკეული ინდივიდუალური პროექტები ელექტროსისტემის განვითარების ყველაზე რენტაბელური განვითარების სტრატეგიას ეწინააღმდეგება. მსოფლიო ბანკის ამ ანგარიშში მსგავსი მაგალითის სახით მოხვდა ქართული პროექტებიც, მათ შორის, ნამახვანის კასკადი, ნენსკრასა და კორომხეთის ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად. ანგარიშის თანახმად, ნამახვანიჰესის აშენების შემთხვევაში, ელექტროენერგიის ტარიფი მიზანშეუწონლად გაძვირდება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი 1,2 მილიარდი ლარით იზარალებს.
 
სტატია მოამზადა ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტის, „მშვიდობიანი შეკრების უფლებისა და სხვა სამოქალაქო უფლებების მდგომარეობა Covid-19-ის პანდემიის დროს საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მხარდაჭერით, პროგრამა Inspires ფარგლებში, რაც შესაძლებელი გახდა არაკომერციული სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) მეშვეობით, USAID-ის დაფინანსებით.
 

ახალი ამბები