12:52, Monday, 26.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პრეზიდენტის კანცელარიაში ჟურნალისტთა „შავი სია“ არსებობს

01.05.2006
პრეზიდენტის კანცელარიაში ჟურნალისტთა „შავი სია“  არსებობს


პრეზიდენტის კანცელარიაში რომ ხელისუფლებისთვის მიუღებელ ჟურნალისტთა სიები არსებობს, ამის შესახებ ჟურნალისტებმა დიდი ხანია იციან, თუმცა ამაზე თამამად საუბარს დღემდე ვერავინ ბედავდა. დღეს კი ჟურნალისტებმა ხმა ამოიღეს და პრობლემის შესახებ ალაპარაკდნენ. მათი თქმით, „შავ სიაში“ სწორედ ისინი მოხვდნენ, ვინც ხელისუფლებას ხშირად აკრიტიკებს და ამის გამო ისინი სხვადასხვა მეთოდებით უნდა „გააფუჭონ“.       

„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტმა  ხელისუფლებასთან დაახლოვებული სანდო წყაროსგან „შავი სიის“ შესახებ კონკრეტული ინფორმაციები მიიღო. წყაროს ცნობით, ჟურნალისტების გაფუჭების პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა ჯერჯერობით მას ისეთი მწვევე ხასიათი არა აქვს. ჟერნალისტთა „გაფუჭება“ სხვადასხვა ეტაპებად სხვადასხვა მეთოდებით უნდა მოხდეს. პირველ ეტაპზე კონკრეტულ ჟურნალისტს გაესაუბრებიან და ორივე მხარისთვის მომგებიან წინადადებას შესთავაზებენ. ეს შეიძლება იყოს თანხა ან სხვა მსგავსი სარგებელი. თუ მხარეები შეთანხმდნენ და ჟურნალისტი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობას დასთანხმდა, აგენტურა მასთან მუშაობას წყვეტს. თუმცა, მათი საუბარი და ე.წ. სარგებელის გადაცემა ფარული კამერით დაფიქსირდება და მას საჭირო დროს გამოიყენებენ.

მეორე ფორმის მიხედვით, კონკრეტული პირი  ჟურნალისტის ნდობის მოსაპოვებლად მუშაობს. ამ მიზნის მიღწევის შემდეგ კი ის კონკრეტულ საინფორმაციო საშუალებებს თითქოს ექსკლუზიურ და სკანდალურ, მაგრამ მცდარ ინფორმაციებს აწვდის. ამ ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში საინფორმაციო საშუალებაზე დარტყმა ხორციელდება. ეს შეიძლება იყოს მისთვის რეპუტაციის შელახვა და მოსახლეობის ნდობის დაკარგვა.

შემდეგი ფორმა ჟურნალისტის პირად ცხოვრებას ეხება. კერძოდ, სატელეფონო მოსმენას და ფარული კამერით სხვა პირადული საკითხების გადაღებას.

ასევე ერთ-ერთი საშუალებაა ჟურნალისტის, მისი ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებზე კომპრომატების გავრცელება.

ერთ-ერთი მათგანი, ვინც ამ ინფორმაციის რეალობას ადასტურებს, არის „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი.  მისი თქმით, „მსგავსი ინფორმაცია რამდენიმე წყაროდან მივიღე. როცა ინფორმაციას ერთდროულად რამდენიმე კომპეტენტური ადამიანი გაწვდის, მას არსებობის საფუძველი ნამდვილად აქვს. მაგალითად შემიძლია ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი მოვიყვანო, რომლის დევნა ღიად მიმდიანრეობს. ხელისუფლებამ ამისთვის მედიასაბჭო და ხელისუფლების მხარდამჭერი ჟურნალისტებიც კი გამოიყენა. ამ პოლიტიკას მხარს უჭერს „თავისუფლების ინსტიტუტიც“, რომელიც ჟურნალისტთა დისკრედიტაციას პირდაპირ ცდილობს. ეს აისახა ომბუდსმენის ბოლო ანგარიშშიც, რომლის საბოლოო ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა. ჩემი აზრით, ეს ანგარიში სამარცხვინოა.“

ნანუაშვილი აცხადებს, რომ ჟურნალისტთა „გაფუჭების“ ოპერაცია უკვე დაწყებულია. „ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა ფორმით ჟურნალისტებზე ერთგვარი პროვოკაციები განხორციელდება. შეიძლება, ეს იყოს ფულის შეთავაზება, ან სხვა კომპრომატების შეგროვება. რის შემდეგაც ხელისუფლებას მეტი საშუალება ექნება, მათზე ზეწოლა მოახდინოს. ამ სიაში არასამთავრობოებიც შედიან“, - ამბობს ნანუაშვილი.

პროვოკაციებზე თავად ჟურნალისტებიც საუბრობენ. ერთ-ერთი მათგანი გადაცემა „ობიექტივის“ წარმომადგენელი ია დანელიაა. როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მას გაუპატიურებით დაემუქრნენ: „გადაცემისთვის საგამოძიებო ფილმი მოვამზადეთ. სანამ ის ეთერში გავიდოდა, სამუშაო მაგიდიდან გაქრა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ე.წ. აგენტები ჩვენს „გასაფუჭებლად“ ჩვენს კოლეგებსაც იყენებენ. კასეტა ხომ შინაურმა მოიპარა და არა უცხო პირმა. როგორც ჩანს ის ადრესატამდე მივიდა. ფილმის ნახვის შემდეგ კი შუამავალი გამომიგზავნა და დამემუქრა. მითხრა, თუ არ გაჩერდები გაგაფუჭებო. არ შემშინებია, რადგან რეპუტაცია სუფთა მაქვს. როცა ეს პასუხი შევუთვალე, სხვანაირად დამემუქრა, მითხრა, გაგაუპატიურებ და კასეტას შენს ქმარს ვაჩვენებო. როცა 4 შვილის დედას ასეთ რამეს უთვლიან, ადვილი შესაძლებელია, ეს გააკეთონ კიდეც.“        

მსგავსი არაერთი ფაქტი არსებობს. იგივე კახეთის რეგიონის ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელსაც სახლის ეზოში ხელყუმბარა აუფეთქეს, ანდა გორის რეგიონის ჟურნალისტი, გაზეთ „თრიალეთის“ რედაქტორი თინათინ ვაჩაძე,     რომელსაც რაიონის პროკურორმა გაუპატიურება დაუპირა; გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტი ეკა გულუა, რომელსაც არაერთხელ დაემუქრნენ და რომ არაფერი გაუვიდათ მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი სამსახურადან გაათავისუფლეს; ჟურნალისტ ლუბა ელიაშვილის სახლზე სროლა  და სხვა მრავალი. 
 
ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ დავუჯერებთ, აცხადებენ, რომ  მათ ჟურნალისტთა შავი სიის არსებობის შესახებ არაფერი იციან და ამას სისულელედ თვლიან. საპარლამენტო ოპოზიცია კი მის არსებობას არ გამორიცხავს. ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, თუ დეპუტატთა შავი სიები არსებობს, გასაკვირი არ არის, რომ მსგავსი სია ჟურნალისტებსაც შეეხოთ. „კარგია, ჟურნალისტებმაც იგრძნონ შავი სიის მომენტი. მსგავსი სია პოლიტიკაში კარგა ხანია არსებობს. ალბათ, ხელისუფლება იმდენად შეაწუხეთ, შავი სიების შედგენაც დაიწყეს“, - ამბობს მამუკა კაციტაძე.

შავი სიის არსებობის შესახებ არაფერი იცის სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა და „თავისუფლების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა ლევან რამიშვილმა.

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი კი ირწმუნება, რომ „შავ სიაში“ კახეთის რეგიონიდან მასთან ერთად სხვა ჟურნალისტებიც მოხვდნენ და ახალ პროვოკაციებს ელოდება. მისი თქმით, „რამდენიმე დღის წინ სანდო წყაროსგან ინფორმაცია მივიღე, რომ ამ ჟურნალისტებზე პროვოკაციები ახლო მომავალში განხორციელდება. ჩემი მეგობრებისგან წინასწარ ვიცი, რომ საკმაოდ დიდ თანხას შემომთავაზებენ და მაშინვე დამიჭერენ.“

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC