კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში ათასობით ე.წ. „თურქ-მესხს“ ჩაასახლებენ?

30 იანვარი, 2006

კახეთში ათასობით ე.წ. „თურქ-მესხს“ ჩაასახლებენ?


გასულ კვირას ევროსაბჭომ საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა აღებული ვალდებულების მესხეთიდან დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის შესახებ. პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია ათასობით თურქი-მესხის კახეთში შესაძლო ჩასახლების თაობაზე, რამაც რეგიონის მოსახლეობა შეაშფოთა.
 
მესხეთში მცხოვრები 100 ათასზე მეტი ქართველი მაჰმადიანი ოჯახი სამხრეთ საქართველოდან 1944 წლის 15 ნოემბერს აყარეს და შუა აზიაში გაასახლეს. მას შემდეგ 62 წელი გავიდა. ამ ხნის მანძილზე მთელი თაობები აღიზარდა ქართული გვარისა და წეს-ჩვეულებების გარეშე. მესხთაგან ბევრმა მოახერხა მშობლიურ სამცხე-ჯავახეთს დაბრუნებოდა, ბევრიც არ შემოუშვეს საქართველოში. ბოლო რამდენიმე წელია საერთაშორისო ორგანიზაციები დეპორტირებული მოსახლეობის რეპატრიაციის საკითხს აქტიურად განიხილავენ. საქართველოს მთავრობას გარკვეული ვალდებულებებიც აქვს აღებული საერთაშორისო საზოგადოების წინაშე.
 
რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ, კახეთში ათასობით თურქი-მესხის შესაძლო ჩასახლების შესახებ, რეგიონის მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. ათასობით თურქ-მესხთა ერთ რაიონში მასობრივი ჩამოსახლება შესაძლოა დაძაბულობისა და ახალი ეთნო-კონფლიქტის წყარო გახდეს. ამ მხრივ ყველაზე მეტად დედოფლისწყაროს რაიონში ღელავენ. როგორც სოფელ წითელწყაროში გვითხრეს, ყველაზე მეტი თურქი-მესხის ჩასახლება სწორედ მათ რაიონში იგეგმება, რადგან დედოფლისწყაროში სერიოზული მიგრაციაა. „კახეთის სხვა რაიონებთან შედარებით მიგრაცია ყველაზე მეტად დედოფლისწყაროში სჭარბობს. გაუსაძლისი პირობების გამო ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ მიდამოს ტოვებს და ბედის საძიებლად საზღვარგარეთ მიემგზავრება. მდგომარეობამ რამდენიმე სოფელში პიკს მიაღწია. ყოველი მესამე საცხოვრებელი სახლი ძალიან იაფად იყიდება. ბუნებრივია შეშინებულნი ვართ, რადგან ათასობით თურქი-მესხის ერთდროულად ჩამოსახლებამ შესაძლოა მდგომარეობა გაართულოს და ადგილი ჰქონდეს კონფლიქტებს“,- შეშფოთებას ვერ მალავს ადგილობრივი მოსახლე ნაირა მჭედლიშვილი.

დედოფლისწყაროს რაიონის გამგებლის გელა იაკობაშვილის თქმით, მოსახლეობას შეშფოთების საფუძველი არ აქვს. „ჩემთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის. ამის შესახებ არავის არაფერი უთქვამს. ასე რომ იყოს, საქმის კურსში ვიქნებოდი,“- აცხადებს დედოფლისწყაროს რაიონის გამგებელი.
 
ათასობით თურქ-მესხთა კახეთში ჩამოსახლების ვერსიას არც კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ. ჩვენთან საუბარში პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწუნებულის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა მარი შაშვიაშვილმა აღნიშნა, რომ გუბერნიისთვის ამის შესახებ არავის უცნობებია.
 
ოფიციალური პირებისგან განსხვავებით, თურქი მესხების კახეთში შესაძლო ჩასახლების შესახებ ინფორმირებულნი არიან კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბში. „მოქალაქეები გვთხოვდნენ, დაგვეზუსტებინა, ნამდვილად აპირებენ თუ არა კახეთში თურქი-მესხების ჩამოსახლებას. დავუკავშირდით ადგილობრივ მმართველობას და სამხარეო ადმინისტრაციას, სადაც აღნიშნული არ დაადასტურეს. შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებსაც დავუკავშირდით. სამინისტროს ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს პროექტების დამუშავება უახლოეს ხანში დეპორტირებული მოსახლეობის ჩამოსახლებისა და რეაბილიტაციისთვის. ასე, რომ გავრცელებული ინფორმაცია უსაფუძვლო ნამდვილად არ არის“,- გვითხრეს კახეთის არასამთავრობო ორგანიზაციათა კლუბში.
 
მოსახლეობაში ვნებათაღელვა არ ცხრება. ხალხი შესაბამისი უწყებების მხრიდან განმარტებებს მოითხოვს.  
   

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები