კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უმუშევრად დარჩენილი უნივერსიტეტის 800 თანამშრომელი სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს

15 ივლისი, 2005

უმუშევრად დარჩენილი უნივერსიტეტის 800 თანამშრომელი სამართლიანობის აღდგენას მოითხოვს


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაპირისპირების დიდ კერად იქცა. მასობრივი შემცირებები, რომელიც უნივერსიტეტში ახალმა რეფორმამ მოიტანა ხელმძღვანელობასა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. სამსახურის გარეშე ერთდროულად რვაასი თანამშრომელი დარჩა, რამაც მათი მხრიდან გულისწყრომა გამოიწვია. უნივერსიტეტის რექტორთან, ქ-ნ რუსუდან ლორთქიფანიძესთან შეხვედრამ  კი ყვირილისა და უარყოფითი ემოციების ფონზე ჩაიარა, რის შემდეგაც პროფესორ-მასწავლებლებმა უნივერსიტეტის შენობიდან ქუჩაში გადაინაცვლეს და იქ დაიწყეს საპროტესტო აქციების მოწყობა. ამის საპასუხოდ მინისტრმა კახა ლომაიამ განაცხადა, რომ უნივერსიტეტში რეფორმები კვლავ გაგრძელდება. რაც შეეხება უმუშევრად დარჩენილ თანამშრომლებს, მათ სტიპენდიების სახით თვეში 50-60 ლარი დაენიშნებათ.    

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, ჩვენ გავესაუბრეთ ქ-ნ ნესტან კირთძეს, რომელმაც დაწვრილებით გვიამბო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესების შესახებ. მისი თქმით, „კანონმა უმაღლესი განათლების შესახებ, თავიდანვე გამოიწვია კამათი. სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ყოფილიყო არჩეული მისი მმართველობითი ორგანოები, კერძოდ წარმომადგენლობითი საბჭო და აკადემიური საბჭო. ორივე საბჭო ირჩევდა რექტორს და ეს სამკუთხედი, რომელიც გამჭვირვალე არჩევითი გზით ხდებოდა უნივერსიტეტის მართვის ორგანოები, უკვე განსაზღვრავდა უნივერსიტეტის მართვის წესებს. აქვე აღინიშნა, რომ ღია კონკურსის წესით ყველა მეცნიერს ჰქონდა საშუალება დაეკავებინა აკადემიური თანამდებობა. ეს ყველაფერი დარჩა მიღმა და მოულოდნელად მიმდინარე წლის 8 ივნისს სააკაშვილმა ხელი მოაწერა სრულიად უკანონო ბრძანებულებას, სადაც იგი აღმოჩნდა კანონზე მაღლა არა როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ როგორც კანონქვემდებარე აქტის ავტორი, რომელშიც მან განსაზღვრა, რომ ამიერიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გაუუქმდეს წესდება. პრაქტიკულად სააკაშვილმა გააკეთა ის რისი გაკეთებაც ვერ გაბედეს ბოლშევიკებმა, მან გააუქმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ამის საწინააღმდეგოდ არსებული უნივერსიტეტი რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ანიჭებს ერთპიროვნული მმართველობის მანდატს და აძლევს უფლებას უნივერსიტეტის მთელი რეორგანიზაცია განახორციელოს მხოლოდ მან და დეკანის მოვალეობის შემსრულებლებმა. რაც უკვე კანონგარეშე ქმედებაა. მაშასადამე ხორციელდება არა რეფორმა, არამედ რაღაც პოლიტიკური დაკვეთა, რომლის შინაარსიც არის არც მეტი არც ნაკლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაუქმება, უკეთეს შემთხვევაში მისი ერთ-ერთ რიგით სასწავლო დაწესებულებად ქცევა. ამავდროულად, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს ფარულად მიმდინარეობს უნივერსიტეტის კორპუსების ფარული პრივატიზაცია და გაყიდვა“.

-იყო თუ არა თქვენთვის წინასწარ ცნობილი, რომ მოხდებოდა უნივერსიტეტის თანამშრომელთა შემცირება?

- პირველი რამაც უნივერსიტეტის თანამშრომლების მოთმინების ფიალა აავსო იყო ის, რომ შაბათს, თითქმის არასამუშაო დღეს უნივერსიტეტის თანამშრომლები გებულობენ უნივერსიტეტის ფოიეში გამოკრული სიებიდან, რომ ისინი აღარ არიან უნივერსიტეტის თანამშრომლები. პროფესორთა უკანონო გათავისუფლებამ შეიწირა სრულიად ახალგაზრდა, არქეოლოგიის კათედრის მეცნიერის თამარ კეკელიძის სიცოცხლე, რომელიც სალაროსთან გებულობს, რომ ის უკვე აღარ მუშაობს. განათლების მინისტრი ლომაია კი აცხადებს, რომ ლექტორთა გაფრთხილება ერთი თვით ადრე მოხდა და თუ ეს ასეა, ალბათ ეს გაფრთხილებაც შერჩევითი იყო. რაც შეეხება საკითხის უფლებრივ მხარეს, უნივერსიტეტის თითოეულ თანამშრომელს, დაწყებული დამლაგებლიდან, დამთავრებული პროფესორით უფლება აქვს იცოდეს რა არის ეს რეფორმა, როგორია მისი კონცეფცია. ამის საწინააღმდეგოდ კი უნივერსიტეტის რექტორი ქ-ნი რუსუდან ლორთქიფანიძე ხმამაღლა აცხადებს, რომ მას ეს კონცეფცია არ გააჩნია და არ იცის თუ ვინ გაათავისუფლა ეს პროფესორ-მასწავლებლები.

პროფესორ-მასწავლებლები, კვლავაც, განაგრძობენ ბრძოლას. საკითხს მიეცა სამართლებრივი მიმართულება. კერძოდ, საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში შეტანილია სარჩელი, 3 აგვისტოს დანიშნულია სასამართლოს პირველი სხდომა, სადაც მოპასუხედ გამოდის პრეზიდენტი სააკაშვილი. პარალელურად, 13 ივლისს დაიწყება განმწესრიგებელი სხდომა საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც იურიდიული კათედრის ერთ-ერთმა გამგემ პროფესორმა ლორიამ შეიტანა სარჩელი სწორედ ამ ანტიკონსტიტუციური ქმედების წინააღმდეგ. თუ ხელისუფლება მათ სურვილსა და მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მაშინ პროფესორ-მასწავლებლები დავას სტრასბურგში, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განაგრძობენ. პროფესორ-მასწავლებლები ვარაუდობენ, რომ ხელისუფლება ეცდება გააჭიანუროს გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს მიერ.

თეა გვარაძე


ახალი ამბები