კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი ხელისუფლების ძველი მანკიერებანი

31 მარტი, 2005

ახალი ხელისუფლების ძველი მანკიერებანი

მაღალჩინოსანის პირადი ანგარიშწორების მსხვერპლნი შველას საჭიროებენ

უკანონო დაპატიმრებები, გამოძიების მიმართ მიკერძოება, აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით დაკავებულთა წამება და მათი ღირსების შელახვა სამართალდამცავ ორგანოების აპრობირებულ და კარგად ათვისებულ მეთოდად რჩება. საქმე ეხება მოქალაქე დ.მ.-ს, რომელსაც პირადი ანგარიშწორების იარაღად იყენებენ მ. და ვ. ნ-ების წინააღმდეგ.

2004 წლის 13 მაისს დილის 9 საათზე სამართალდამცავებმა იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით მოქალაქე დ.მ. დააკავეს. მოგვიანებით, ბრალდება შეიცვალა და პროკურატურაში მის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის ფაქტზე და ბრალდების სახით წაუყენეს პარლამენტარ კახა გიუაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რომელიც თითქოს სააქციო საზოგადოება „ინტელექტბანკი-ს“ ბათუმის ფილიალის მმართველმა მ. ნ.-მ და მისმა ძმამ, ვ. ნ-მ შეუკვეთეს. შედეგად, იმავე საღამოს დაკავებულ იქნენ ძმები ნ-ებიც.

დ.მ.-ის დანაშაულის აღიარება და ჩვენების ჩამორთმევა საეჭვო ვითარებაში მოხდა. კერძოდ, აღიარებითი ჩვენება დაწერილია არა დაკავებულის, არამედ გამომძიებელი პეტრე ბალახაშვილის მიერ, რასაც თვითონაც არ უარყოფს, რადგან მისი თქმით, დაკავებული  ცუდად იყო და მას მოსასულიერებლად წყალს ასხამდნენ. დ.მ.-ს უარი უთხრეს ნათესავებთან დაკავშირებაზე და არც ადვოკატი მოაყვანინეს.   
 
პატიმრის ნახვის საშუალება მისმა ნათესავებმა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ მოახერხეს. ქ. მ-ის თქმით, №7 საპყრობილეში მეუღლესთან შეხვედრისას ეს უკანასკნელი გამოუტყდა, რომ მის მიმართ წამებასა და სასტიკ, არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, რის შედეგადაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად შეირყა. სამართალდამცავთა მხრიდან პატიმარზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა მისი დაკავების დღიდან ხდებოდა. დაკავებისას პოლიციელმა მძიმე ნივთი ჩაარტყა, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა. როგორც თვითონ დაზარალებულმა განაცხადა, პროკურატურაში მას  აიძულებდნენ  ემხილა ძმები ნ-ები და ეღიარებინა დანაშაული. აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით პოლიციამ იგი სხვადასხვა მეთოდით აწამა, მათ შორის ადგილი ჰქონდა მის მიმართ ელექტრო დენის გამოყენებას. ამავე დროს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას აწარმოებდნენ მისი ოჯახის წევრებზე ანგარიშწორების გზით.

ადვოკატის შუამდგომლობა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე გამოძიებამ მართალია დააკმაყოფილა, მაგრამ საფუძვლიანი სამედიცინო შემოწმების ნაცვლად პატიმარს მხოლოდ რენდგენი გადაუღეს და ისიც 3 თვის შემდეგ.

მიუხედავად ადვოკატის შუამდგომლობისა პატიმარს სახელმწიფო სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარდა, რის შემდეგაც დ.მ.-ის მეუღლემ 2004 წლის სექტემბერს მიმართა წამების, ძალადობისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების მსხვერპლთა ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას,“ რომელმაც იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთაგან სამედიცინო შემოწმების ნებართვის აღების შემდეგ ექსპერტიზა ჩაატარა. ჩატარებულის სრული სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ ცენტრმა დაადასტურა პატიმრის მიმართ წამებისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტი.

გაეროს კომისარმა საქართველოში ვიზიტის დროს მოინახულა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებები და გაეცნო პატიმართა მდგომარეობას. მონიტორინგის შედეგად მან ამოიწერა ნაწამებ პატიმართა სია, რომელთა შორის დ.მ.-ც იყო. კომისარის განცხადებით, ის აპირებს  ამა წლის აპრილში განსახილველად გაიტანოს გაეროს საკომისიო მოსმენაზე წამების შედეგად დაზარალებულ პატიმართა სია.

როდესაც დ.მ.-მ შეცვალა აღიარებითი ჩვენება და ახალ ჩვენებაში განაცხადა, რომ დანაშაული სამართალდამცავთა მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღიარა და გამორიცხა როგორც მისი, ისე ნ-ების მონაწილეობა დანაშაულის ჩადენაში. პატიმრის მეუღლის, ქ. მ-ს თქმით, მას დაუკავშირდნენ პროკურატურის უფროსი გამომძიებელი პ. ბალახაშვილი და პარლამენტარ კახა გიუაშვილის ადვოკატი ინგა არახამია იმ წინადადებით, რომ მისი მეუღლე დაბრუნებოდა თავის პირვანდელ ჩვენებას, სადაც ძმები ნემსიწვერიძეები დანაშაულის შემკვეთებად არიან წარმოდგენილნი, რის სანაცვლოდაც მას სოლიდური თანხა შესთავაზეს. 

აღნიშნული ბანკის ერთ-ერთ დამფუძნებელს, პარლამენტარ კახა გიუაშვილსა და მ. და ვ. ნ-ებს რამოდენიმე წლის განმავლობაში საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც სათაო ბანკის შიდა აუდიტის ჩატარების შედეგად გამოვლენილი ზარალის ანაზღაურება პარლამენტარმა ნ-ებს დააკისრა.

ამის შემდგომ პატიმრის მეუღლემ, ქეთინო მეშველიანმა გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში შეიტანა განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა ექსპერტიზის დასკვნა და მოკვლევის შედეგად გენერალურ პროკურატურაში გამოიტანეს  სისხლის სამართლის არ აღძვრის შესახებ გადაწყვეტილება. საბოლოოდ უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება სისხლის სამართლის აღძვრის შესახებ და  2005 წლის 24 თებერვალს გენერალურ ინსპექციაში დავით მინდაძის წამებაში ეჭვმიტანილი  პოლიციელების - დავით კეკუას, ციხრაძესა და დვალიშვილის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება.
 
როგორ წარიმართება გამოძიება და რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას იმიჯშელახული პოლიციისაგან? მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში მოვიდა ახალი მთავრობა, რომელმაც ყველა უწყებაში ფართომასშტაბიანი რეფორმები დაიწყო, რომლის მიზანი დემოკრატიული სახემწიფოს მშენებლობა, საზოგადოების განვითარების, უსაფრთხოების გაძლიერება, ადამიანის უფლებების დაცვა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა წარმოადგენს, წელიწადნახევრის მმართველობის შემდეგ ადამიანის უფლებების საკითხში მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ სახარბიელო წინსვლა არ შეიმჩნევა. სამწუხაროდ, პოსტრევოლუციური ხელისუფლება კვლავ აქტიურად იყენებს გამოძიების ყოვლად მიუღებელ, საბჭოურ მეთოდებს, რის შედეგადაც ადამიანები უსამართლობის, უკანონობის მსხვერპლნი ხდებიან.


ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები