კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასწარი პატიმრობა - ქართული მართლმსაჯულების გარდაუვალი განაჩენი

1 მარტი, 2005

წინასწარი პატიმრობა - ქართული მართლმსაჯულების გარდაუვალი განაჩენი

საქართველოში წინასწარი პატიმრობა უკვე ნორმად არის ქცეული. დღეს თითქმის არ არსებობს არცერთი სასამართლო პროცესი, რომელიც ბრალდებულისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებით არ მთავრდებოდეს. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სპეციალური მომხსენებელი წამების საკითხში მანფრედ ნოვაკი მიიჩნევს, რომ ეს საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევაა.

საქართველოში წინასწარი პატიმრობა დიდი ხანია გარდაუვალ ნორმად იქცა და ისედაც გადაჭედილ საკნებს რევოლუციის შემდეგ განსაკუთრებით გაუჭირდა, რადგან მათ არაერთი „მაღალი რანგის“ „დამნაშავე“ შეემატა. ქართულ მართლმსაჯულებას, უკვე ჩვეულებაში გადასულ გადაწყვეტილებებს, საერთაშორისო ექსპერტები პრაქტიკას უწუნებენ და წინასწარი პატიმრობის შეფარდების იშვიათად გამოყენებას ურჩვენ. მათი აზრით, წინასწარი პატიმრობის გამონაკლისის სახით გამოყენება სერიოზულად გააუმჯობესებს წინასწარი დაკავების იზოლატორებში არსებულ ვითარებას, სადაც ამჟამად 11 კაცის ნაცვლად 40-მდე ადამიანს უწევს ყოფნა.

„ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია, რომელსაც საქართველოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი აძლევს, სწორედ წინასწარი პატიმრობის რაც შეიძლება ნაკლებად გამოყენებაა. არ არის აუცილებელი, ყველა ეჭვმიტანილი აუცილებლად წინასწარპატიმრობაში იქნეს აყვანილი, მით უმეტეს, თუ მისი გარეთ ყოფნა გამოძიებას პრობლემას არ შეუქმნის“,- განაცხადა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხში მანფრედ ნოვაკმა რომელიც საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 19 თებერვალს ეწვია.

მან საქართველოში ყოფნისას მოინახულა რამოდენიმე პატიმარი, მათ შორის კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი და აღნიშნა, რომ მისი მდგომარეობის შესახებ მის მოხსენებაში ჩანაწერი აუცილებლად გაკეთდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წინასწარი დაკავების საკნებში ხშირია წამებისა და არაადამიანურად მოპყრობის შემთხვევები და მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ამაზე ხშირად მიუთითებენ და წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კონკრეტულ ფაქტებსაც აწვდიან შესაბამის სამსახურებს, ჯერ-ჯერობით  არც ერთი პოლიციელი, რომელიც პატიმრის წამებაშია მხილებული, არ არის გასამართლებული სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლით. ამ ფაქტზე ყურადღება გაამახვილა მანფრედ ნოვაკმაც და აღნიშნა, რომ ეს საქართველოში ერთგვარი დაუსჯელობის კულტურის არსებობაზე მიუთითებს.

2004 წლის 26 ივნისს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა და წამების მსხვერპლთა ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის ცენტრმა საქართველოს პარლამენტს ღია წერილით მიმართეს, რომელშიც ჩამოყალიბებულია მოთხოვნა, რომ მოხდეს წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმის რატიფიცირება. ოქმი ხელს უწყობს წამების აღმოფხვრას თავისუფლების აღკვეთის ადგილებში რეგულარული ვიზიტების სისტემის ჩამოყალიბების გზით, რომელსაც განახორციელებენ დამოუკიდებელი და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საერთაშორისო და ეროვნული ექსპერტები.

ზემოთხსენებულ საერთაშორისო დოკუმენტთან შეერთების რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებას მანფრედ ნოვაკმაც მისცა საქართველოში თავისი ორდღიანი ვიზიტისას სიტუაციის შესწავლის შემდეგ. იგი აღნიშნავს, რომ აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირება წამების წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორის გააქტიურებას შეუწყობს ხელს.

მანფრედ ნოვაკი საქართველოში ვიზიტის შესახებ წინასწარ მასალებს გააცნობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სესიას, ხოლო საბოლოო მოხსენებას წარადგენს კომიტეტის 26-ე სესიაზე, რომელიც 2006 წელს გაიმართება.

მანფრედ ნოვაკი საქართველოში ორდღიანი ვიზიტით 19 თებერვალს ჩამოვიდა და შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

 

ახალი ამბები