კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - გაურკვევლობა პატიმრის გარდაცვალების ირგვლივ

17 თებერვალი, 2006

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა - გაურკვევლობა პატიმრის გარდაცვალების  ირგვლივ

სვეტა ცინცაბაძე შვილის თვითმკვლელობას, საქმეში დატოვებული კითხვების გამო ეჭვქვეშ აყენებს. მსჯავრდებული ზურაბ ცინცაბაძე ხონის №9 საერთო და მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გასული წლის 30 სექტემბერს ჩამოხრჩობილი იპოვეს. დედის განცხადებით, იგი ვიღაცისთვის საშიშროებას წარმოადგენდა და თავიდან მოიცილეს.
                    
ზურაბ ცინცაბაძე 2004 წლის 4 ივნისს დააკავეს სხვისი ქონების დაზიანება-განადგურების ბრალდებით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამნახევარი წლით, თუმცა 2005 წლის 30 საექტემბერს ცინცაბაძე ჩამოღრჩობილი იპოვეს. დედამისი კი ვარაუდობს, რომ მისი შვილი მოკლეს. „მასალები იმისა, რომ ჩემმა შვილმა თავი ჩამოიხრჩო, აბსურდულია. დათვალიერების ოქმში ჩანს, რომ წაშლილია, ან საერთოდ არ არსებობდა რაიმე კვალი. როდესაც ხდება თვითმკვლელობა, იქ ცდილობენ, რომ ეს კვალი შეინახონ, რადგან ვინმეს არ დაბრალდეს. ამ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა“, - აცხადებს გარდაცვლილის დედა.

ცინცაბაძე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ოქმი შედგენილია ზედაპირულად. „ოქმში წერია, რომ პატიმარი საკუჭნაო ოთახში შევიდა ფანჯრიდან. თუმცა, მითითებული არ არის ფანჯარა გააღო, ჩაამტვრია, ღია იყო თუ როგორ. დაკითხული არაა ოთახზე პასუხისმგებელი პიროვნება. ანაბეჭდები აღებული არაა ნივთებზე, რომელიც შემთხვევის ადგილას არსებობდა. უფრო მეტიც, სკამები, რომელიც ჩემმა შვილმა გამოიყენა, სამუშაო კაბინეტში გაიტანეს და გამომძიებელს შემდეგ წარუდგინეს; ფეხსაცმელი, რომელიც ჩემს შვილს ეცვა, დათვალიერებისას გახდილი იყო და შემდეგ მოიტანეს“.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის იურისტის  იაგო ბარამიძის განცხადებით, „გამოძიება ზედაპირულადაა ჩატარებული. დარღვევით არის შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. უფრო მეტიც - ანაბეჭდები არ არის აღებული იმ ნივთებიდან, რაც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. გარდაცვალების დრო სხვადასხვაგვარად არის დაფიქსირებული სხვადასხვა მონაცემებში. გამოძიებას ბევრი კითხვა აქვს უპასუხოდ დატოვებული, რაც კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვს, რომ ცინცაბაძე მოკლეს”.

გარდაცვლილს შემოწმებისას აღმოაჩნდა სიგარეტი „ტროიკა“, მწვანე ფერის სანთებელა და ერთი აბი ანალგინი. არაფერია ნათქვამია იმ წერილის არსებობის შესახებ, რომელიც პროზექტურაში მოგვიანებით იპოვეს. „პროზექტურის თანამშრომელი შამილ გუგავა თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ სამაცივრო კამერას თვეში 2-3-ჯერ ალაგებს. ხოლო ჩემი შვილის წერილი თვისა და ცხრა დღის შემდეგ იპოვა. მაშინ, როდესაც გვამი პროზექტურის სამაცივრო განყოფილებაში აბსოლუტურად შიშველი შედის, როგორ მოხვდა სამაცივრო კამერაში ეს წერილი?“ - კითხულობს სვეტა ცინცაბაძე.

წერილს არც კალიგრაფიული და არც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა არ ჩატარებია. ხოლო მობილური ტელეფონი, რომლითაც იგი ოჯახს უკავშირდებოდა არ აღმოაჩნდა.

ცინცაბაძე გამოძიების ტენდენციურად წარმართვაზე საუბრობს. „საქმეში მითითებული არ არის თოკის სიგრძე. ან კიდევ, რატომ ჰქონდა ჩემს შვილს კისერზე სტრანგულაციური ზოლი ქვემოთ“?- კითხულობს შვილმკვდარი დედა, რომლის მისამართითაც გარკვეული მუქარასაც ჰქონდა ადგილი პროკურატურის მხრიდან.


მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები