კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება მედიის ტერორს აგრძელებს

13 სექტემბერი, 2005

ხელისუფლება მედიის ტერორს აგრძელებს

ხელისუფლების საცეცები დღითიდღე უფრო და უფრო ღრმად სწვდება თავისუფალ მედიას. ქართული მედიის ყველაზე დაუმორჩილებელი სახე, ტელეკომპანია „202“-ის გადაცემა „დებატების“ წამყვანი შალვა რამიშვილი საკუთარ დაბადების დღეს გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. უხილავ მარწუხებში მოქცევის ამაოდ მცდელობის შემდეგ, რამიშვილის ბედი ხილული ბორკილებით დაბოლოვდა. 29 აგვისტოს ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებელთა წინააღმდეგ გამართულ პროცესზე მისული საზოგადოების ნაწილი თავისუფალი მედიის საბოლოო დასამარებას გლოვობდა, ზოგი კი ქართულ სასამართლო ხელისუფლებას ჭირისუფლობდა. სასამართლომ არც ამჯერად უღალატა რევოლუციის შემდეგ აპრობირებულ მეთოდს და ბრალმდებლის მოთხოვნა სამსაათიანი ფიქრის შემდეგ სრულიად დააკმაყოფილა.

ტელეკომპანია „202“-ის გენერალური დირექტორი დავით კოხრეიძე და ამავე ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, „დებატების“ წამყვანი შალვა რამიშვილი 29 აგვისტოს №1 საპყრობილეში გადაიყვანეს. საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის გადაწყვეტილებით, მათ წინასწარი სამთვიანი პატიმრობა შეეფარდათ. ბრალდებულთა ბედი არც გასაჩივრების შემდეგ შეცვლილა.

ტელეკომპანია „202“-ის ხელმძღვანელები - შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე სამართალდამცავებმა პარლამენტარ კობა ბექაურისათვის ფულის გამოძალვის ბრალდებით 27 აგვისტოს დააკავეს. სამართალდამცავთა განცხადებით, შალვა რამიშვილი სტუდია „რეპორტიორის“ მიერ კობა ბექაურზე მომზადებული ფილმის არგაშვების სანაცვლოდ, პარლამენტარს 100 ათას დოლარს სძალავდა. თავად ფილმი კი, მისი ავტორების თქმით, კობა ბექაურის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს შეეხება.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 23 აგვისტოს ქობულეთში მყოფ შალვა რამიშვილს მისმა ნაცნობმა ირმა სტეფნაძემ დაურეკა  და უთხრა, რომ ბექაურს მასთან შეხვედრა სურდა. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, რამიშვილმა გაიგო, რომ ბექაური ფილმის არგაშვების სანაცვლოდ 100 ათას დოლარს იხდიდა. ჟურნალისტმა გადაწყვიტა ეს ფაქტი არგუმენტების გასამყარებლად გამოეყენებინა და რადგან ამის დასაფიქსირებლად ფარული კამერის გამოყენების შესაძლებლობა არ ჰქონდა, კობა ბექაურს მოსთხოვა თანხის ნაწილის ტრანსაქცია, ანუ მის ანგარიშზე ნაღდი ფულის ჩარიცხვა მომხდარიყო ოფიციალურად „ბაზის ბანკში“, რის შესახებაც ბანკის ხელმძღვანელობა წინასწარ იყო გაფრთხილებული და ფულის გადაცემაც ბანკის მიერ გამოყოფილ ოთახში მოხდებოდა. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად დატრიალდა. შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე რამიშვილს დაურეკა ირმა სტეფნაძემ და მოახსენა, რომ თანხის გადაცემა მასთან სახლში მოხდებოდა. ჟურნალისტის მტკიცებით, ბექაურის მიერ ფულის გადაცემის ადგილის შეცვლამ მას აფიქრებინა, რომ ბექაური შეშინდა და თანხის გადაცემას აღარ აპირებდა. ფულის აღებაზე უარის თქმა ბექაურს დააეჭვებდა და ამიტომ შემდეგი შეხვედრაც არ შედგებოდა, რამიშვილი კი, როგორც თავად ამბობს, მეორე შეხვედრაზე აპირებდა მაკომპრომიტირებელი მასალის ჩაწერას. სამწუხაროდ, ჟურნალისტის ჩანაფიქრი წარუმატებლობით დამთავრდა და იგი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა.

როგორც რამიშვილის ადვოკატი ბ-ნი გოჩა სვანიძე აღნიშნავს, სასამართლო ადგენს არა რამიშვილისა და კოხრეიძის დამნაშავეობას, არამედ იმას, უნდა იყვნენ თუ არა ისინი დაპატიმრებულნი. იურისტი ხელისუფლებას უდანაშაულoბის პრეზუმპციის დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „მათ საზოგადოების ზომბირება მოახდინეს; ისინი აჩვენებენ ყველა იმ მასალას, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრებულნი დამნაშავეები გამოდიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა „პიარ“ მონაწილე, ასეთი ზომბირების გამო სამართალში უნდა მიეცეს“.
 

ქეთი კურატაშვილი

ახალი ამბები