კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აღუდგება თუ არა უნივერსიტეტს ავტონომია?

10 თებერვალი, 2006

აღუდგება თუ არა უნივერსიტეტს ავტონომია?


უნივერსიტეტის დაარსებიდან 88  წლისთავი პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილმა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საპროტესტო აქციით აღნიშნა, ნაწილი კი საკითხის პოლიტიზირებას გაურბის და თვლის, რომ პრობლემა პროფესორ-მასწავლებლებსა და რექტორატს შორის დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს. მოთხოვნა კი ორივე მხარეს ერთი აქვს - დაუბრუნდეს უნივერსიტეტს ავტონომია.

პრეზიდენტის 2005 წლის ივნისის ბრძანებულების მიხედვით, უნივერსიტეტს წესდება გაუუქმდა. გაუქმდა ასევე სამეცნიერო საბჭო, ძალაუფლება რექტორის ხელში გადავიდა, რომელსაც დაევალა გარდამავალ პერიოდში გარდამავალი დებულებების მიხედვით მართოს უნივერსიტეტი.

„ახალი ბრძანებულებით, პრეზიდენტმა მთელი ძალაუფლება რექტორს გადასცა. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, სრულდება თუ არა კანონის ეს გარდამავალი დებულებები. ასრულებს თუ არა რექტორი და დეკანი სწორად იმ ვალდებულებებს და იყენებს თუ არა იმ უფლებებს, რაც პრეზიდენტმა დააკისრა. უბედურება ისაა, რომ ის გარდამავალი დებულებებიც კი, ცალკე საკითხია, რამდენად ვარგისიანია, არ სრულდება“,- ამბობს ჯემალ მებონია, ფიზიკის ფაკულტეტის ყოფილი დეკანი.

პროფესორ-მასწავლებელთა აზრით, ღია კონკურსის გამოცხადება პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე გარდამავალი დებულების უხეში დარღვევაა. ისინი უნივერსიტეტის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივიან. „გამოცხადდა  კონკურსი, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერს. დებულების მიხედვით კი, რექტორს უნივერსიტეტის თანამშრომლების ახალ თანამდებობებზე გადაყვანა დაევალა, რაც  ნიშნავს არსებული საშტატო განრიგის მორგებას ახალ თანამდებობებზე. თეორიულად შესაძლებელია, რომ მთელი კათედრის ხალხი გარეთ დარჩეს და მათ ჩაენაცვლოს სულ სხვა ხალხი, გააჩნია რა კრიტერიუმებით მოხდება მათი შერჩევა, ასეთი კრიტერიუმების შექმნის უფლება აქვს მარტო საბჭოს, რომელიც ჯერ არ არსებობს“,-აღნიშნავს დოცენტი დავით ქარქაშაძე.

კონკურსი, რომელიც ნოემბერში უნდა დაწყებულიყო, სასამართლომ შეაჩერა. პროფესორ მასწავლებლები შიშობენ, რომ ღია კონკურსის შემდეგ უნივერსიტეტიდან დათხოვნილთა რიცხვს კიდევ ბევრი პროფესორ-მასწავლებელი შეუერთდება. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი რუსუდან ლორთქიფანიძე კი აცხადებს, რომ  სამსახურიდან დათხოვნები არც ისე მასიური იქნება, როგორი მოლოდინიც არის. „ავტონომიის გაუქმება დროებითია და აღდგება მაშინ, როცა კონკურსების შედეგად შეირჩევა კადრები, რომელიც შემდეგ აირჩევს საბჭოს“, - აცხადებს იგი.

თუმცა,  განახლდება თუ არა კონკურსები ეს სასამართლოს გადასაწყვეტია, პროფესორ მასწავლებლები კი შიშობენ, რომ ისინი იმ 1500 მეცნიერ-მუშაკის ბედს გაიზიარებენ, რომლებიც მოტყუებით საგრანტო დაფინანსებაზე გადაიყვანეს, შემდეგ კი ეს დაფინანსებაც შეუწყვიტეს. „განათლების სამინისტროს უკვე შეუძლია უნივერსიტეტში, როგორც საუწყებო დაწესებულებაში, შიდა განაწესი მართოს. ის სამეცნიერო პერსონალს უწყვიტავს საბაზო დაფინანსებას და გადაყავს საგრანტო დაფინანსებაზე. დაახლოებით 1500 თანამშრომელი გადაიყვანეს ვადიან საგრანტო დაფინანსებაზე. 2005 წლის 31 დეკემბრამდე მათთან დადებული იყო ხელშეკრულება, შემდეგ კი ის დეპარტამენტი, რომელმაც მათ ეს ხელშეკრულება დაუდო და გრანტების გაცემას დაპირდა განათლების სამინისტრომ საერთოდ გააუქმა“, - ამბობს პროფესორი მაია ნათაძე.

1500  მეცნიერ-თანამშრომელს საბიუჯეტო დაფინანსებასთან ერთად საგრანტო დაფინანსებაც შეუწყდა. ისინი, როგორც აღმოჩნდა, აღარც უნივერსიტეტის თანამშრომელთა სიაში ირიცხებიან.

პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ რექტორი მათთან დიალოგზე არ მიდის, მათ შორის ხიდია ჩატეხილი - ერთ მხარეს უნივერსიტეტის ადმინისტრაციაა, მეორე მხარეს კი პროფესორ-მასწავლებელთა უმრავლესობა.

                                                                                                    ანა ჩხაიძე

ახალი ამბები