კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 65-ე საარჩევნო უბანზე არჩევნების შედეგების ბათილობას მოითხოვს

4 ოქტომბერი, 2021
ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით,  2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობისას, რიგ საარჩევნო უბნებზე ვითარება დაიძაბა და დაფიქსირდა ინციდენტები, რითაც ჩრდილი მიადგა კენჭისყრის მშვიდ და სამართლიან გარემოში წარმართვის პროცესს.  ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარღვევა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლმა მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 65-ე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. 

ამ საარჩევნო უბანზე დილიდან იმყოფებოდნენ დამკვირვებლები, რომლებიც არ აკონკრეტებდნენ, თუ რომელი ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ. ისინი ერეოდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობაში და ფსიქოლოგიურად თუ ფიზიკურად ძალადობდნენ იმ დამკვირვებლებზე, რომლებიც  სამართლებრივად - ფოტო-ვიდეო გადაღების მეშვეობით აფიქსირებდნენ დარღვევებს. უშუალოდ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელზე რამდენიმე პირის მხრიდან განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, როდესაც ისინი ცდილობდნენ დამკვირვებლისთვის მობილური ტელეფონის წართმევას, რითაც დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე არსებული სიტუაციას ასახვას ცდილობდა. დამკვირვებლის სტატუსის მქონე პირები პერიოდულად უთითებდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს როგორ ემოქმედათ საარჩევნო უბანზე. 

ამავე უბანზე დაფიქსირდა ამომრჩევლების მხრიდან განმეორებით ხმის მიცემის ფაქტი.  ამავე უბანზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის ყოფნის განმავლობაში,  ხმის მიცემის პროცეცსის დასრულებამდე, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ხმა მისცა და საარჩევნო ყუთში კონვერტში მოთავსებული ბიულეტენი  სამჯერ ჩააგდო. ხმის მიცემის პროცესის დასრულებამდე, რამდენიმე წუთით ადრე რეგისტრატორები ბიულეტენებს წინასწარ ამზადებდნენ, აწერდნენ ხელს და არტყამდნენ ბეჭედს. უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს უბანზე ამომრჩეველი აღარ იმყოფებოდა და ხმის მიცემის პროცესი, ფაქტობრივად, დასრულებული იყო. 

გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ გაირკვა, რომ ყუთის  ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული. ხმების დათვლის პროცესის დაწყებამდე, კომისიის წევრები და თავმჯდომარე აპირებდნენ გადასატან ყუთში არსებული ბიულეტენების დათვლას და საერთო ხმებში ხმების ჩათვლას. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი დავუკავშირდა საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ამ ფაქტზე რეაგირების მოხდენის მიზნით. ოლქის თავმჯდომარე გამოცხადდა საარჩევნო უბანზე, კომისიის წევრებს დააწერინა ახსნა-განმარტება  და ადგილზე მიიღო გადაწყვეტილება გადასატანი ყუთის დალუქვის და ოლქში გადატანის თაობაზე. მისივე განმარტებით, ოლქში უნდა ემსჯელათ გადასატანი ყუთის თაობაზე. 

უშუალოდ ხმის დათვლის პროცესის დროს კომისიის წევრები ბიულეტენებს კონვერტებიდან იღებდნენ და კონვერტებს ძირს ყრიდნენ. ერთ-ერთმა კომისიის წევრმა და დამკვირვებელმა აცნობა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელს, რომ კონვერტებთან ერთად  იყრებოდა საარჩევნო ბიულეტენებიც, რის შემდეგაც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა გადაყრილი ბიულეტენები სანაგვიდან ამოიღო და საარჩევნო ბიულეტენებში დააბრუნა. უნდა აღინიშნოს, რომ გადაყრილ ბიულეტენებზე შემოხაზული იყო ოპოზიციური პარტიის კანდიდატებისა და პარტიების ნომრები.

შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე  გაირკვა, რომ ცარიელ შემაჯამებელ ოქმზე  კომისიის წევრები აწერდნენ ხელს. ხმების დათვლის შემდგომ, ოქმის შედგენამდე, კომისიის ზოგმა წევრმა დატოვა საარჩევნო უბანი. 

„ჩემი დამკვირვებლად მონაწილეობის მანძილზე იმდენი სახის დარღვევა მაქვს ნანახი, რომ მეგონა აღარეფერი გამიკვირდებოდა. ამ ამბავმა ყოველგვარ დარღვევას გადააჭარბა, მსგავსი არაფერი მინახავს. მარნეულის 22-ე ოლქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ამდენი დამკვირვებელი თავზე ადგას კომისიის წევრებს და ოპოზიციის სასარგებლოდ შემოხაზულ ბიულეტენებს აზიანებენ და ნაგავში ყრიან. ნაგვიდან ამოვიღეთ დაახლოებით 50 ბიულეტენი“, - დაწერა ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა ეკა ქობესაშვილმა ფეისბუკზე დარღვევის აღმოჩენისას. დამკვირვებლის ამ პოსტმა მედიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. უბანზე არსებული ვითარებაც რამდენიმე გადაცემაში გაშუქდა. „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ჩანს, როგორ აზიანებენ ბიულეტენებს კომისიის წევრები და როგორ იღებს ნაგვიდან ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელი გადაყრილ ბიულეტენებს. 

ზემოთ აღნიშნულ დარღვევების შესახებ ადამიანის უფლებათა ცენტრმა საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიტანა საჩივრები და 65-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვა. 

2 ოქტომბერს, მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნებზე ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა დაწერეს 16 საჩივარი და 32 დარღვევა შენიშვნათა წიგნში. საოლქო საარჩევნო ოლქის კომისიაში სულ 4 საჩივარი დაიწერა.

ვიდეო - http://www.humanrights.ge/index.php?a=main&pid=20416&lang=geo

ახალი ამბები